ელექტრონული (დისტანციური) არბიტრაჟის პერსპექტივა საქართველოში

ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ანიმაციურ ფილმში – რატატუი (Ratatouille), გურმანი ანტონ ეგო, რესტორნის შესაფასებლად უკვეთავს ახალ, კარგად შეკაზმულ „პერსპექტივებს“, რაც სხვა გარემოებებთან ერთად,  საბოლოოდ რესტორნის მეტაფორმორფოზის საფუძველი გახდა. ხშირად, სწორედ   ასეთი  “გამოცდა”  უყრის  საფუძველს  მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. საქართველოში,  ასეთი ცვლილების „შეკვეთა“ ელექტრონული არბიტრაჟის მიმართ, COVID 19-ის გავრცელებამ მოიტანა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების საფუძველზე, სხვადასვა ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის არბიტრაჟისა და მედიაციის წარმართვა, საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე, დაიშვა მხოლოდ დისტანციური ფორმით.[i] ამან, თავისთავად, წარმოშვა მთელი რიგი სამართლებრივი და პრაქტიკული კითხვები, საარბიტრაჟო განხილვის ყველა ეტაპთან დაკავშირებით, როგორიცაა:  1) შესაძლებელია მხარეებმა ელექტრონულად  გააფორმონ საარბიტრაჟო შეთნხმება? 2) როგორ წარიმართება საარბიტრაჟო განხილვა ელექტრონულად? 3) ელექტრონული საარბიტრაჟო განხილვის დროს რომელია საარბიტრაჟო განხილვის ადგილი? 4) დაშვებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ელექტრონულად გამოტანა საქართველოში? 5) შეუძლია მხარეს ელექტრონულად მოითხოვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება საქართველოში?  ეს არის ის კითხვები, რასაც შევეცდები მოკლედ გავცე პასუხი ქვემოთ.

1. შესაძლებელია, თუ არა,  მხარეებმა ელექტრონულად  გააფორმონ საარბიტრაჟო შეთანხმება ?

არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში ასევე „კანონი“) 8.5 მუხლის თანახმად   იურიდიულ პირებს შორის საარბიტრაჟო შეთანხმება შესაძლებელია დაიდოს „ელექტრონული შეტყობინების“ მეშვეობით, რომელიც ამავე კანონის 2.1 (ბ) მუხლში განმარტებულია როგორც „ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ საინფორმაციო შეტყობინების სახით“. თავის მხრივ, საინფორმაციო შეტყობინება განმარტებულია როგორც ინფორმაცია, რაც „მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით“. შესაბამისად, იურიდიული პირების შემთხვევაში, მათ ელექტრონულად,  მათ შორის ელექტრონული ფოსტითაც, შეუძლიათ დადონ საარბიტრაჟო შეთანხმება. თუმცა, კანონი გამკაცრებულ მოთხოვნას აწესებს ფიზიკური პირისა და ადმინისტრაციული ორგანოს  მიერ დადებული საარბიტრაჟო შეთანხმების მიმართ და 8.8 მუხლით კრძალავს ასეთი სუბიექტების მიერ „ელექტრონული შეტყობინების“ საფუძველზე საარბიტრაჟო შეთანხმების დადებას, და დამატებით, მოითხოვს შეთანხმების ხელმოწერას.[ii]

მიუხედავად ამისა, ისმის კითხვა, რამდენად დაშვებულია ფიზიკური პირის/ადმ. ორგანოს  მიერ საარბიტრაჟო შეთანხმების „კვალიფიციური  ელექტრონული ხელმოწერის“ მეშვეობით დადება?  კვალიფიციური ელ. ხელმოწერის შემთხვევაში, უფრო მეტად გარანტირებულია პირის იდენტიფიკაცია და მისი ხელმოწერის სანდოობა, რადგან საქართველოში, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას ესაჭირეობა სპეციალური პროგრამის-წამკითხველისა და ID ბარათის გამოყენება შესაბამისი ინდივიდუალური კოდის მეშვეობით. სწორედ ამიტომ, ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით[iii], ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.   ამავე კანონის მიხედვით,  ელექტრონული დოკუმენტი  განმარტებულია როგორც ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა[iv]; ხოლო ელექტრონული ხელმოწერა, როგორც: ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება“. თავის მხრივ, იმავე კანონი განმარტავს კვალიფიციურ ელ. ხელმოწერას, რომელიც წარმოადგენს უფრო მეტი გარანტიების შემცველ ელ. ხელმოწერას (მაგ. იგი მხოლოდ ხელმომწერთანაა დაკავშირებული, მისი მეშვეობით ხელმომწერის დადგენაა შესაძლებელი და სხვა).[v]

