2023 წლის 26 დეკემბერს, აზერბაიჯანმა მიიღო ახალი კანონი არბიტრაჟის შესახებ (შემდგომში „აზერბაიჯანის კანონი“).[i] კანონი განასხვავებს ეროვნულ და საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვას (საერთაშორისოდ, არბიტრაჟი მიიჩნევა მაშინ, როდესაც, მათ შორის მხარეებს სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ ადგილსამყოფელი). ახალი კანონი ნაწილობრივ ეფუძნება UNICTRAL-ის 2006 წლის მოდელურ კანონს საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ (შენდგომში „მოდელური კანონი“).[ii] თუმცა, მოდელური კანონისაგან განსვავებით, ახალი კანონი შეიცავს სპეციფიკურ დებულებებსაც, მათ შორის თავისი ბუნებით შემზღუდავს, როგორც საარბიტრაჟო დაწესებულებების, არბიტრების, ისე საარბიტრაჟო განხილვის კუთხით.
წინამდებარე ბლოგპოსტით, განხილული იქნება კანონის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, კერძოდ (i) საარბიტრაჟო შეთანხმების Prima Facie შეფასება სასამართლოს მიერ წარმოების შეწყვეტისას; (ii) საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის პრეზუმფცია; (iii) საერთაშორისო არბიტრაჟში, საარბიტრაჟო განხილვის ადგილის დაუდგენლობისას, ბაქოს სასამართლოს უფლებამოსილება არბიტრთა დანიშვნის, აცილებისა და შეწყვეტის საკითხებში; (iv) შეზღუდული არბიტრაჟუნარიანობა; (v) ადგილობრივ საარბიტრაჟო ინსტიტუტთა აკრედიტაცია და Ad hoc არბიტრაჟის შეზღუდვა; (vi) არბიტრთა მიმართ დადგენილი მთხოვნები; (vii) არბიტრთა იმუნიტეტი.
(i) საარბიტრაჟო შეთანხმების Prima Facie შეფასება სასამართლოს მიერ წარმოების შეწყვეტისას
არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონისაგან განსხვავებით[iii] (შემდგომში „აშკ“), აზერბაიჯანის კანონი პირდაპირ ითვალისწინებს,[iv] რომ როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის მიუხედავად, ერთი მხარე მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს დავის სასამართლოს მეშვეობით გადაწყვეტას, ხოლე მეორე მხარე მიუთითებს საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, სასამართლომ უნდა შეწყვიტოს დავა და იგი განსახილველად გადასცეს არბიტრაჟს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება აშკარად ბათილი, ძალადაკარგულია, ან მისი შესრულება შეუძლებელია. შესაბამისად, აზერბაიჯანის კანონი პირდაპირ ადგენს სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო შეთანხმების ასეთ შემთხვევებში შეფასების Prima facie (ერთი შეხედვის) სტანდარტს, რაც დადებითად შეიძლება შეფასდეს.
(ii) საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის პრეზუმფცია
აზერბაიჯანის კანონი ასევე ადგენს საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის პრეზუმფციას;[v] კერძოდ, კანონის მიხედვით, ნებისმიერი ორაზროვნება საარბიტრაჟო შეთანხმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, უნდა განიმარტოს საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობისა და არსებობის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, მსგავსი პრეზუმფცია იმოქმედებს მაშინ, როდესაც თანაბარმნიშვნელოვანი განმარტების შესაძლებლობა იარსებებს და არა როდესაც საწინააღმდეგო განმარტება უფრო ლოგიკური ან/და განმტკიცებულია არსებული მტკიცებულებებით.
(iii) საერთაშორისო არბიტრაჟში, საარბიტრაჟო განხილვის ადგილის დაუდგენლობისას, ბაქოს სასამართლოს უფლებამოსილება არბიტრთა დანიშვნის, აცილებისა და შეწყვეტის საკითხებში
ერთ-ერთი სიახლე, რომელიც აზერბაიჯანის არბიტრაჟის კანონმა ევროპის სხვადასხვა საარბიტრაჟო კანონმდებლობის მაგალითიდან გაითვალისწინა,[vi] არის შემთხვევა, როდესაც მხარეებს არ აქვთ არჩეული საარბიტრჟო განხილვის ადგილი და მხარეები საჭიროებენ სასამართლოს დახმარებას. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საარბიტრაჟო განხილვის ადგილის არჩევა არ წარმოადგენს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებით პირობას (რადგან ასეთ შემხვევაში, არბიტრები ადგენენ მას), თუმცა იგი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც მხარეებს სჭირდებათ გარეშე დახმარება თავად არბიტრთა დასანიშნად, მით უფრო Ad Hoc არბიტრაჟის შემთხვევაში, როდესაც საარბიტრაჟო ინსტიტუტი ვერ სთავაზობს მხარეებს ასეთ დახმარებას. ასეთ დროს, თუ ვერ დადგინდა, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს მხარემ არბიტრის დასანიშნად, საარბიტრაჟო წარმოება ვერ წარიმართება. შესაბამისად, მსგავსი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად, აზერბაიჯანის არბიტრაჟის კანონმაც გაითვალისწინა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის შემთხვევაში, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილი, თუმცა ერთ-ერთ მხარეს ადგილსამყოფელი აზერბაიჯანში აქვს, მაშინ არბიტრთა დანიშვნის, აცილების, უფლებამოსილების შეწყვეტის უფლებამოსილება ბაქოს სასამართლოს ენიჭება.
(iv) დავების შეზღუდული არბიტრაჟუნარიანობა
აზერბაიჯანის არბიტრაჟის კანონმა ასევე, არამარტო გაითვალისწინა, თუ ზოგადად რა დავები ექვემდებარება არბიტრაჟის მეშვეობით განხილვას (კომერციული დავები, რაზედაც მხარეებს შეუძლიათ შეთანხმება და რომელიც არ იქონიებს ზეგავლენას მესამე პირების უფლებებზე)[vii], არამედ გაითვალისწინა დავები, რომლებიც ვერ იქნება განხილული არბიტრაჟის მიერ. ამ მხრივ, კანონი ასხვავებს საერთაშორისო და ეროვნულ საარბიტრაჟო განხილვას. კერძოდ, მხოლოდ ეროვნული არბიტრაჟის მიერ შეიძლება იყოს განხილული დავები, რომელიც ეხება: ა) იმ ქონების იჯარით/ქირავნობით გაცემას, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე; ბ) გადაზიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადამზიდველების მიმართ პრეტენზიებთან დაკავშირებული დავები;[viii] კანონმა ასევე, ზოგადად გაითვალისწინა, რომ შემდეგი კატეგორიის დავები არ ექვემდებარება არბიტრაჟის მეშვეობით განხილვას[ix]:
- სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საკითხები;
- ადმინისტრაციული და სხვა საზოგადოებრივ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე საკითხები;
- საოჯახო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავები;
- პირის სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები;
- შრომითი დავები;
- დავები გარემოს დაცვის სფეროში;
- მემკვიდრეობითი საკითხები;
- ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დადგენასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავები;
- კონკურენციის კანონმდებლობასთან და მომხმარებლის დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავები უფლებები, ასევე სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული დავები;
- დავები, რომლებიც ეხება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ქონების საკუთრებას და სხვა მესაკუთრის უფლებებს;
- გადახდისუუნარობისა და გაკოტრების სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საკითხები;
- იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან ან მისი გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხები (სადაც იურიდიულ პირს აქვს იურიდიული მისამართი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში);
- დავები, რომლის ერთ-ერთი მხარე ფიზიკური პირია, (რამდენადაც დავა არ არის დაკავშირებული ამ პირის სამეწარმეო საქმიანობასთან);
ზემოაღნიშნულია სია საკმაოდ ფართოა. ასევე, მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში, როგორც საკანონმდებლო რეგულაციით, ისე სასამართლო პრაქტიკით აღიარებულია, რომ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონკურენციის სამართალი, მემკვიდრეობითი-საოჯახო დავები, შრომითი დავები, მოხმარებელთა დავები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავები, გადახდისუნარიანობა (ა.შ.), გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია წარმოიშვას დავის არბიტრაჟუნარიანობის წინაღობა (ერთი მხრივ, დავა შეიძლება შეეხებოდეს საარბიტრაჟო შეთანხმების არახელმომწერ მხარეს-მიემართებოდეს სხვა პირის ინტერესს, მეორე მხრივ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს საჯარო ინტერესის დაცვა), ქვეყნები განსხვავებული ფარგლებით და წინაპირობებით, მაინც განსაზღვრავენ იმ ჩარჩოს, როდესაც მაინც შესაძლებელია მსგავსი დავების განხილვა. შესაბამისად, ბლანკეტური შეზღუდვა, ყოველთვის მძიმე ჩარევად შეიძლება იყოს მიჩნეული.
(v) ადგილობრივ საარბიტრაჟო ინსტიტუტთა აკრედიტაცია და Ad hoc არბიტრაჟის შეზღუდვა
კანონის მიხედვით, ადგილობრივი საარბიტრაჟო ინსტიტუტი უნდა მოქმედებდეს ა(ა)იპ-ის ფორმით და მან ფუნქციონირებამდე უნდა გაიაროს აზერბაიჯანის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს აკრედიტაცია. კანონის მიხედვით, აკრედიტაციის პროცესში შეფასდება შემდეგი გარემოებები[x]: საარბიტრაჟო წესების კანონთან შესაბამისობა, არბიტრების საწყისი სია, რომელიც შედგება მინიმუმ 3 (სამი) არბიტრისგან, მუდმივი საარბიტრაჟო დაწესებულების დამოუკიდებლობა, შესაბამისი სტრუქტურის არსებობა; აგრეთვე მათი საქმიანობის მარეგულირებელი შიდა წესები, დაწესებულების მიერ აუცილებელი ადამიანური და ფინანსური რესურსები; მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფლობა, ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპებისა და პოლიტიკის მიღება, თანამშრომლები, გამჭვირვალობა და ინსტიტუტის ეფექტური შიდა კონტროლი. ამასთანავე, კანონი ითვალისწინებს, რომ Ad hoc არბიტრაჟი, მხოლოდ საერთაშორისო არბიტრაჟის შემთხვევაშია დაშვებული.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აკრედიტაციის არსებობა, ზოგადად წარმოშობს არამარტო საარბიტრაჟო ინსტიტუტთა საქმიანობის, არამედ მხარეთა კერძო ავტონომიის სახელმწიფოს მხრიდან არაპროპორციულად შეზღუდვის მნიშვნელოვან რისკს. მსგავსი შეზღუდვები,ასევე დაწესებულ იქნა რუსეთში, 2016 წლის საარბიტრაჟო რეფორმით,[xi] რომელიც საერთაშორისო არბიტრაჟსაც გადასწვდა და იგი არ იქნა მიღებული დადებითად საარბიტრაჟო საზოგადოების მიერ.
(vi) არბიტრთა მიმართ დადგენილი მთხოვნები
კანონი ასევე ადგენს ეროვნული საარბიტრაჟო დავების განხილვისას არბიტრთა მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს. კერძოდ, კანონის მიხედვით, ეროვნულ საარბიტრაჟო განხილვაში, არბიტრად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც არის არანაკლებ ა) 25 წლის, ბ) აქვს არანაკლებ 3 წლის რელევანტური გამოცდილება და გ) ფლობს ფლობს უმაღლეს განათლებას. ხოლო, თუ დავას ერთი არბიტრი განიხილავს, მაშინ ეს არბიტრი უნდა ფლობდეს სამართლებრივ განათლებას; იმავე ეხება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარეს. ამასთანავე, კანონის მიხედვით, საარბიტრაჟო ინსიტუტებმა შეიძლება დაადგინონ დამატებითი მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული ზღუდავს მხარეთა ავტონომიას, თავად აირჩიონ არბიტრები და თავისუფლად დაადგინონ მათ მიმართ კომპეტენციასთან დაკავშირებული მოთხოვნები. მხარეთა ავტონომია კი არის ის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რის გამოც არბიტრაჟი არამარტო მიმზიდველია მოდავე მხარეებისათვის, არამედ არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ეფექტიანი საშუალება. კერძოდ ის, რომ მხარეები თავად ადგენენ, თუ ვის მიერ, როგორ და რა ფარგლებში იქნეს განხილული დავა არბიტრაჟის მიერ, ხდის არბიტრაჟს სასამართლოს ეფექტიან ალტერნატივას. სწორედ ამიტომ, ბევრი ქვეყნის საარბიტრაჟო კანონმდებლობა არ აწესებს მსგავს მოთხოვნებს და მხარეებს ფართო დისკრეციას ანიჭებს არბიტრთა არჩევანის მიმართ.
(vii) არბიტრთა იმუნიტეტი
კანონი ითვალისწინებს, რომ არბიტრები თავისუფლდებიან მათ მიერ ფუნქციების შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, იმ პირობით, რომ მათ თავიანთი ფუნქციები კეთილსინდისიერად შეასრულეს. ეს ნამდვილად ისეთ იცვლილებაა, რომელიც დადებითან უნდა შეფასდეს. ასევე, კანონი ადგენს, რომ არბიტრს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მისი გადადგომის ან უფლებამოსილების შეუსრულებლობის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი გადადგომა ან შეუსრულებლობა დადასტურდება რომ იყო არაგონივრული. შესაბამისად, მოცემული მუხლების მიხედვით, მოდავე მხარეს ეკისრება არბიტრის არაკეთილსინდისიერების და არაგონივრულობის ტვირთი.
დასკვნა მართალია, აზერბაიჯანის ახალი კანონი არბიტრაჟის შესახებ, იზიარებს მოდელური კანონის მთელ რიგ დებულებებს, ასევე შეიცავს და ითვალისწინებს ისეთ დებულებებს, რომელიც ახასიათებს არბიტრაჟისადმი „მეგობრული“ განწყობის მქონე ქვეყანათა კანონმდებლობას (მაგალითად, საარბიტრაჟო შეთანხმების Prima facie შეფასების სტანდარტი, საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის პრეზუმფცია, სასამართლოს დახმარებას საარბიტრაჟო წარმოების ეფექტიანობისთვის), კანონი, ასევე საკმაოდ შემზღუდავია მხარეთა კერძო ავტონომიისა, განსაკუთრებით ეროვნული საარბიტრაჟო დავის ნაწილში, სადაც სახელმწიფო ჩარევის ფარგლები კანონის მიხედვით ფართოა.
[i] იხ. კანონის ინგლისურენოვათი თარგმანი: https://shorturl.at/FMY27 განახლებულია 10.03.2024
[ii] იხ. ბლოგპოსტი: https://shorturl.at/wCRY9 განახლებულია 10.03.2024
[iii] აშკ-ის 9.1. მუხლი
[iv] კანონის 17.1. მუხლი.
[v] კანონის 16.8 მუხლი.
[vi] მაგ. იხილეთ გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 125(3) სექცია, რომელიც საარბიტრაჟო განხილვის ადგილის დაუდგენლობისას, თუ მოსარჩელეს ადგილსამყოფელი გერმანიაშია, ანიჭებს მას მიმართოს გერმანულ სასამართლოს არბიტრის დანიშვნის ან აცილების საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილებას.
[vii] კანონის 13.1. მუხლი.
[viii] კანონის 13.3. მუხლი.
[ix] კანონის 13.2. მუხლი.
[x] კანონის 11.5. მუხლი.
[xi] იხ. ბლოგ-პოსტი: https://shorturl.at/anzD5 განახლებულია 10.03.2024