Ad hoc არბიტრაჟის მოლოდინში

ერთ-ერთი საკითხი, რომლის გარშემოც ხშირად ისმევა კითხვა ბოლო წლების განმავლობაში, არის ad hoc არბიტრაჟი საქართველოში. კითხვები ჩნდება სხვადასხვა განზომილებაში, დაწყებული იქიდან, დაშვებულია თუ არა ad hoc არბიტრაჟი საქართველოში? როგორია სასამართლო პრაქტიკა ad hoc საარბიტრაჟო დათქმებთან დაკავშირებით? დამთავრებული პრაქტიკული საკითხებით: როგორ შედგება ასეთი არბიტრაჟი? ვინ დანიშნავს არბიტრებს თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ? როგორ გადაწყდება სხვა საკითხები: ვადები, არბიტრების აცილება, ა.შ.?

Ad hoc არბიტრაჟი ჩვენი კანონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ამასთან, ეს სიახლეა ქართულ საარბიტრაჟო კანონმდებლობაში, ვინაიდან ამ ცნებას არ იცნობდა წინამორბედი (1997 წლის) კანონი კერძო არბიტრაჟის შესახებ. სწორედ ამიტომ, ქართული არბიტრაჟის ბლოგის პირველი პოსტი ამ საკითხს მინდა დავუთმო.

დასაწყისისთვის განვმარტავ, რას ვგულისხმობთ ad hoc არბიტრაჟში. ამისათვის, ჯერ შევეხოთ არბიტრაჟის იმ ფორმას, რაც უფრო ცნობილია საქართველოში: როდესაც საარბიტრაჟო პროცესი წარიმართება რომელიმე საარბიტრაჟო დაწესებულების საარბიტრაჟო წესების შესაბამისად და ამ ინსტიტუტის ადმინისტრირების ქვეშ (ე.წ. „ინსტიტუციური არბიტრაჟი“). ინსტიტუციური არბიტრაჟისას, საარბიტრაჟო დაწესებულებები, საკუთარი წესების გამოყენების გარდა, მხარეებს სთავაზობენ ამ წესებიდან გამომდინარე სხვადასხვა ფუნქციის (მომსახურების) განხორციელებას, რაც შეიძლება მოიცავდეს სამდივნო მომსახურებას, არბიტრების დანიშვნისა და აცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომსახურებას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური გადახედვის ფუნქციას, საარბიტრაჟო განხილვის ადგილის უზრუნველყოფას, და ა.შ. ეს იგულისხმება ინსტიტუტის მიერ საარბიტრაჟო პროცესის ადმინისტრირებაში.

ინსტიტუციური არბიტრაჟისგან განსხვავებით, ad hoc (ლათინურიდან „კონკრეტული შემთხვევიდან/საჭიროებიდან გამომდინარე“ შექმნილი) არბიტრაჟი წარიმართება  ინსტიტუციური ზედამხედველობის გარეშე.  ასეთ შემთხვევაში მხარეები და/ან ტრიბუნალი თავად აგვარებენ ყველა იმ საჭიროებას და ფუნქციას, რასაც ინსტიტუციური არბიტრაჟის შემთხვევაში ითავსებს საარბიტრაჟო დაწესებულება.

უნდა აღინიშნოს, რომ ad hoc არბიტრაჟს ბევრად ხანგრძლივი ისტორია აქვს, ვინაიდან სწორედ ამგვარი ფორმით მოქმედებდა არბიტრაჟი, როგორც მოვაჭრეების საჭიროებებზე მორგებული დავების გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმი საუკუნეების განმავლობაში. ინსტიტუციური არბიტრაჟი კი დამკვიდრდა უფრო გვიან, როდესაც შეიქმნა ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (LCIA) 1892 წელს, არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლო (PCA) 1899 წელს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლო (ICC) 1923 წელს. თუმცა ისტორიაზე არ შევჩერდები. არბიტრაჟის, მათ შორის ქართული არბიტრაჟის ისტორია ცალკე ბლოგ პოსტის ღირსია. ასევე არ შევჩერდები ინსტიტუციური და ad hoc არბიტრაჟის უპირატესობებისა თუ ნაკლოვანებების აღწერა-შედარებაზე. ეს დაგვაშორებს ამ პოსტის ფოკუსს.

დავუბრუნდეთ კითხვებს, რომლებიც დაისვა დასაწყისში.

დაშვებულია, თუ არა ad hoc არბიტრაჟი საქართველოში?

ამ ეტაპზე ვიმსჯელოთ მხოლოდ საკანონმდებლო დაშვებაზე. 2009 წელს საქართველომ მიიღო ახალი კანონი არბიტრაჟის შესახებ. 2009 წლის კანონი ეფუძნება გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL-ის) მოდელურ კანონს საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ. ეს უკანასკნელი კი, თავისთავად, მორგებულია ad hoc არბიტრაჟზე. თუმცა, 2009 წლის კანონის პირველად რედაქციაში არ იყო ცხადად ნათელი, დაშვებული იყო თუ არა ad hoc არბიტრაჟი. კანონის 2.2-ე მუხლის პირველადი ვერსია ადგენდა შემდეგს: „“ამ კანონის მიზნებისათვის, მხარეთა შეთანხმება მოიცავს იმ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების საარბიტრაჟო წარმოების წესებს, რომელსაც მხარეებმა მიმართეს საარბიტრაჟო დავის გადასაწყვეტად.“ 2015 წლამდე არსებული სასამართლო პრაქტიკაც იმგვარად განვითარდა, რომ არ ცნობდა ad hoc საარბიტრაჟო დათქმებს. არაერთ სასამართლო გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ აუცილებელია კონკრეტული საარბიტრაჟო დაწესებულების მითითება და რომ „ბათილია ის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ მასში მითითებული არბიტრაჟი არც ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და არც იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მისი შინაარსის მიხედვით შესაძლებელი იყოს განსაზღვრა, თუ რომელ კონკრეტულ არბიტრაჟს გულისხმობდნენ მხარეები.“[i]

2015 წელს არბიტრაჟის შესახებ კანონში შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელთა მიზანი იყო კანონის შესაბამისობაში მოყვანა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი მეგობრულად განწყობილი გარემოს შექმნა, კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება, არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობის და პოპულარობის გაზრდისა და მისი განვითარების ხელშეწყობა.[ii] ამ მიზნით, ერთ-ერთი პირველი ცვლილება შეეხო სწორედ ad hoc არბიტრაჟს. ცვლილების შედეგად კანონის 2.2. მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საარბიტრაჟო წარმოების წესებზე. ამ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება მოიცავს საარბიტრაჟო წარმოების იმ წესებს, რომლებზედაც მხარეები საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითებენ. ამასთანავე, მხარეთა შეთანხმება კონკრეტულ საარბიტრაჟო დაწესებულებაზე მოიცავს შეთანხმებას ამავე საარბიტრაჟო დაწესებულების წესებზე.“

იურისტებმა შეიძლება ვიდავოთ, ამ მუხლის განმარტებაზე. ჩემი განმარტება შემდეგია: მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საარბიტრაჟო წარმოების წესებზე. ისინი შეიძლება არც კი შეთანხმდნენ საარბიტრაჟო წარმოების წესებზე. თუკი მხარეები შეთანხმდებიან საარბიტრაჟო წარმოების წესებზე, ეს წესები ხდება მათი შეთანხმების ნაწილი. ამასთან, თუკი მხარეთა შეთანხმება მიუთითებს კონკრეტულ საარბიტრაჟო დაწესებულებაზე, მაშინ მხარეთა შეთანხმება მოიცავს ამავე დაწესებულების საარბიტრაჟო წარმოების წესებსაც. თუმცა, მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება არც კი მოიცავდეს მითითებას საარბიტრაჟო დაწესებულებაზე, ან რომელიმე დაწესებულების წესებზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება იქნება ე.წ. ad hoc არბიტრაჟზე.

ეს განმარტება გამომდინარეობს, ერთი მხრივ, კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან, ისევე როგორც კანონმდებლის მიზნიდან. კანონმდებლის მიზანი კი ცალსახა და მკაფიოა – დაუშვას ad hoc არბიტრაჟის მოქმედება საქართველოში. ეს პირდაპირ არის მითითებული ცვლილებების განმარტებით ბარათშიდაც,[iii] რომლის მიხედვით: „კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მხარეთა უფლებას, მიმართონ მხოლოდ მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, მაშინ როდესაც UNCITRAL-ის მოდელური კანონიდან გამომდინარე, მხარეებს ასევე უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილ (ad hoc) არბიტრაჟსაც. კანონპროეტით ცვლილება შედის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და UNCITRAL-ის მოდელური კანონის მსგავსად, მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილ (ad hoc) არბიტრაჟსაც.“

როგორია სასამართლო პრაქტიკა ad hoc საარბიტრაჟო დათქმებთან დაკავშირებით?

ჩემთვის არ არის ცნობილი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების 2015 წლის შემდგომი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც უშუალოდ ad hoc საარბიტრაჟო დათქმის ნამდვილობას ეხება. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, მოიძიება ორი გადაწყვეტილება, სადაც სასამართლოს წინაშე დადგა საკითხი ad hoc ტრიბუნალის მიერ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ.

პირველი ეხებოდა UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წარმოების წესების მიხედვით (რომელიც კონკრეტულად ad hoc წარმოებისთვის არის შექმნილი) ლონდონში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას.[iv] ამ შემთხვევაში საქმე ვერ მივიდა ცნობა-აღსრულებამდე, რადგან მხარემ შუამდგომლობა გამოიხმო და შესაბამისად ის დარჩა განუხილველი.

მეორე გადაწყვეტილებაც ეხებოდა ლონდონში ad hoc ტრიბუნალის – ერთპიროვნული არბიტრის – მიერ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას.[v] აღნიშნულ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოში ცნობა-აღსრულებაზე, დაადგინა რა რომ სახეზე იყო ნიუ იორკის კონვენციის მე-V მუხლის (1) „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობა (V.1. “გ“: „საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს [….]“). თუმცა, ამავე გადაწყვეტილებაში (23-ე აბზაცი) სასამართლომ იმსჯელა საარბიტრაჟო დათქმის ნამდვილობის შესახებ, და აღნიშნა, რომ დათქმა, რომელიც მიუთითებდა არბიტრაჟზე ლონდონში, ინგლისის სამართლის გამოყენებით (ანუ დათქმა ad hoc არბიტრაჟზე), არ იყო საკმარისად დაკონკრეტებული და შესაბამისად იყო ბათილი. სასამართლომ აღნიშნა: „მხარეებმა გაითვალისწინეს დათქმა, რომელიც, თავის მხრივ, საჭიროებდა დამატებით შეთანხმებას და დაზუსტებას და არ იყო დაკონკრეტებული, ზოგადად, ინგლისური სამართლის გამოყენების გარდა, რომელიმე არბიტრაჟის, ინსტიტუციური თუ კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილი .. adhoc არბიტრის ან სასამართლოს მიერ მოხდებოდა საქმის განხილვა.“ აღსანიშნავია, რომ ad hoc დათქმა, თავისი არსით, მოიაზრებს სწორედ იმას, რომ მხარეები შეიძლება წინასწარ არ შეთანხმდნენ კონკრეტულ არბიტრ(ებ)ზე, და ბუნებრივად, ad hoc არბიტრაჟი მოიაზრებს, რომ ისინი არ თანხმდებიან რომელიმე საარბიტრაჟო დაწესებულების მიერ პროცესის ადმინისტრირებაზე. ისინი შეიძლება შეთანხმდნენ, ე.წ. დამნიშნავ ორგანოზე, თუმცა, ეს მათი დისკრეციაა და შესაძლებელია, არც ამაზე არსებობდეს მხარეთა შეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებაში (21-ე აბზაცი), უზენაესი სასამართლო იშველიებს უზენაესი სასამართლოს 2010 და 2011 წლის გადაწყვეტილებებს (ე.ი. კანონის 2015 წლის ცვლილებებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს), სადაც განმარტებულია, რომ: „შეთანხმებაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული კონკრეტული არბიტრაჟი, რომელიც უფლებამოსილი იქნება განიხილოს და გადაწყვიტოს დავა. ბათილია  საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ მასში მითითებული არბიტრაჟი არც ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და არც იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მისი შინაარსის მიხედვით შესაძლებელი იყოს განსაზღვრა, თუ რომელ კონკრეტულ არბიტრაჟს გულისხმობდნენ მხარეები.“[vi] ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ საქმეში საარბიტრაჟო დათქმის ვიწრო განმარტება და მოთხოვნა რომ საარბიტრაჟო დათქმა ყოფილიყო უფრო დაკონკრეტებული, ძველი პრაქტიკის გადმონაშთია. თუმცა, თუნდაც გადმოყოლილი სასამართლო პრაქტიკა ვერ მოგვცემს სარწმუნოობას და განჭვრეტადობას, რომ ad hoc საარბიტრაჟო დათქმა მიჩნეულ იქნება ნამდვილად. ამდენად, გვჭირდება ახალი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება, ან, უკიდურეს შემხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებება, რათა ამჯერად ცალსახა და არაორაზროვანი იყოს, რომ კანონი აღიარებს ad hoc საარბიტრაჟო დათქმას.

საარბიტრაჟო დაწესებულების გარეშე როგორ შედგება არბიტრაჟი? ვინ დანიშნავს არბიტრებს თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ? როგორ გადაწყდება სხვა საკითხები: ვადები, არბიტრების აცილება, ა.შ.?

ბოლოს მინდა შევეხო პრაქტიკულ საკითხებს, რაც არსებითია ad hoc არბიტრაჟის აღქმის, დაშვებისა და გამოყენებისთვის.  დავუშვათ, მხარეთა შორის არსებობს შემდეგი საარბიტრაჟო დათქმა:

„ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა მხარეებს შორის გადაწყდება არბიტრაჟის მეშვეობით. არბიტრაჟის ადგილი – თბილისი.“

ერთი მხრივ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს ძალზედ მოკლე დათქმაა და არ შეიცავს საკმარის დეტალებს არბიტრაჟის ქმედებაში მოყვანისთვის. სინამდვილეში, ამ დათქმაში არის ორი ელემენტი, რაც სრულიად საკმარისს და ოპერირებადს ხდის  მას: 1. მხარეთა ნება, დავა გადაწყდეს არბიტრაჟის გზით. 2. არბიტრაჟის ადგილი. როგორც კი გვაქვს არბიტრაჟის ადგილი – ავტომატურად ვიცით, რომ ვექცევით იმ ქვეყნის საარბიტრაჟო კანონმდებლობის ფარგლებში, სადაც მხარეებმა „მიაკუთვნეს“/განსაზღვრეს“ არბიტრაჟი. ამას გვეუბნება ჩვენი კანონიც, რომლის 1.1 მუხლში მითითებულია: „ეს კანონი ადგენს საქართველოში არბიტრაჟის შექმნის, საარბიტრაჟო წარმოების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, [..] წესებს.“ მაშასადამე, ვიცით, რომ მოქმედებს საქართველოს კანონი არბიტრაჟის შესახებ.

ისმის კითხვა, ვის უნდა წარუდგინოს და რა ფორმით საარბიტრაჟო სარჩელი? რამდენი არბიტრი უნდა იყოს? როგორ ინიშნებიან ისინი? ყველა ამ კითხვაზე პასუხს გვაძლევს საქართველოს კანონი არბიტრაჟის შესახებ. მაგალითად, საარბიტრაჟო დავის დასაწყებად მოსარჩელემ შესაბამისი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მოპასუხეს (25-ე მუხლი). ხოლო საარბიტრაჟო სარჩელის და შესაგებლის გაცვლა მოხდება 30-ე მუხლით დადგენილი წესით. 10.4 მუხლის მიხედვით, თუკი მხარეები ვერ შეთანხმდნენ, არბიტრთა რაოდენობა იქნება სამი. 11.3(ა) მუხლის თანახმად კი, თუკი რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს, მაშინ არბიტრს დანიშნავს სასამართლო;არბიტრების აცილება კი მოხდება მე-13 მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის წესს, კანონის 24-ე მუხლის თანახმად, დაადგენს უკვე არბიტრაჟი (რომელიც დანიშნული იქნება მხარეების და/ან სასამართლოს მიერ). ამდენად, კანონი იძლევა პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რაც აუცილებელია არბიტრაჟის ფორმირებისა და საარბიტრაჟო წარმოების წამოწყებისთვის. არბიტრაჟის ფორმირების შემდგომ კი, გადაწყვეტილებებს მიიღებს თავად არბიტრაჟი კანონის მოთხოვნათა დაცვით (24-ე მუხლი). ამასთან, კანონი თავადაც ადგენს რიგ დანაწესებს, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი (მაგ, მუხლები 3, 28, მე-VI თავი, ა.შ.). სწორედ კანონის ამგვარი დანაწესები ვიგულისხმე, როდესაც დასაწყისში აღვნიშნე, რომ მოდელური კანონი „მორგებულია ad hoc არბიტრაჟზე“ – მასში (და შესაბამისად ჩვენს კანონში) არის საკმარისი ნორმები იმისათვის, რომ იმოქმედოს ad hoc არბიტრაჟმა. უფრო მეტიც, უმეტეს ქვეყანას, სადაც არბიტრაჟი განვითარებულია, აქვს მსგავსი კანონმდებლობა, რომელიც ქმნის ჩარჩოს ad hoc არბიტრაჟის მოქმედებისთვის.[Vii] მაშასადამე, ამ ჰიპოთეტურ დათქმაში, არბიტრაჟის ადგილად თბილისის ნაცვლად მითითებული რომ ყოფილიყო ლონდონი ან პარიზი, შესაბამისად მოგვიწევდა ინგლისის ან საფრანგეთის საარბიტრაჟო კანონმდებლობაში ჩახედვა (სადაც ასევე აღმოვაჩენდით ნორმებს, რომლებიც დაეხმარებოდა მხარეს/მხარეებს ქმედებაში მოეყვანათ ad hoc საარბიტრაჟო დათქმა).

იმედია გამოიკვეთა დასკვნა, რომ არბიტრაჟის შესახებ საქართველოს  კანონი სრულიად მორგებულია და უშვებს Ad Hoc-არბიტრაჟის მოქმედებას. ახლა დაველოდოთ ისეთი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას, რომელიც წარმოადგენდა 2015 წლის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანს. თუ გაურკვევლობა გაგრძელდა – შესაძლოა ხელახალი საკანონმდებლო ჩარევაც იყოს გამართლებული.

სოფიო ტყემალაძე


[i] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის განჩინება  საქმეზე №ას -1528-1534-2011

[ii] განმარტებითი ბარათი „არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე, რეგისტრაციის ნომერი 07-2/280/8, თარიღი: 10-12-2015 წ., გვ. 1.

[iii] იმავე, იხ. „ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი“, გვ. 1.

[iv] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება  საქმეზე №ას-3573-შ-73-2012

[v] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის განჩინება საქმეზე  №ას-887-შ-21-2016

[vi] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის განჩინება  საქმეზე №ას-1528-1534-2011

[Vii] მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშეიძლება მოიძებნოს, მათ შორისაა ჩინეთი, რომელთა საარბიტრაჟო კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს ad hoc საარბიტრაჟო დათქმებს.

One thought on “Ad hoc არბიტრაჟის მოლოდინში

  • დიდი მადლობა სოფიო ტყემალაძეს. ძალიან აქტუალური საკითხია. სრულად ვეთანხმები ავტორს, რომ 2015 წლის საკანონმდებლო ცვლილება სწორედ ad hoc არბიტრაჟის აღქმისათვის გაკეთდა, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებას „მარილი” აკლია, რადგანაც თავად ცვლილება გამოვიდა ცოტათი ხარვეზიანი – კანონმდებელი მოერიდა „ad hoc არბიტრაჟის” მითითებას და მხოლოდ პროფესიონალებმა ვიცით, ამ სფეროში კარგად ჩახედულმა არც თუ დიდმა აუდიტორიამ, რომ ეს ცვლილება სწორედ ad hoc არბიტრაჟისათვის განხორციელდა. სწორედ ამიტომ აუცილებელია კანონში, ტერმინთა განმარტებაში, დაფიქსირდეს ad hoc არბიტრაჟის დეფინიცია. ამჟამად ვმუშაობ „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე გადამუშავებულ გამოცემაზე და ეს საკითხი წინა პლანზე მაქვს წამოწეული.
    ავტორის მიერ მოყვანილი უზენაესი სასამართლოს განჩინება პირდაპირ შეიძლება ითქვას, სამარცხვინო ლაქაა სასამართლო პრაქტიკისათვის, რადგანაც ინგლისის მართლმსაჯულების უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული ad hoc არბიტრაჟის კომპეტენცია არ ცნო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და მიუხედავად მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული დიდი ბრიტანეთის სამართლის გამოყენებისა, იხელმძღვანელა საქართველოს სამართალით და თან, 2015 წლის საკანონმდებლო ცვლილების, რომელიც როგორც სავსებით სწორად იქნა აღნიშნული სოფიო ტყემალაძის მიერ, სწორედ ad hoc არბიტრაჟის სწორად აღქმისათვის განხორციელდა.
    იმედს ვიტოვებ, რომ ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირების შემდეგ (პანდემიურ პროცესს ვგულისხმობ) საარბიტრაჟო აქტიურობა განახლდება და აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად სასამართლო კორპუსს სწორი ინტერპრეტაციის აუცილებლობაზე მიეთითება შესაბამისო ფორმით.

    გიორგი თითბერიძე
    დიდი ბრიტანეთის არბიტრთა სამეფო ინსტიტუტის წევრი

Leave a Reply

Leave a Reply to გიორგი თითბერიძე Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *