ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს 1996 წლის არბიტრაჟის აქტის საკანონმდებლო რეფორმა

შესავალი

ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ  სამეფოში (შემდგომში „UK”) არბიტრაჟი 1996 წლის არბიტრაჟის აქტით (შემდგომში „არბიტრაჟის აქტი“) რეგულირდება.

განსხვავებით მრავალი ქვეყნისაგან (მათ შორის საქართველო), UK-ის არბიტრაჟის აქტი არ ეფუძნება  UNCITRAL-ის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ მოდელურ კანონს და ბევრ უნიკალურ მუხლს შეიცავს, რომელიც, მათ შორის, UK-ში არსებული სასამართლო სისტემის მაღალი ნდობის შედეგად, ხდის ლონდონს, და ზოგადად UK-ს საარბიტრაჟო განხილვისათვის მიმზიდველ ადგილად.

ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად, ინგლისსა და უელსში, 5000 (ხუთი ათასამდე) საარბიტრაჟო განხილვა ტარდება, რასაც, პოტენციურად 2.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგის სარგებელი მოაქვს UK-ის ეკონომიკისთვის.[i]

მიუხედავად არბიტრაჟის აქტის პოპულარობისა, იმის გათვალისწინებით, რომ აქტი ათეული წლების წინ იქნა მიღებული და შესაძლოა ცვლილებას საჭიროებდეს, 2021 წლის მარტში, UK იუსტიციის სამინისტრომ სთხოვა საკანონმდებლო კომისიას (შემდგომში „კომისია“), განეხილა UK-ს არბიტრაჟის აქტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა და მოემზადებინა პოზიცია ამის შესახებ.[ii]

კომისიამ მუშაობა 2022 წლის იანვარში დაიწყო და 2022 წლის სექტემბერს გამოაქვეყნა პირველი კონსულტაციის შედეგად შემუშავებული შუალედური დასკვნა.[iii]

პირველ შუალედურ დასკვნაში, კომისიამ გამოყო 8 ძირითადი საკითხი, რომელიც, კომისიის აზრით საჭიროებდა ყურადღებას, ესენია: 1) საარბიტრაჟო პროცესის კონფიდენციალობა, 2) არბიტრთა დამოუკიდებლობა და გამჟღავნების ვალდებულება, 3) დისკრიმინაცია არბიტრაჟში, 4) არბიტრთა იმუნიტეტი, 5) UK-ს კანონმდებლობისათვის დამახასიათებელი  Summary Judgement-ით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე საქმის წარმოების შეწყვეტა, 6)   უზრუნველყოფის ღონისძიებები, 7) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წინააღმდეგ დაყენებული იურისდიქციასთან დაკავშირებული შედავება (აქტის 67-ე სექცია), ასევე 8) UK-ს კანონმდებლობისათვის დამახასიათებელი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას სადავოდ გახდომა სამართლის საკითხთან დაკავშირებით (აქტის 69-ე სექცია).[iv]   

კომისიის ამ დასკვნაში, ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,  ნაწილი ეხებოდა იმას, თუ რამდენად არსებობდა საჭიროება იმისა, რომ კოდიფიცირებულ ყოფილიყო ის საკითხები, რაც  ისედაც დარეგულირებულია სასამართლო პრაქტიკით, ან რამდენად იყო ასეთი პრაქტიკის კოდიფიკაციით შეცვლის აუცილებლობა.

პირველი შუალედური დასკვნის გამოქვეყნების  შემდგომ, კომისიამ ისევ გააგრძელა მუშაობა გარკვეულ საკითხებზე და  2023 წლის მარტში, დამატებით  გამოაქვეყნა მეორე, შუალედური კონსულტაციის დოკუმენტი[v], რომელშიდაც დაამატა და განავრცო შემდეგი 3 საკითხი: ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის დადგენა, ბ) დისკრიმინაცია არბიტრაჟის კონტექსტში, გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წინააღმდეგ დაყენებული იურისდიქციასთან დაკავშირებული შედავება (აქტის 67-ე სექცია).[vi]

მართალია, კომისიას ჯერ არ გამოუქვეყნებია საბოლოო, შემაჯამებელი დაკსვნა, თუმცა, კომისიის ორივე შემაჯამებელი საკონსულტაციო დოკუმენტიდან უკვე ჩანს, რომ კომისია UK-ს 1996 წლის არბიტრაჟის აქტში სხვადასხვა ცვლილებების განხორციელების რეკომენდაციას გასცემს.

ამ ბლოგ-პოსტში, ბლოგის შეზღუდული ფორმატიდან გამომდინარე,  მოკლედ მიმოხილულ იქნება როგორც პირველ, ისე მეორე შემაჯამებელ დასკვნაში კომისიის მიერ გამოყოფილი, ამ ბლოგ-პოსტის ავტორის მიერ შერჩეული გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხები.

1. საარბიტრაჟო შეთანხმების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი

დღეს-დღეობით, UK-ში არსებული სასამართლო პრაქტიკით, რაც ასახულია UK-ის უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე  Enka Insaat Ve Sanayi AS v OOO “Insurance Company Chubb& Ors [2020] UKSC 38,[vii] დადგენილია  ტესტი, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს, თუ რომელი სამართალი გამოიყენება საარბიტრაჟო შეთანხმების მიმართ (მათ შორის მაშინ, როდესაც მხარეებს არც პირდაპირ და არც ირიბად, არ აქვთ შეთანხმებული გამოსაყენებელი სამართალი).

კომისიის რესპოდენტთა აზრით, დადგენილი რამდენიმე საფეხურიანი ტესტი კომპლექსურია, და მისი გამოყენებისას, შეიძლება ადგილი რჩებოდეს გასნხვავებული გამოყენებისა და ინტერპრეტაციისათვის. ამიტომ, რესპოდენტების მოსაზრებით, არბიტრაჟის აქტმა პირდაპირ უნდა მიუთითოს, რომ თუ მხარეები სხვა რამეს არ შეათანხმებენ, საარბიტრაჟო შეთანხმების მიმართ გამოყენებულ იქნება საარბიტრაჟო განხილვის ადგილის სამართალი. შესაბამისად, ეს იქნება ე.წ. default (გამოყენებადი ზოგადი წესი), და მხარეებს მის შესაცვლელად შეთანხმება დასჭირდებათ. ამის შედეგად, ძირითადად, ლონდონის საარბიტრაჟო განხილვის ადგილად არჩევისას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ, საარბიტრაჟო შეთანხმება UK-ს სამართლით შეფასდება.

კომისია ამ პოზიციას იზიარებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიამ ისევ სთხოვა დაინტერესებულ პირებს ამ პოზიციაზე მოსაზრებები გამოეთქვათ 2023 წლის  22 მაისამდე, ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კომისიის ეს პოზიცია საბოლოოა. თუმცა, ამის ალბათობა დიდია.

2. დისკრიმინაცია არბიტრაჟის კონტექსტში

კომისიამ პირველი კონსულტაციის  შემაჯამებელ დასკვნაში აღნიშნა, და მეორე დოკუმენტშიდაც გაიმეორა მისი პოზიცია, რომ მათი რეკომენდაცია იქნება, რომ არბიტრის დანიშვნისას, მხარეთა მიერ შეთანხმებული ისეთი პირობა, რომელიც ითხოვს არბიტრის გარკვეული დაცული ნიშნის შესაბამისად დანიშვნას (მაგ. რასის, სქესის ა.შ.), იქნება აღუსრულებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებული იქნება, რომ ამ ნიშნის განსაზვრა პროპორციულია დასახული მიზნის მისაღწევად.

დამატებით, მეორე საკონსულტაციო დოკუმენტში, კომისიამ სთხოვა ყველა დაინტერესებულ პირებს, წარმოედგინათ პოზიცია იმაზე, თუ ზოგადად, საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებშიდაც, საარბიტრაჟო კონტექსტში, რამდენად და რა ფარგლებში უნდა რეგულირდებოდეს დისკრიმინაციის საკითხი.

3. არბიტრთა იმუნიტეტი

UK-ში, არბიტრაჟის აქტის 29-ე სექცია ითვალისწინებს, რომ არბიტრი არ არის პასუხისმგებელი მისი ქმედებებისა და უმოქმედობისთვის არბიტრის ფუნქციის განხორციელებისას, გარდა იმ შემთხვევისა თუკი ნათელია, რომ მისი ქმედება ან უმოქმედობა არაკეთილსინდისიერია.