მიუხედავად ამისა, რადგან ელექტრონულ დოკუმეტზე განხორციელებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა „შენახულია“ ელექტრონული საშუალებით, და მისი ორმხრივი ხელმოწერისათვის აუცილებელია მისი „გაცვლა/გაგზავნა“ მეორე მხარისადმი, რათა მანაც  ელექტრონულად მოაწეროს ხელი ამ ელექტრონულ დოკუმენტს,  აღნიშნული ქმედებები შეიძლება გაუთანაბრდეს  არბიტრაჟის შესახებ კანონის მიერ განმარტებულ „ელექტრონულ შეტყობინებას“, რაც  ექცევა  კანონის 8.8 მუხლით გათვალისწინებულ აკრძალვაში; ე.ი. ფიზიკური პირებისა და ადმინისტრაციული ორგანოების შემთხვევაში, არსებული რეგულაციის პირდაპირი, სიტყვა-სიტყვითი განმარტებით, არის რისკი, რომ დაუშვებელად იქნას მიჩნეული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერითაც საარბიტრაჟო დათქმის შედგენა.

ჩემი აზრით, უნდა გამოვიდეთ კანონმდებლის დანაწესის მიზნიდან და ფიზიკური პირებიც და ადმინისტრაციული ორგანოებიც უნდა  იყვნენ უფლებამოსილნი დადონ საარბიტრაჟო შეთანხმება ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური  „ელექტრონული ხელმოწერის“ მეშვეობით. „ელექტრონული შეტყობინებით“ საარბიტრაჟო დათქმის დადების ამკრძალავი  ნორმის მიზანი  ფიზიკური პირისა და ადმინისტრაციულ ორგანოს ნების განსაზღვრულობაში/სარწმუნოობაში დადასტურებაა, ხოლო კვალიფიციური ელ. ხელმოწერა, თავისი ხელმოწერის თავისებურებების გათვალისწინებით, სწორედ ამას განაპირობებს და სანდოს ხდის ელ. ხელმოწერას, იმაზე მეტად, ვიდრე მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერაა.  სწორედ ამიტომ, მართალია  გერმანიაში[vi], ესტონეთში[vii], ლატვიაში[viii], და სხვა ქვეყნებში,  მომხმარებლის/ფიზიკური პირის შემთხვევაში დადგენილია საარბიტრაჟო შეთანხმებაზე დოკუმენტურად ხელის მოწერის ვალდებულება, იქაური კანონმდებლობით პირდაპირ დაშვებულია ამ პირთა მიერ  საარბიტრაჟო შეთანხმების ელ. ხელმოწერითაც  დადება. მიზანშეწონილია, ამ ქვეყნების მსგავსად,   არბიტრაჟის შესახებ კანონის ხარვეზი გამოსწორდეს, და გათვალისწინებულ იქნეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით საარბიტრაჟო შეთანხმების დადების შესაძლებლობაც.

2. როგორ წარიმართება საარბიტრაჟო განხილვა ელექტრონულად?

არბიტრაჟში მხარეთა კერძო ავტონომიის ფარგლები ფართოა, რისი გამოძახილიცაა არბიტრაჟის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლები (მაგ. 24.1 მუხლი – მხარეთა შეთანხმებით საარბიტრაჟო განხილვის წესების განსაზღვრა; მუხლი 25.1 -საარბიტრაჟო განხილვის ადგილის გათვალისწინება; მუხლი 27- შეტყობინების ჩაბარების პროცედურის შეთანხმება; მუხლი 32.1 საარბიტრაჟო განხილვის ფორმის  განსაზღვრის უფლებამოსილება მხარეების მეირ, და ა.შ.). შესაბამისად, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, რაც არამხოლოდ საარბიტრაჟო დათქმაშივე, არამედ მხარეთა მიერ  განსაზღვრულ საარბიტრაჟო ინსტიტუტის წესებშიც შეიძლება იყოს გამოხატული, სავსებით დაშვებულია საარბიტრაჟო განხილვის ელექტრონული წარმოება, რაც მოიაზრებს არამარტო განხილვების ელექტრონული კომუნიკაციით წარმართვას, არამედ მტკიცებულებების/დოკუმენტების, საარბიტრაჟო სარჩელისა და შესაგებლის ელექტრონულად გაცვლას. თუმცა,  აღსანიშნავია, რომ არბიტრაჟი თვითონაც არის უფლებამოსილი (თუ მხარეები საწინააღდეგოზე არ არიან შეთანხმებულნი) გადაწყვიტოს საარბიტრაჟო განხილვის ელექტრონულად წარმოება, რადგან ასეთ უფლებამოსილებას მას ანიჭებს არბიტრაჟის შესახებ კანონი[ix], და ამას ითვალისწინებს ბევრი საარბიტრაჟო ინსტიტუტების წესებიც.[x]  

ზოგიერთ საარბიტრაჟო ინსტიტუტს ცალკე აქვს შექმნილი დოკუმენტბრუნვისათვის სპეციალური პროგრამა. მაგალითად,  ტრანსპორტისა და საზვაო როტერდამ-ამსტერდამის საარბიტრაჟო ინსტიტუტი (TAMARA) ერთ-ერთი პირველი საარბიტრაჟო ინსტიტუტია, რომელმაც ელექტრონული არბიტრაჟის წარმართვა დაიწყო და მისი წესები ითვალისწინებს სისტემაში დოკუმენტების ატვირთვას.  საქართველოშიც, მაგალითად,  დავების განხილვის ცენტრს (DRC), ცალკე აქვს მიღებული სპეციალური წესები ელექტრონული საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით და იყენებს ელექტრონული საქმის წარმოების სისტემას;  ასევე, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრსაც (GIAC) აქვს მიღებული დისტანციური საარბიტრაჟო განხილვის პროტოკოლი, რომელიც არეგულირებს ელექტრონულად არბიტრაჟის წარმართვას.   შესაბამისად, მხარეთა შეთანხმების ან/და საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, ასეთი რესურსის არსებობისას, საარბიტრაჟო განხილვა, სრულიად ელექტრონულად, დისტანციურად წარიმართოს.

3. ელექტრონული საარბიტრაჟო განხილვის დროს  საარბიტრაჟო განხილვის ადგილი

ის, თუ სად არის საარბიტრაჟო განხილვის ადგილი, განაპირობებს სხვადასხვა  სამართლებრივი შედეგების დადგომას; მაგალითად, კანონის მიხედვით, საარბიტრაჟო განხილვის ადგილის მიხედვით დგინდება, თუ რომელი სასამართლოს განსჯადია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება; ასევე, ადგილის მიხედვით დგინდება ის განსჯადი სასამართლო, რომელიც უფლებამოსილია, კანონის ფარგლებში დაეხმაროს მხარეებს საარბიტრაჟო განხილვის განგრძობადობის უზრუნველყოფაში (მაგალითად, როდესაც საჭირო ხდება სასამართლოს მეშვეობით არბიტრის დანიშვნა, ან აცილება და სხვა). ვინაიდან, ელექტრონულად ჩატარებულ არბიტრაჟს არ ახასიათებს კონკრეტულ ფიზიკურ ადგილთან მიჯაჭვულობა (მხარეები და არბიტრები შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაერთონ), შესაძლებელია, დაისვას კითხვა,  სად არის საარბიტრაჟო განხილვის ადგილი და როგორ განისაზღვრება იგი?

ამ კითხვაზე პასუხი შემდეგია: საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არ მოიაზრებს (მხოლოდ) „ფიზიკურ ადგილმდებარეობას“, და მისი  განსაზღვრა არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადგილზე „ფიზიკურად“ უნდა ჩატარდეს განხილვა; „საარბიტრაჟო განხილვის ადგილი“ წარმოადგენს უფრო „სამართლებრივ კონცეფციას“ და იწვევს იმ შედეგებს, რაც ამ მე-3 ნაწილის პირველ აბზაცშია მითითებული. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, საარბიტრაჟო განხილვის ადგილად  თბილისი იქნეს განსაზღვრული, და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მხარეები სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ განხილვისას.  სწორედ ამ მოსაზრებას იზიარებს კანონი, რომლის მიხედვითაც „არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“[xi]  ამდენად, დისტანციურად არბიტრაჟის წარმართვა არ ცვლის არბიტრაჟის სამართლებრივ ადგილს.

4. დაშვებულია, თუ არა საქართველოში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ელექტრონულად გამოტანა?

კანონის  39.2 მუხლის მიხედვით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „წერილობით“ უნდა იქნეს გამოტანილი და „ხელმოწერილი“ არბიტრების მიერ. თუმცა,  იქედან გამომდინარე, რომ „ელექტრონული შეტყობინებით“ საარბიტრაჟო შეთანხმების დადების ამკრძალავი ნორმის მსგავსად, არბიტრაჟის შესახებ კანონი არ შეიცავს სპეციალურ ამკრძალავ მითითებას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების „ელექტრონული დოკუმენტის“ სახით გამოტანის თაობაზე, ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე (რომლის თანახმადაც საწინააღმდეგო საკანონმდებლო მითითების გარეშე, ელ-დოკუმენტი უთანაბრდება მატერიალურ წერილობით დოკუმენტს)[xii], საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წერილობითი ფორმა დაცული იქნება მაშინაც, როდესაც იგი გამოტანილია ელექტრონული დოკუმენტის სახით. რაც შეეხება არბიტრთა ხელმოწერებს, ელ. დოკუმენტის მსგავსად, არბიტრაჟის შესახებ კანონი პირდაპირ არც არბიტრთა  კვალიფიციურ ელექტრონული ხელმოწერას კრძალავს; იგი მხოლოდ უთითებს, რომ „მას ხელი უნდა მოაწეროს (მოაწერონ) არბიტრმა (არბიტრებმა)“[xiii] შესაბამისად, საქართველოში დაშვებულია ელექტრონული დოკუმენტის საშუალებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების  გამოტანა და მასზე  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა, პირდაპირ ითვალისწინებას ამას, რათა არ წარმოშვას ორაზროვნება. მაგალითად, ნიდერლანდების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2015 წელს განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პირდაპირ ჩაიწერა ნიდერლანდების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომ არბიტრები უფლებამოსილნი არიან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობითაც გამოიტანონ.[xiv]  აღნიშნული ცვლილების მიზანი, მათ შორის  ის იყო, რომ არბიტრებს უფრო მეტი სამართლებრივი დასაყრდენი ჰქონოდათ ელექტრონული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოსატანად. კერძოდ, ყოველი არბიტრის მოვალეობას წარმოადგენს, გამოსცეს არა უბრალოდ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, არამედ „აღსრულებადი“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ხოლო გაურკვეველ, განუჭვრეტად სამართლებრივ რეჟიმში, არბიტრები თავს შეიკავებენ ისეთ სამართლებრივ რისკზე წასვლისაკენ, რომელმაც შესაძლებელია მათ მიერ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება ან ცნობა/აღსრულებაზე უარის თქმა გამოიწვიოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმის დაუცველობის გამო. ამიტომ, სიცხადისა და განჭვრეტადობისათვის, უმჯობესი იქნება,  თუ საქართველოშიდაც, კანონი პირდაპირ გაითვალისწინებს ნორმას, ელ. ხელმოწერის საშუალებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის დასაშვებობის შესახებ.  

თუმცა, არის ქვეყნები, სადაც საქართველოს მსგავსად, კანონმდებლობით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ელექტრონული ხელმოწერითა და ელექტრონული დოკუმენტის მეშვეობით გამოტანა, თუმცა პრაქტიკაში ეს დაშვებულია. მაგალითად, ესტონეთში, ამკრძალავი ნორმის არარსებობისა და მატერიალურ დოკუმენტის ელექტრონულთან გამათანაბრებელი ზოგადი  ნორმის საფუძველზე (ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ კანონის მსგავსად), მიჩნეულია, რომ შესაძლებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ელეტრონულად გამოტანა. სწორედ ამის საფუძველზე,  ესტონეთში მოქმედი ესტონეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან არსებული  საარბიტრაჟო ინსტიტუტის წესების 31.2-31.4 მუხლებით დადგენილია, რომ  არბიტრები უფლებამოსილნი არიან ელექტრონულადაც გამოიტანონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (გარკვეული გამონაკლისების გარდა; მაგ. თუ მხარეები საწინააღმდეგოზე შეთანხმდებიან).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დაშვებულია ელექტრონული დოკუმენტის მეშვეობით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა და მისი ხელმოწერაც. თუმცა, ელექტრონული არბიტრაჟის წახალისებისა და ყოველგვარი ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესი იქნება, რომ ეს პირდაპირ იქნას გათვალისწინებული არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით. პირდაპირი საკანონმდებლო დაშვების არარსებობის პირობებში კი, უპრიანია, ეს შესაძლებლობა პირდაპირ იქნას გათვალისწინებული იმ საარბიტრაჟო წარმოების წესებით, რომლებზეც მხარეები შეთანხმდებიან.

5. შეუძლია, თუ არა  მხარეს, ელექტრონულად მოითხოვოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება საქართველოში? 

კანონის 44.2 მუხლის მიხედვით, რომელიც უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღრულების თაობაზე გაეროს 1958 წლის კონვენციას ეფუძნება,  მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თაობაზე (როგორც უცხოური, ისე საქართველოში გამოტანილი),  სასამართლოს უნდა წარუდგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო შეთანხმების  შესაბამისი დედანი, ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.  შესაბამისად, ისმის კითხვა, შესაძლებელია, თუ არა, როგორც სამართლებრივად, ისე პრაქტიკულად, საქართველოში  საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა აღსრულება ელექტრონულად?

 სამართლებრივი დაშვება:   ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალს წარმოადგენს.[xv] შესაბამამისად, იმ შემთხვევაში, თუ მხარე, ქართულ სასამართლოს წარუდგენს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით შესრულებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ან/და საარბიტრაჟო შეთანხმებას „ელექტრონული დოკუმენტის“ სახით, უნდა ჩაითვალოს, რომ წარდგენილ იქნა მათი ორიგინალი ვერსიები და შესაბამისად, სასამართლომ უნდა მიიღოს ამ ფორმით წარდგენილი დოკუმენტები. ამასთანავე, ამავე კანონის 3.6 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია [….] „სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის ელექტრონული ფორმითაა წარდგენილი, თუმცა ეს არ გამორიცხავს ელექტრონული დოკუმენტის შესაბამის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ ის აღნიშნული წარმოებისათვის დადგენილ წესებს არ აკმაყოფილებს“.

პრაქტიკული განხორციელება: იმისათვის, რომ ელექტრონული/დისტანციური არბიტრაჟი ეფექტიანი და სრულად მოქმედი გახდეს, მნიშვნელოვანია, არამარტო მხარეთა და საარბიტრაჟო ინსტიტუტების, არამედ სასამართლოს შემთხვევაშიდაც, შესაძლებელი იყოს ელექტრონული სამართალწარმოება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელექტრონული სამართალწარმოება სიახლე არ არის. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, გადახდისუუანარობის პროცესი ელექტრონული სისტემით იმართება, სადაც განმცხადებელიც ელექტრონულად წარადგენს  განცხადებას.[xvi]   აღნიშნულისათვის გამოიყენება ვებ-საიტი ecourt.ge. ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილია საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმის წარმოების ზოგადი წესები. თუმცა, ელექტრონული საქმის წარმოების  სერვისით მომსახურება, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ფასიანია. აღნიშნულ სისტემაში,  ნებისმიერი სარჩელის, განცხადების ან შუამდგომლობის წარდგენაა შესაძლებელი, თუ იგი ხელმოწერილია ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ  საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერ საქმეზე, ecourt.ge-ს მეშვეობით სარჩელის/განჩხადების/შუამდგომლობის წარდგენა უფასოდ დაიშვა ნებისმიერი პირისათვის.   

შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაც ელექტრონულად იქნეს მოთხოვნილი ecourt.ge-ს მეშვეობით.  თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიდაც, უმჯობესი იქნება არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, არამედ საკანონმდებლო ნორმითაც განმტკიცდეს საარბიტრაჟო საკითხებთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას   ელექტრონული სისტემის გამოყენების შესაძლებლობა (ისევე, როგორც ამას გადახდისუუნარობის შესახებ კანონი უშვებს, თუმცა არა ექსკლუზიურად), რაც  უფრო მეტად განჭვრეტადს და დაცულს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების ელექტრონულად წარმართვას.

დასკვნა:  ისევ რატატუის რომ დავუბრუნდეთ და შეფ-მზარეული გუსტოს ციტატა მცირედით შევცვალოთ, [საქართველოში] „Anyone can arbitrate“, ფიზიკური ადგილმდებარეობის მიუხედავად. თუმცა, როგორც ბლოგპოსტში განხილული საკითხებიდან ჩანს, მართალია, საქართველოში არბიტრაჟის ელექტრონული წარმოება სრულიად შესაძლებელია (საარბიტრაჟო ინსტიტუტების დონეზე), იმისათვის, რომ იგი უფრო ეფექტიანი გახდეს, უმჯობესია   ამ ახალი „პერსპექტივის“ ბოლომდე გამოყენება, რისთვისაც საჭიროა,  ერთი მხრივ, არბიტრაჟის შესახებ კანონით საარბიტრაჟო შეთანხმების კვალიფიციური ელ. ხელმოწერით დადების ნათლად დაშვება (ფიზიკური პირებისა და ადმინისტრაციული ორგანოების შემთხვევაში) და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ელ. დოკუმენტის მეშვეობით გამოტანისა და  მასზე კვალიფიციური ელ. ხელმოწერის განხორციელების  შესაძლებლობაზე პირდაპირ მითითება, ხოლო, მეორე მხრივ, ელექტრონული სამართალწარმოების ნაწილში, ასეთი შესაძლებლობის საკანონმდებლო საფუძვლის გათვალისწინება. 

გიორგი კეკენაძე


[i] საქართველოს მთავრობის №181-ე დადგენილების (საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ) დანართი №2.

[ii] არბიტრაჟის შესახებ კანონი,  მუხლი 8.8 ; ასევე, იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე  №2ბ/3594-15.

[iii] ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართთველოს კანონი, მუხლი 4.2.

[iv] იმავე, მუხლი 2.ა.

[v] ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართთველოს კანონი, მუხლები 2(ლ) და 2(მ).

[vi] გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 131.5.

[vii] ლატვიის არბიტრაჟის შესახებ კანონი, მუხლი 12.2.

[viii] ესტონეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 719.

[ix] აშკ, მუხლი 24.2 ანიჭებს უფლებამოსილებას არბიტრაჟს, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო განხილვა აწარმოოს მის მიერ დადგენილი წესებით; ამასთანავე, არბიტრაჟის ფართ დისკრეციას ამ მხრივ ითვალისწინებენ საარბიტრაჟო ინსტიტუტის წესებიც.

[x] მაგ. იხილეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წესები, მუხლი 5.4: „მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გადაწყვიტოს დავა ზეპირი მოსმენისა და მოწმეთა და/ან ექსპერტთა დაკითქვის გარეშე მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. ზეპირი მოსმენის ჩანიშვნის შემთხვევაში იგი შეიძლება გაიმართოს უშუალოდ ან სხვადასხვა ელექტრონული ტელეკომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად.

[xi] არბიტრაჟის შესახებ კანონი, მუხლი 25.2.

[xii] ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართთველოს კანონი, მუხლი 4.2.

[xiii] არბიტრაჟის შესახებ კანონი, მუხლი 39.2, მეორე წინადადება.

[xiv] ნიდერლანდების სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 1072.b(3)

[xv] ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართთველოს კანონი, მუხლი 4.1.

[xvi] გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონი, მუხლები 31; 14.4.

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *