გერმანიაში, არბიტრაჟის შესახებ კანონი ცალკე ფორმით არ არის მიღებული და მას გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში „ZPO“) მე-10 წიგნი არეგულირებს.[i] ბოლო ძირეული ცვლილებები ZPO-ს ამ წიგნში, 1997 წლის 22 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით განხორციელდა, რომელიც UNCITRAL-ის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ 1985 წლის მოდელურ კანონს (შემდგომში „მოდელური კანონი“) დაეფუძნა.
იმის გათვალისწინებით, რომ ამის შემდგომ, 2006 წელს, მოდელურ კანონშიდაც განხორციელდა ცვლილებები, ასევე, სხვადასხვა ქვეყანამ მიიღო მნიშვნელოვანი რეგულაციები, რომელთა მიზანი იყო მათი ქვეყნის საარბიტრაჟო საკანონმდებლო ჩარჩო გამხდარიყო საერთაშორისო არბიტრაჟისათვის უფრო მიმზიდველი,[ii] გერმანიის ფედერალურმა იუსტიციის სამინისტრომ 2023 წლის 18 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება,[iii] სადაც გამოთქვა სურვილი, ცვლილებები შევიდეს ZPO-ში.
უფრო დეტალურად, გერმანიის ფედერალური იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მათ განსაზღვრული აქვთ 12 მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მათ სურთ გათვალისწინებულ იქნეს ZPO-ში. თითოეული მათგანი, ქვემოთ იქნება განხილული:
საკითხი No. 1 – კომერციულ კონტექსტში საარბიტრაჟო შეთანხმების ფორმის მოთხოვნის გამარტივება: ZPO-ს მოქმედი, 1031 (2) პარაგრაფი ითვალისწინებს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება კომერციულ კონტექსტში, შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით იყოს დადებული, როგორც დოკუმენტურად, ისე მონაცემებთა გაცვლით, ტელეგრამით, ფაქსით ა.შ. თუმცა, მოდელურ კანონში 2006 წელს განხორციელებული ცვლილებებით, მოდელურმა კანონმა ქვეყნებს შესთავაზა ორი ოფცია[iv]. პირველი ოფცია ითვალისწინებს საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობით ფორმით დადებას და წერილობით ფორმას, კომერციულ კონტექსტში განმარტავს ფართოდ (რაც მოიცავს ნებისმიერი კომუნიკაციის ფორმით მის დაფიქსირებას, რაც ასახული აქვს ამჯერად გერმანიას ZPO-ში და საქართველოსაც), ხოლო მეორე ოფცია მოიცავს წერილობითი ფორმის მოთხოვნის გაუქმებას და საარბიტრაჟო შეთანხმების ზეპირად დადების შესაძლებლობას. შეთავაზებული ცვლილება კი სწორედ მეორე ოფციის ZPO-ში ასახვას ითვალისწინებს.
საკითხი No. 2 – არბიტრის დანიშვნის მექანიზმის გათვალისწინება მრავალი მხარის (Multi-party arbitration) მონაწილეობით გასამართ საარბიტრაჟო წარმოებაში: ინიციატივა ითვალისწინებს, რომ სპეციალურად დარეგულირდეს ის შემთხვევა (და გათვალისწინებულ იქნეს ე.წ. ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის მექანიზმი), როდესაც საარბიტრაჟო წარმოებაში მრავალი მხარე მონაწილეობს და მათ არ აქვთ შეთანხმებული არბიტრების დანიშვნის მექანიზმი.
საკითხი No. 3 – არბიტრაჟის მიერ კომპეტენციის არქონის შესახებ დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობა: არსებული რეგულაციით, ZPO-ში და ასევე მრავალ ქვეყანაში, ჯერ-ჯერობით, გასაჩივრებას ექვემდებარება არბიტრაჟის დადგენილება მხოლოდ კომპეტენციის დადგენის თაობაზე (დადგენილება, რომელიც ცალკე გამოიტანება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე). მაგ. საქართველოში, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლიც ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. თუმცა, კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული იმ დადგენილების გასაჩივრება, რომელიც ადგენს, რომ არბიტრაჟს არ აქვს კომპეტენცია. გერმანიის ფედერალური იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება კი ითვალისწინებს, რომ სასამართლოში მსგავსი, ე.ი. „ნეგატიური“, კომპეტენციის არ ქონის თაობაზე მიღებული დადგენილებაც გასაჩივრებადი იყოს მხარეთა მიერ.
საკითხი No. 4 – სარბიტაჟო წარმოების დიჯიტალიზაციის პირდაპირ დაშვება: ეს შემოთავაზება ითვალისწინებს, რომ ZPO-ში პირდაპირ იყოს გათვალისწინებული, რომ მხარეთა მიერ სხვა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო წარმოება, შესაძლებელია ვიდეო კონფერენციის საშუალებით იქნეს წარმოებული და ასეთი პროცესიც იქნეს ჩაწერილი.
* თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი შესაძლებლობა, არაპირდაპირ ისედაც არსებობს, როგორც გერმანული, ისე ქართული კანონმდებლობით; როგორც მხარეთა შეთანხმებით, საარბიტრაჟო ინსიტუტების წესებით, ისე არბიტრების მიმართ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში (უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ბლოგპოსტი – ელექტრონული (დისტანციური) არბიტრაჟის პერსპექტივა საქართველოში) . ამიტომ, როგორც ჩანს, სამინისტროს სურვილია, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მსგავსი შემთხვევები მაინც პირდაპირ იყოს დარეგულირებული კანონმდებლობით და იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი უფლება მიიჩნევა, რომ მაინც აქვთ მხარეებს, ეს ცვლილება უფრო დეკლარაციული ხასიათის მატარებელი იქნება.
საკითხი No. 5 – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შესაძლებლობა: მსგავსად მე-2 პუნქტისა, ეს ცვლილებაც დეკლარაციული ხასიათის იქნება და როგორც ჩანს, სამინისტროს სურვილია, ZPO-ში პირდაპირ იქნეს გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს გამოქვეყნებული და ეს არ ჩაითვლება კონფიდენციალობის ვალდებულების დარღვევად.
საკითხები No. 6 და No. 7 – დოკუმენტების ინგლისურ ენაზე წარდგენის და სასამართლო პროცესების ამავე ენაზე წარმართვის შესაძლებლობის დამკვიდრება: ამ ცვლილებით, სამინისტრო ცდილობს მიბაძოს სხვადასხვა ქვეყნის ინოვაციას (მაგ. შვედეთი, შვეიცარია ა.შ.[v]), რომლებიც, სხვადასხვა პროცედურის ფარგლებში ითვალისწინებენ ინგლისური დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობას თარგმნის გარეშე, რომლის მიზანიც არის პროცედურის გამარტივება და მისი განხილვის დროის შემცირება. ამასთანავე, შეთავაზება არამარტო რელევანტური დოკუმენტების (საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები) ინსგლისურ ენაზე თარგმნის გარეშე წარდგენის, არამედ პროცედურების (მაგ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების) ინგლისურად წარმართვის შესაძლებლობის დამკვიდრებასაც ითვალისწინებს, მხოლოდ სპეციალურად შექმნილ კომერციულ სასამართლოებში.
საკითხი No. 8 – ახლად აღმოჩენილი გარემოების შედეგად საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა: შემოთავაზებული ცვლილება ითვალისწინებს, რომ ZPO-ს 580-ე პარაგრაფის მსგავსად, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიმართ, შეზუდული ფორმით იქნება გათვალისწინებული ეს განსაკუთრებული მექანიზმი, მხოლოდ დანაშაულის აღმოჩენის ან სხვა განსახკუთრებული შემთხვევებისას (მაგ. განცხადებაში მოყვანილია შემთხვევა, როდესაც დადგინდება, რომ არბიტრს აღებული აქვს ქრთამი).
საკითხი No. 9 – არბიტრაჟის მიერ მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულება, როდესაც საარბიტრაჟო განხილვის ადგილი უცხოეთია: შემოთავაზებული ცვლილება ითვალისწინებს, რომ გერმანული სასამართლო უფლებამოსილი იქნება, აღასრულოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საარბიტრაჟო განხილვა გერმანიაში არ არის წარმართული.
საკითხი No. 10 – საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირებამდე, სასამართლოს მიერ მხარის განცხადებით საარბიტრაჟო წარმოების დაუშვებლობის/დასაშვებობის დადგენის სტანდარტის დადგენა: ZPO-ს 1032(2) პარაგრაფი ითვალისწინებს, რომ სანამ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ფორმირებულია, მხარეს შეუძლია მიმართოს რელევანტურ სასამართლოს და მოითხოვოს, რომ სასამართლომ აღიაროს, რომ საარბიტრაჟო წარმოება დასაშვები, ან დაუშვებელია. სამინისტროს განცხადებით, მათი სურვილია დაზუსტდეს ამ პარაგრაფში, რომ რელევანტური სასამართლო უფლებამოსილი იქნება ამ წარმოებისას, შეაფასოს საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობაც.
საკითხი No. 11 – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ნამდვილია, დავის ისევ არბიტრაჟისადმი გადაცემის შესაძლებლობა: სამინისტროს განცხადებით, მათი სურვილია, როდესაც სასამართლო არ აკმაყოფილებს მხარის განცხადებას, გამოცხადდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ცნობილად (ZPO-ს 1060(2) პარაგრაფის ფარგლებში) რაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევს, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ცალკე პროცედურით გაუქმდება, სასამართლო, უფლებამოსილი იქნება მიუთითოს მხარეებს ისევ არბიტრაჟზე და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შეთმთხვევაში, იმოქმედებს ვარაუდი (საპირისპიროს მითითებამდე, მაგ. როდესაც გაუქმების საფუძველი პირდაპირ საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობა იყო) რომ მხარეს შეუძლია ისევ დაიწყოს დავა არბიტრაჟში.
საკითხი No. 12 – სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეს მიერ ex parte გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების შეზღუდვა: –ZPO-ს 1063(3) პარაგრაფის მიხედვით, სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე, უფლებამოსილია გარკევულ შემთხვევებში, ex parte (მხარის დაუსწრებლად) მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც post factum კონტროლს ექვემდებარება. სამინისტროს სურვილია, ამ უფლებამოსილების ფარგლები იყოს შეზღუდული.
სამინისტრო, ზემოთ ჩამოთვლილი 12 საკითხის გარდა, კიდევ განიხილავს სხვა საკითხებს (როგორიცაა საგანგებო არბიტრის ისნტიტუტის რეგულირება), თუმცა, მათ თაობაზე ჯერ არ არის გადაწყვეტილება საბოლოოდ ჩამოყალიბებული.
ბოლოს, როგორც გერმანიის ფედერალური იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ნათელჰყოფს, იმისათვის, რომ ქვეყანა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისადმი მეგობრულ და მიმზიდველი გარემოს მქონედ იქნეს მიჩნეული, და რეალურად გახდეს ასეთიც, მხოლოდ მოდელური კანონის ინკორპორაცია შიდა კანონმდებლობაში არ არის საკმარისი; არამედ, საჭიროა ქვეყანამ გადადგას გაბედული ნაბიჯები და დანერგოს ინოვაციები. ეს გააკეთა შვედეთმა, შვიცარიამ, სინგაპურმა და ბევრმა ქვეყანამ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ცვლილებელი მხოლოდ კომერციულ კონტექსტშია მიღებული.
ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (“GAA”) მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს, უკვე შემუშავებული აქვს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ბევრ საინტერესო ცვლილებას ითვალისწინებს (მათ შორის, არაშემზღუდავად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და სხვა ცვლილებებს), რომელთა მიზანიც არამარტო არსებული ხარვეზების გამოსწორება, არამედ საერთაშორისო გამოცდილების და ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოში არბიტრაჟის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაა.
[i] იხ. ZPO-ს ინგლისურენოვანი თარგმანი: https://www.gesetze-im-internet.de/englisch_zpo/englisch_zpo.html#p3535
[ii] იხ. არბიტრაჟის ბლოგის წინა ბლოგპოსტი, რომელიც ამ ცვლილებებს მიმოიხილავს: https://shorturl.at/gvAT3
[iii] იხ. 2023 წლის 18 აპრილის გერმანიის ფედერაული იუსტიციის სამინისტროს განცხადება გერმანულ ენაზე :https://www.bmj.de/SharedDocs/Gesetzgebungsverfahren/Dokumente/Eckpunkte_Schiedsverfahrensrecht.pdf?__blob=publicationFile&v=2
[iv] იხ. მოდელური კანონის ინგლისურენოვანი თარგმანი: https://uncitral.un.org/sites/uncitral.un.org/files/media-documents/uncitral/en/19-09955_e_ebook.pdf
[v] იხ. არბიტრაჟის ბლოგის წინა ბლოგპოსტი, რომელიც ამ ცვლილებებს მიმოიხილავს: https://shorturl.at/gvAT3