თუმცა, როგორც კომისია აღნიშნავს,  სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ამ მუხლს აქვს ორი გამონაკლისი: 1) პირველი, როდესაც არბიტრი გადადგება თავისი გადაწყვეტილებით; 2) მეორე, როდესაც არბიტრს უწყდება უფლებამოსილება სასამართლოს მიერ, მხარის განცხადების საფუძველზე.

კომისიის მითითებით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს, მხარის განცხადების ხარჯები ( რაც შეიძლიება საკმაოდ დიდი იყოს), დაეკისრა არბიტრს, ხოლო ასეთი ხარჯები არ იქნა ანაზღაურებული პროფესიული დაზღვევით.

კომისიის აზრით, არბიტრთა იმუნიტეტი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და პრაქტიკით დადგენილი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, გამონაკლისები გამკაცრდეს. მაგალითისათვის, კომისია ითხოვდა დაინტერესებული პირების მოსაზრება იმაზე, რომ არბიტრთა მიერ გადადგომის შემთხვევაში, არ დაეკისროს მას პასუხისმგებლობა, ან დაეკისროს მხოლოდ მაშინ, თუ ნაჩვენები იქნება, რომ გადადგომა არის არაგონივრული.

4. UK-ს კანონმდებლობისათვის დამახასიათებელი  Summary Judgement-ით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე საქმის წარმოების შეწყვეტა

Summary Judgement-ი, UK-ის კანომდებლობის მიზნით, წარმაოდგენს პროცესის ეფექტიანობის მიზნით დამკვიდრებულ მექანიზმს, როდესაც, საქმის გარემოებიდან ნათელია, რომ აღძრულ საქმეს არ აქვს რეალუად წარმატების შანსი. ამ შემთხვევაში, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წყვეტს სასამართლო წარმოებას.

კომისია აღნიშნავს, რომ მართალია არბიტრაჟის აქტში არის ზოგადი მუხლები, რომელთა ინტერპრეტაციის მეშვეობით შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ UK-ი, არბიტრებს, საარბიტრაჟო წარმოებისას მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანის საშუალება აქვთ, თუმცა პირდაპირი ჩანაწერის არარსებობისას, ზოგიერთი არბიტრი თავს იკავებს მსგავსი უფლებამოსილების განხორციელებისაგან.

შესაბამისად, კომისიის პოზიციაა, რომ მსგავსი პირდაპირი ჩანაწერი გაჩნდეს არბიტრაჟის აქტში, თუმცა იგი არ იყოს სავალდებულო; ე.ი. მხარეებს ჰქონდეთ ამ შესაძლებლობის გამორიცხვის უფლება შეთანხმებით.

5. კონფიდენციალობა

კომისია აღნიშნავს, რომ არბიტრაჟის აქტი, არ შეიცავს საარბიტრაჟო განხილვის კონფიდენციალობის თაობაზე პირდაპირ მითითებას. თუმცა,  საარბიტრაჟო განხილვის კონფიდენციალობის ვალდებულებაზე, მის გავრცელების ფარგლებზე, სუბიექტებისა და გამონაკლისების თაობაზე განვითარებულია სასამართლო პრაქტიკა.

ამიტომ, კომისიის შუალედური დასსკვნაა, რომ კონფიდენციალობის ვალდებულებისა და მისი გამონაკლისების თაობაზე ცვლილება არ უნდა შევიდეს არბიტრაჟის აქტში და ეს საკითხი ისევ დარეგულირდეს სასამართლო პრაქტიკით. 

6. არბიტრთა დამოუკიდებლობა და გამჟღავნების ვალდებულება

კომისია აღნიშნავს, რომ არბიტრაჟის აქტი უთითებს არბიტრთა ვალდებულებაზე, იყოს „მიუკერძოებელი“, თუმცა, აქტში არ არის მითითება „დამოუკიდებლობაზე“. ასევე, აქტში პირდაპირ არ არის მითითება არბიტრთა განგრძობად ვალდბულებაზე, გაამჟღავნოს ის გარემოებები, რამაც შეიძლება მხარეებს დასაბუთებული ეჭვი შეუქმნან არბიტრის დამოუკიდებლობაში.

ამ მხრივ, კომისია აღნიშნავს, რომ როგორც საარბიტრაჟო ისნტიტუტთა უმრავლესობა, ისე სხვადასხვა კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ ვალდებულებებს. ასევე, მსგავსი ვალდებულება დადგენილია სასამართლო პრაქტიკითაც. თუმცა კომისია რეკომენდაციას გასცემს მასზედ, რომ მოხდეს ამ ვალდებულების კოდიფიკაცია, ე.ი. არბიტრაჟის აქტში პირდაპირ მიეთითოს ასეთი ვალდებულების არსებობის თაობაზე.

7. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას სადავოდ გახდომა სამართლის საკითხთან დაკავშირებით (სექცია 69-ე).

განსხვავებით არამარტო საქართველოსაგან, არამედ ქვეყანათა უმრავლესობისაგან (სადაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების ან/და ცნობა აღსრულების პროცესში, კანონი არ ითვალისწინებს არბიტრის მიერ სამართლის გამოყენების ან/და მისი გამოყენების სასამართლოს მიერ შეფასების საკითხს), UK-ს სარბიტრაჟის აქტის 69-ე სექცია ითვალისწინებს, რომ თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, სასამართლომ შეიძლება მხოლოდ შეზღუდული ფარგლებით, გარკვეული სამართლის საკითხებიც შეაფასოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შეფასებისას.

რესპოდენტთა ნაწილის პოზიცია იყო, რომ ეს მუხლი სართოდ ყოფილიყო ამოღებული, ხოლო ნაწილი-გამონაკლისების გაფართოებას ემხრობოდა.

კომისიიამ, რესპოდენტთა პოზიციებიის მიღების შემდგომ დაასკვნა, რომ არ იყო საჭიროება ამ მუხლის ცვლილებისა.

დასკვნა

UK-ის, ისევე როგორც გერმანიის, შვეიცარიის (იხ. ბლოგის სხვა ბლოგპოსტები, რომელიც ამ ქვეყანათა ინიციატივებს მიმოიხილავს)  და სხვა ქვეყნების მაგალითი აჩვენებს, რომ რამდენად განვითარებულიც არ უნდა იყოს სარბიტრაჟის საკანონმდებლო ჩარჩო ქვეყანაში, იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს, ან/და გაიმყაროს არბიტრაჟისადმი მიმზიდველი ადგილის პოზიცია, აუცილებელია განვითარება და ცვლილებები. ქვეყნები ებმებიან ერთმანეთთან საკანონმდებლო კონკურენციაში, მათ შორის იმ მიზნით, რომ შესთავაზონ საარბიტრაჟო მხარეებს არამარტო მისაღები, არამედ უნიკალური სამართლებრივი ჩარჩო, რაც თავის მხრივ, ეკონომიკური სარგებლის მომტანი არის მათთვის.

მართალია ჯერ უცნობია, რა პოზიცია ექნება კომისიას არბიტრაჟის აქტის შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც პირველი, ისე მეორე საკონსულტაციო დოკუმენტიდან გამომდინარე, შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, გარკვეულ მათგანზე, შევიდეს ცვლილებები არბიტრაჟის აქტში, რასაც, როგორც წესი, მოჰყვება ასეთი ცვლილების მიღება.


[i] იხ. UK-ის საკანონმდებლო კომისიის პირველი კონსულტაციის ამსახველი  დოკუმენტი: https://shorturl.at/bcz13

[ii] იხ. UK-ის საკანონმდებლო კომისიის ვებ-გვერდი: https://www.lawcom.gov.uk/project/review-of-the-arbitration-act-1996/

[iii] იხ. UK-ის საკანონმდებლო კომისიის პირველი კონსულტაციის ამსახველი  დოკუმენტი: https://shorturl.at/bcz13

[iv] იხ. UK-ის საკანონმდებლო კომისიის  პირველი კონსულტაციის ამსახველი  დოკუმენტი: https://shorturl.at/bcz13

[v]იხ. UK-ის საკანონმდებლო კომისიის  მეორე  კონსულტაციის ამსახველი შემაჯამებელი დოკუმენტი:https://shorturl.at/dzBR9

[vi]იხ. UK-ის საკანონმდებლო კომისიის  მეორე  კონსულტაციის ამსახველი შემაჯამებელი დოკუმენტი:https://shorturl.at/dzBR9

[vii] იხ. ამ გადაწყვეტილების შეჯამება შემდეგ ბლოგ-პოსტზე: https://shorturl.at/cosG2

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *