არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) მიღების შემდგომ,[1] კანონში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელთა მიზანიც, არბიტრაჟის, როგორც ინსტიტუტის განვითარება, მისდამი „მეგობრული განწყობის“ შექმნა და კანონის UNCITRAL-ის[2] მიერ მიღებულ საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მოდელურ კანონთან (შემდგომში „მოდელური კანონი“) შესაბამისობაში მოყვანა იყო.[3]
საქართველოს მსგავსად, მრავალი ქვეყანა აფუძნებს არბიტრაჟის მარეგულირებელ კანონმდებლობას მოდელურ კანონს.[4] თუმცა, ქვეყნები უფრო შორსაც მიდიან და „არბიტრაჟისადმი მეგობრული დამოკიდებულების“ მქონე ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, ან ამ სტატუსის გასამტკიცებლად, ერთმანეთს ეცილებიან, მათ შორის ინოვაციური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით, ან არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, კანონმდებლობის დაზუსტებით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანის კანონმდებლობა, განსხვავებულად არეგულირებს საერთაშორისო და „ეროვნულ“ არბიტრაჟს და საერთაშორისო არბიტრაჟის შემთხვევაში, ნაკლებად შემზღუდავ ნორმებს ადგენს.
ამ ბლოგპოსტის მიზანია, შეჯამდეს ბოლო წლებში არბიტრაჟისადმი მეგობრული დამოკიდებულების სტატუსის მქონე ქვეყნებში განხორციელებული საკანონმდელო ცვლილებები. კერძოდ, ბლოგპოსტის მოცულობის შეზღუდვის გათვალისწინებით, განხილული იქნება მხოლოდ 3 შემთხვევა: 1) შვეიცარია – ფედერალურ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ (PILA) კანონში განხორციელებული ცვლილებები; 2) სინგაპური – საერთაშორისო არბიტრაჟის და არბიტრაჟის შესახებ კანონებში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავების არბიტრაჟუნარიანობის განსხვავებული რეგულირება; 3) შვედეთი – არბიტრაჟის შესახებ კანონში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები.
სამივე ქვეყნის დედაქალაქი (ჟენევა, სინგაპური, სტოკჰოლმი) წარმოადგენს საერთაშორისო არბიტრაჟში, მხარეთა შორის „რჩეულ“ (most preferred) საარბიტრაჟო განხილვის ადგილს[5]. აქვე დავაზუსტებ, რომ მოცემული ბლოგპოსტი არ ისახავს მიზნად საქართველოს კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილებების ან „სამართლებრივი ტრანსპლანტების“ ადვოკატირებას; შვეიცარიის, სინგაპურის და შვედეთის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, წინ უძღოდა საფუძვლიანი განხილვები, მათთან არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, ის, თუ რა ცვლილება შეიძლება იყოს განხორციელებული არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონში, ან უნდა განხორციელდეს თუ არა იგი, ცალკე განხილვის საგანია და საჭიროებს დეტალურ შეფასებას.
1. ცვლილებები შვეიცარიიის ფედერალურ კანონში საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ (PILA)უდავოა, რომ შვეიცარია ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელიც არბიტრაჟისადმი „მეგობრული დამოკიდებულებით“ გამოირჩევა. ასეთი დამოკიდებულება განმტკიცებულია არამარტო შვეიცარიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს პროგრესული პრაქტიკით, არამედ, განსხვავებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, რაც (მხოლოდ) საერთაშორისო არბიტრაჟის შემთხვევაში (მაგ. როდესაც საარბიტრაჟო დათქმის ხელმოწერისას, ერთ-ერთ მხარეს ადგილსამყოფელი უცხოეთში აქვს), შვეიცარიის ფედერალური საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ (PILA) კანონითაა დარეგულირებული.
2020 წლის 19 ივნისს[6], შვეიცარიამ, ცვლილებები შეიტანა ზემოაღნიშნულ კანონში, ერთი მხრივ, ფედერალური უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი პრაქტიკის საკანონმდებლო სახით გასამყარებლად, ხოლო, მეორე მხრივ, კანონით აქამდე დაურეგულირებელი საკითხების მოსაწესრიგებლად. ცვლილებები 2021 წელს ამოქმედდება. ამ ცვლილებებიდან, ყურადსაღებია შემდეგი:
- გაუქმების შესახებ განცხადების ინგლისურად წარდგენის შესაძლებლობა:
ცვლილების შედეგად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განცხადება შვეიცარიის სასამართლოში ინგლისურ ენაზე შეიძლება იქნას შეტანილი, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური არ წარმოადგენს შვეიცარიის ოფიციალურ (სახელმწიფო) ენას. ეს ცვლილება მიზნად ისახავს მხარეებისათვის სამართალწარმოების პროცესის გამარტივებას და მათთვის დოკუმენტების თარგმანსა და დამოწმებასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ხარჯების თავიდან არიდებას; ამგვარად, ასევე – სამართალწარმოების დაჩქარებას. ეს თავისთავად მოიაზრებს ისეთი სასამართლო კორპუსის არსებობას, რომელსაც შეუძლია ინგლისური დოკუმენტების განხილვა.
*აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62.4 მუხლის საფუძველზე (სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე), რამდენადაც მიმზიდველი არ უნდა იყოს მოცემული რეგულაცია, საქართველოში, კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, ვერ იქნება მიღებული მსგავსი ნორმა.
- საერთაშორისო არბიტრაჟის შემთხვევაში, შვეიცარიის სასამართლოების დახმარება
მტკიცებულების მოპოვებასა და უნზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაში:
ცვლილებებით, პირდაპირ დაზუსტდა, რომ მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ არბიტრაჟი საერთაშორისოა, შეუძლია მიმართოს შვეიცარიის სასამართლოებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის, ან მტკიცებულების მოპოვებაში დახმარებისათვის.
*აღსანიშნავია, რომ არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23.2 მუხლი უკვე ითვალისწინებს[7], რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად, მხარეს შეუძლია მიმართოს ქართულ სასამართლოებს მაშინაც, როდესაც საარბიტრაჟო განხილვის ადგილი უცხოეთია. თუმცა, მტკიცებულების მოპოვებაში დახმარების მარეგულირებელ მუხლში, ასეთი შესაძლებლობა არ არის გათვალისწინებული.[8]
- ახლად აღმოჩენილი გარემოებები:
კანონში დაზუსტდა, რომ შესაძლებელია, გარკვეული ახლად აღმოჩენილი გარემოებების შემთხვევაში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთი საფუძვლებია: ა) საქმისათვის არსებითი გარემოებების/მტკიცებულებების აღმოჩენა; ბ) არბიტრის აცილების ახალი საფუძვლის აღმოჩენა, საარბიტრაჟო პროცედურების დასრულების შემდგომ; გ) სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენა, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედეგზე. თუმცა, მხარეებმა, საერთაშორისო არბიტრაჟის შემთხევაში, შესაძლებელია („გ“ პუნქტში მითითებული გარემეობის გარდა) დათმონ, ე.ი. უარი თქვან, აღნიშნული საფუძვლებზე შედავების უფლებაზე.
- სხვა ცვლილებები:
ზემოაღნიშნულთან ერთად, დაზუსტდა საერთაშორისო არბიტრაჟის შემთხვევაში კანონის გავრცელების ფარგლები, საარბიტრაჟო შეთანხმების ფორმა (კანონით განისაზღვრა, რომ საარბიტრაჟო დათქმა, შესაძლებელია ისეთ ცალმხრივ/მრავალმხრივ გარიგებებშიც იყოს მოცემული, როგორიცაა ანდერძი, კომპანიის წესდება ა.შ) და ორზე მეტი მხარის არსებობის შემთხვევაში, არბიტრების დანიშვნის პროცედურა (მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში); ბოლოს, ცვლილება ასევე ითვალისწინებს უფლებაზე უარის თქმის პრინციპს, რომლის ანალოგიაც ჩვენი კანონის 31-ე მუხლშია გათვალისწინებული.
სინგაპურშიც, საქართველოსაგან განსხვავებით, ცალკე კანონით რეგულირდება საერთაშორისო არბიტრაჟი (სინგაპურის საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ კანონით) და „ეროვნული“ (domestic) არბიტრაჟი (არბიტრაჟის შესახებ კანონით). 2019 წლის 21 ნოემბერს[9], ორივე კანონში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც განამტკიცეს სინგაპურში ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების არბიტრაჟუნარიანობა. კერძოდ:
- გაფართოვდა არბიტრაჟუნარიანი დავების ფარგლები:
ორივე კანონი ითვალისწინებს, რომ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავები არბიტრაჟუნარიანია, მიუხედავად იმისა, იგი დავის ძირითადი საკითხია, თუ დაკავშირებული; ასევე, ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ ასეთი დავა არ გახდება არბიტრაჟუუნარო, მაშინაც კი, როდესაც სინგაპურის ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს პირდაპირ არ არეგულირებს (არ ითვალისწინებს, რომ დავა შეიძლება არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყდეს) ან მისი გადაწყვეტის უფლებამოსილება სასამართლოებს ან სხვა ორგანოებს აქვთ.[10] ასევე, დავა არბიტრაჟუნარიანად ჩაითვლება მაშინაც კი, როდესაც არბიტრაჟში პატენტის ნამდვილობა განიხილება.[11]
- დავიწროვდა „საჯარო წესრიგის“ ფარგლები ამ კუთხით:
ზემოაღნიშნული კანონები ასევე ითვალისწინებს, რომ სინგაპურის სასამართლოებს, როდესაც ისინი განიხილავენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების ან/და ცნობა-აღსრულების საკითხს, არ შეუძლიათ მიიჩნიონ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, მხოლოდ იმ საფუძველზე დაყრდნობით, რომ არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტილი დავა ეხება ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. [12]
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური საკუთრებასთან დაკავშირებული დავების არბიტრაჟუნარიანობის შეზღუდვა, დაკავშირებულია გარკვეულ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის ფაქტთან.[13] სწორედ აქედან გამომდინარე, ზოგიერთ ქვეყანაში, განსახვავებული მიდგომა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ინტელექტუალური საკუთრების დავებია არბიტრაჟუნარიანი. სინგაპურის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებები კი, მითითებული გარანტიების გათვალისწინებითა და ორაზროვნების გამორიცხვით, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს სინგაპურის, როგორც ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული საარბიტრაჟო დავების „რჩეულ“ საარბიტრაჟო განხილვის ადგილად ჩამოყალიბებას.
ბოლოს, აქვე აღვნიშნავ, რომ სინგაპურში, 2020 წლის 1 სექტემბერს, დამატებით გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომელიც, შვეიცარიის მაგვარად, ითვალისწინებს საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ კანონით, არბიტრაჟში ორზე მეტი მხარის მონაწილეობის შემთხვევაში, არბიტრების დანიშვნის პროცედურის დადგენას (მაშინ, როდესაც მხარეები ვერ თანხმდებიან დასანიშნ არბიტრებზე), ამასთანავე, კანონპრექტი განამტკიცებს არბიტრაჟის კონფიდენციალობის დაცვის გარანტიებს, და ადგენს, რომ როგორც არბიტრს, ისე სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მიიღოს განჩინებები/ბრძანებები არბიტრაჟის კონფიდენციალობის დაცვის უზრუნველსაყოფად.[14]
3. შვედეთის არბიტრაჟის შესახებ კანონში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები2018 წლის 21 ნოემბერს, შვედეთმა ცვლილებები განახორციელა არბიტრაჟის შესახებ კანონში, რომელიც ძალაში 2019 წლის 1 მარტს შევიდა.[15] გასათვალისწინებელია, რომ შვედეთის არბიტრაჟის შესახებ კანონი 1999 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ მასში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა. სწორედ ამიტომ, როგორც ქვემოთ იხილავთ, ამ ცვლილებათა ნაწილის მსგავსი დებულებები, უკვე გათვალისწინებულია არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონში, მოდელურ კანონზე დაყრდნობით, და შვედეთმა მხოლოდ ამჟამად გაითვალისწინა ისინი საკანონმდებლო დონეზე, სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით.
შვედეთის არბიტრაჟის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებათაგან, ყურადსაღებია შემდეგი:
- ზეპირი ჩვენება/მოწმის მოსმენა ინგლისურ ენაზე:
შვეიცარიამდე, სწორედ შვედეთმა მიიღო საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია ინგლისურ ენასთან დაკავშირებით[16], კერძოდ, ცვლილება უშვებს არბიტრაჟის კომპეტენციის თაობაზე დადგენილების ან/და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების პროცედურის მიმდინარეობისას, მხარის თხოვნით, მოწმის ინგლისურ ენაზე მოსმენის/დაკითხვის შესაძლებლობას (თარჯიმნის გარეშე). ცვლილება მიზნად ისახავს პროცესის სისწრაფესა და პროცედურის წარმართვის გამარტივებას.
- დაზუსტდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი:
განხორციელებული ცვლილებებით, დაზუსტდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არბიტრი გასცდა მის მანდატს/უფლებამოსილებას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ შეიძლება გაუქმდეს, თუ ასეთმა გადაცდომამ, სავარაუდოდ გავლენა იქონია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედეგზე.[17]
*აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ქვეყანა კანონმდებლობით არ ითვალისწინებს მსგავს მითითებას (მათ შორის არც საქართველო), სხვადასხვა სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია ე.წ. De Minimis-ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, უმნიშვნელო გადაცდომები, რომლებიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედეგზე არ ახდენენ გავლენას, არ მიიჩნევა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად[18]. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ შვედეთმა, აღნიშნული დაზუსტება, გარანტიისათვის, ყოველგვარი ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინა კანონმდებლობაშიც. თუმცა, კანონმდებლობაში მისი არარსებობა არ ნიშნავს ამ პრინციპის პრაქტიკაში არ არსებობას, რაც საუკეთესო სასამართლო პრაქტიკით არის გამყარებული მრავალი სასამართლოს მიერ.
- შემცირდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ვადა:
ცვლილებით დადგინდა, რომ მხარეს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება, 3 თვის ნაცვლად, 2 თვის განმავლობაში შეუძლია მოითხოვოს[19].
*აღსანიშნავია, რომ არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 42.3 მუხლის საფუძველზე, ეს ვადა 90 დღეს შეადგენს.
- არბიტრაჟში მრავალი მხარის მონაწილეობისას არბიტრების დანიშვნა:
შვეიცარიის მსგავსად, შვედეთის არბიტრაჟის შესახებ კანონითაც დადგინდა, რომ თუ რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელე ან მოპასუხეა, მაში ისინი ჯერ თვითონ უნდა შეთანხმდნენ დასანიშნი არბიტრის ვინაობაზე, და თუ ასეთი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მაშინ ყველა მხარის ნაცვლად, არბიტრს, მხარის მოთხოვნით დანიშნავს სასამართლო (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები, სხვა დამნიშნავ ორგანოზე არიან შეთანხმებულები; მაგ. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა მიერ შეთანხმებული საარბიტრაჟო ინსტიტუტის წესები ითვალისწინებს არბიტრის დანიშვნის მექანიზმს, მაშინ არბიტრი დაინიშნება ამ წესების მიხედვით, და არა სასამართლოს მიერ).[20]
*აღსანიშნავია, რომ არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 11.3(ბ) მუხლის მიხედვით, ერთი არბიტრის შემთხვევაში, თუ მხარეეები ვერ შეთანხმდებიან მის კანდიდატურაზე (ან მხარეთა მიერ შეთანხმებული საარბიტრაჟო წესები არ არეგულირებს ამ საკითხს), არბიტრს დანიშნავს სასამართლო. შესაბამისად, მრავალმხარიან არბიტრაჟში, ერთი არბიტრის არსებობისას, მისი დანიშვნის „დამხმარე“ პროცედურა კანონით პირდაპირ გათვალისწინებულია და ნაკლებად პრობლემურია. თუმცა, ა) როდესაც ერთ საარბიტრაჟო მოსარჩელეს, ორი ან მეტი მოპასუხის მიმართ აქვს შეტანილი საარბიტრაჟო სარჩელი/განაცხადი, ბ) და მხარეთა შეთანხმებით, 3 არბიტრი განიხილავს დავას, გ) ხოლო მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, ისმის კითხვა, მრავალმხარიან არბიტრაჟში, რომელი მხარე/მონაწილე ნიშნავს თავდაპირველ ორ არბიტრს (რომელთაც, შემდეგ თავჯდომარე უნდა აირჩიონ). ამ შემთხვევაში, მოქმედებს კანონის 11.3.(ა) მუხლი, თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, იგი, ასეთ დროს, განვრცობით ინტერპრეტაციას საჭიროებს. კერძოდ, კანონის 11.3.(ა) მუხლის მიხედვით, „სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს […..] ან თუ ორი არბიტრი [….] ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე […] არბიტრს ნიშნავს სასამართლო“. ამ მუხლის სიტყვა-სიტყვით განმარტებით, ორი ან მეტი მოპასუხეებისაგან, თითოეული მოპასუხე არის მხარე, და მათ თანაბრად უნდა დანიშნონ არბიტრი, თუმცა, ნორმის მიზნობრივი და ლოგიკური განმარტებით, შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ მრავალმხარიან არბიტრაჟში, მოპასუხეები (ან მოსარჩელეები, თუ რამდენიმე მოდავეა) წარმოადგენენ ერთ „მხარეს“ ამ მუხლის მიზნებისათვის, და მათ (მოპასუხეებმა ან მოსარჩელეებმა) ერთი არბიტრი უნდა დანიშნონ ერთობლივად, და თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ან არც მხარეთა მიერ შეთანხმებული საარბიტრაჟო წესები არეგულირებს ამ საკითხს, მაშინ არბიტრს, ერთ-ერთი მხარის მიმართვით დანიშნავს სასამართლო. თუმცა, შვედეთმა, ისევე როგორც შვეიცარიამ, სწორედ ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, დააზუსტა ზემოაღნიშნული მუხლი.
შესაბამისად, შვეიცარიის, სინგაპურისა და შვედეთის საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი წარმოაჩენს, რომ
„არბიტრაჟისადმი მეგობრული“ დამოკიდებულების მქონე სტატუსის მოსაპოვებლად, და ასეთ
„რბოლაში“ ჩასართავად, დღეს უკვე შესაძლებელია აღარ იყოს საკმარისი საარბიტრაჟო კანონმდებლობის
მხოლოდ მოდელურ კანონზე დაფუძნება; ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლებელია
ვიფიქროთ გარკვეული საკანონმდებლო ინოვაციების შემოღებაზე, რომელიც მიმზიდველს გახდის
საარბიტრაჟო მხარეებისათვის, აირჩიონ თბილისი, როგორც საარბიტრაჟო განხილვის ადგილი.
[1] არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2009 წლის 15 ივნისს.
[2] UNCITRAL წარმაოდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის აბრევიატურას.
[3]იხ. 2015 წლის 31 მარტის საკანონმდებლო ცვლილების განმარტებითი ბარათი: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/53844?
[4] იხ. ამ ქვეყანათა ჩამონათვალი შემდეგ ვებ-საიტზე: https://uncitral.un.org/en/texts/arbitration/modellaw/commercial_arbitration/status განახლებულია: 18.10.2020.
[5] იხ. 2018 წლის კვლევა, ჩატარებული White & Case-ის მიერ, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ყველაზე რჩეულ (most preferred) საარბიტრაჟო განხილვის ადგილებზე საერთაშორისო არბიტრაჟში: https://events.whitecase.com/insights/2018-intl-arbitration-survey/qmul-infographics.pdf განახლებულია: 18.10.2020.
[6] იხ.ცვლილებების შედარება ფრანგულ ენაზე, შემდეგ ვებ-საიტზე, https://www.acerislaw.com/wp-content/uploads/2020/08/Changes-Swiss-Arbiration-Law.pdf განახლებულია: 18.10.2020.
[7] არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23.2 მუხლის მხიედვით, „საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.“
[8] იხ. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 35.3 მუხლი; ასევე, იხ. გიორგი კეკენაძე, სოფიო ტყემალაძე, გზამკვლევი არბიტრაჟში საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეებისათვის (2017 წ.) გვ. 123-124.
[9] იხ. სინგაპურის საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ კანონი, ხელმისაწვდომია: https://sso.agc.gov.sg/Act/IAA1994#pr26B- განახლებულია: 20.10.2020; და სინგაპურის არბიტრაჟის შესახებ კანონი, ხელმისაწვდომია: https://sso.agc.gov.sg/Act/10#pr52B- განახლებულია: 20.10.2020
[10] იხ. სინგაპურის საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ კანონის 26B მუხლი. ხელმისაწვდომია: https://sso.agc.gov.sg/Act/IAA1994#pr26B- განახლებულია: 20.10.2020.
[11] სინგაპურის არბიტრაჟის შესახებ კანონის 52(F) მუხლი.
[12] სინგაპურის არბიტრაჟის შესახებ კანონის 52(D)(2) მუხლი; სინგაპურის საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ კანონის 26(D)(1) მუხლი.
[13] იხ. Julian D. M. Lew, Loukas A. Mistelis, et al., Comparative International Commercial Arbitration, (Kluwer Law International, 2003), გვ. 209, § 9-64; განხილულია: გზამკვლევი არბიტრაჟში საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებისათვის (2018), გვ. 155.
[14] იხ. სინგაპურის საერთაშორისო სარბიტრაჟის შესახებ კანონის ცვლილებების პროექტი, ხელმსიაწვდომია: https://sso.agc.gov.sg/Bills-Supp/29-2020/Published/20200901?DocDate=20200901 ; განახლებულია: 20.10.2020.
[15] იხ. ცვლილებების ინგლისურენოვანი თარგმანი შემდეგ ვებ-საიტზე: https://sccinstitute.se/media/1773096/the-swedish-arbitration-act_1march2019_eng-2.pdf განახლებულია: 20.10.2020.
[16] შვედეთის არბიტრაჟის შესახებ კანონის მუხლი 45a.
[17] შვედეთის არბიტრაჟის შესახებ კანონის მუხლი 34.
[18] იხ. ლიანა ქარცივაძე,თეონა ჟიჟიაშვილი, თამარ მორჩილაძე, გიორგი კეკენაძე, გზამკვლევი არბიტრაჟში საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებისათვის (2018 წ.), 117 გვ.
[19] შვედეთის არბიტრაჟის შესახებ კანონის მუხლი 34.
[20] შვედეთის არბიტრაჟის შესახებ კანონის მუხლი 14.