წინასაარბიტრაჟო პროცედურების მნიშვნელობა და მისი დაუცველობის გავლენა საარბიტრაჟო წარმოებაზე

შესავალი

საარბიტრაჟო შეთანხმებები ხშირად მოითხოვს, რომ საარბიტრაჟო წარმოების დაწყებამდე განხორციელდეს გარკვეული პროცედურული ნაბიჯები, როგორებიცაა მედიაცია, მოლაპარაკება და სხვა. ეს ნაბიჯები ქმნის ე.წ „გაგრილების პერიოდს“, რომლის დროსაც მხარეებს შეუძლიათ თავად სცადონ დავის მშვიდობიანად გადაჭრა.[i]

წინასაარბიტრაჟო ნაბიჯების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები. ზოგიერთი სასამართლო ამ ნაბიჯების გამოტოვებას სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს, რაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების საფუძველიც შიძლება გახდეს.[ii] ეს იმიტომ ხდება, რომ ეს პროცედურები ხშირად განიხილება აუცილებელ პირობებად, რომლებიც უნდა დასრულდეს საარბიტრაჟო წარმოების დაწყებამდე.[iii]

ამ ბლოგ-პოსტით, მიმოხილულ იქნება სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების მაგალითზე, როდის და როგორ მიიჩნევა წინასაარბიტრაჟო პროცედურების სავალდებულოდ, თუ ნებაყოფლობითად,  და წარმოაჩინოს ის პრობლემები, რომელიც მათ დაუცველობას ახლავს თან.

წინასაარბიტრაჟო პროცედურები: ნებაყოფლობითი თუ სავალდებულო?

იმისთვის, რომ სწორად განისაზღვროს რა საფრთხეები შეიძლება წარმოშვას წინასაარბიტრაჟო პროცედურების დარღვევამ და რა გავლენა შეიძლება იქონიოს საარბიტრაჟო წარმოებაზე, უპირველესად, უნდა დადგინდეს, აქვთ თუ არა მათ სავალდებულო ხასიათი.

წინასაარბიტრაჟო პროცედურების სავალდებულო ბუნება დგინდება იმით, თუ როგორ არის ის ფორმულირებული საარბიტრაჟო შეთანხმებაში.[iv] International Chamber of Commerce (ICC)-ის წესებით მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებში არა ერთხელ ყოფილა ხაზგასმა იმის შესახებ, რომ წინასაარბიტრაჟო პროცედურების ხასიათი თავად ტრიბუნალმა (არბიტრაჟმა) უნდა დაადგინოს.[v] მაგალითისთვის, ერთ-ერთ საქმეში, მოპასუხე დავობდა, რომ რადგან მოსარჩელემ პირდაპირ მიმართა არბიტრაჟს, ტრიბუნალს არ გააჩნდა იურისდიქცია, განეხილა საქმე. მიუხედავად ამისა, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა განაცხადა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებაში განსაზღვრეს, რომ მორიგება მხარეებს თავად შეუძლიათ. ტრიბუნალის განმარტებით, ეს ჩანაწერი არ ატარებდა სავალდებულო ხასიათს, ვინაიდან სიტყვა „შეუძლიათ“, არ გულისხმობს, რომ მხარეებისთვის ეს პროცედურა სავალდებულო იყო.[vi] იმავე მსჯელობას ავითარებას ტრიბუნალი საქმეში, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თითოუელ მხარეს შეეძლო ტრიბუნალამდე მედიაციისთვის მიემართა.

განსხვავებულ მსჯელობას ვაწყდებით საქმეში Philip Morris v Uruguay, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ისინი თავად ვერ მორიგდებოდნენ, ნებისმიერ მხარეს შეუძლია საქმის კომპეტენტური სასამართლოების საშუალებით გადაწყვეტა. ხოლო თუ სასამართლო განხილვის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი, მაშინ მხარეს შეუძლია მიმართოს საარბიტრაჟო ტრიბუნალს. ტრიბუნალმა განმარტა, რომ როდესაც წინადადება იწყება სიტყვით „თუ“ და შემდგომ მოყვება სიტყვა „შეუძლია“, ერთად ქმნიან კუმულატიურ პირობას, რომელიც მხარეებისთვის ვალდებულებას წარმოშობს.[vii]

აქედან გამომდინარე, წინასაარბიტრაჟო პროცედურების ბუნების დადგენა ინტერპრეტაციის საგანია და მათი განსაზღვრისას მნიშნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი ფორმულირებით ჩაწერეს ის მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში. იმისთვის, რომ უფრო ნათელი იყოს წინასაარბიტრაჟო პროცედურების არაერთგვაროვანი ბუნება, განვიხილოთ  ისინი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე.

შვეიცარია

შვეიცარიაში წინასაარბიტრაჟო პროცედურების ხასიათის დადგენა ასევე ინტერპრეტაციის საგანია და რეკომენდირებულია, რომ შესაბამის მუხლებში მხარეებმა თავად განსაზღვრონ, აქვს თუ არა სავალდებულო ხასიათი წინასაარბიტრაჟო პროცედურებს, რათა მომავალში თავიდან აირიდონ ის პრობლემები, რაც შეიძლება მათმა დაუცველობამ წარმოშვას.[viii] შვეიცარიის ფედერალური უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ გადამწყვეტია ის გარემოება, წინასაარბიტრაჟო პროცედურისთვის დადგენილია, თუ არა ის კონკრეტული ვადა, რა დროშიც ის უნდა განხორციელდეს. ვადის არარსებობა უფლებას აძლევს მხარეს განუსაზღვრელი ვადით გადადოს ტრიბუნალისთვის მიმართვა და გააჭიანუროს პროცესი.

შვეიცარიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში დაადგინა, რომ წინასაარბიტრაჟო პროცედურა, რომელიც მხარეებმა თავად განსაზღვრეს, შესასრულებლად სავალდებულო იყო. ვინაიდან მხარეებმა დაარღვიეს აღნიშნული შეთანხმება, უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საარბიტრაჟო განხილვა და მხარეებს დაუწესა ვადა, რა დროშიც ისინი თავად უნდა მორიგებულიყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელებდა საარბიტრაჟო წარმოებას.[ix]

გერმანია

გერმანიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ ორ მნიშვნელოვან საქმეში დაადგინა, რომ წინასაარბიტრაჟო პროცედურების შესრულებას სავალდებულო ხასიათი აქვთ და მხარეებმა ისინი აუცილებლად უნდა დაიცვან.[x] პირველ საქმეში დაადგინა, რომ თუ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლოში წასვლამდე მორიგების გზით უნდა გადაეწყვიტათ დავა, მაშინ მათ დასრულებამდე შეტანილი ნებისმიერი სარჩელი სასამართლომ დაუშვებლად უნდა სცნოს.[xi]

მეორე საქმეში კი მოსარჩელე დავობდა, რომ თუმცა მხარეები შეთანხმდნენ თავად მოეგვარებინათ დავა ტრიბუნალისთვის მიმართვამდე, მოპასუხის მხრიდან არ იკვეთებოდა არანაირი სურვილი იმისა, რომ დათმობაზე წასულიყო და მოსარჩელის აზრით, მათი მოლაპარაკების მცდელობა უშედეგო იქნებოდა. მიუხედავად ამისა, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ  სანამ არსებობს მორიგების ლეგიტიმური ინტერესი, მათ დასრულებამდე ნებისმიერ სარჩელს დაუშვებლად სცნობს.[xii]

ინდოეთი

ამ საკითხთან მიმართებით, სრულად განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს ინდოეთის უზენაესი სასამართლო. საქმეში Visa International Ltd. v. Continental Resources (USA) Ltd მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ჯერ თავად ეცდებოდნენ დავის მშვიდობიანად გადაჭრას და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავდნენ არბიტრაჟს. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარბიტრაჟო პროცედურას სავალდებულო ხასიათი ჰქონდა, თუმცა მხარემ პირდაპირ არბიტრაჟს მიმართა, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი ტრიბუნალს წარმოებაში უნდა მიეღო.[xiii] მიზეზი კი ის იყო, რომ უზენაესი სასამართლოს აზრით, შანსი იმისა, რომ მხარეები თავად მორიგდებოდნენ ძალიან მცირე იყო და ამიტომ ეს დროის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა.

მუმბაის უზენაესი სასამართლო იდენტურ მსჯელობას ავითარებს საქმეში Rajiv Vyas v. Johnwin და განმარტავს, რომ როდესაც მხარეთა შორის მოგვარების ალბათობა მცირეა, მაშინ წინასაარბიტრაჟო პროცედურების დაცვა მხოლოდ ფორმალობაა, რომელსაც შედეგი არ ქნება.[xiv]

ამ სამი ქვეყნის მაგალითზე, კიდევ უფრო ნათლლად ჩანს ის გარემოება, თუ როგორი სიზუსტით უნდა მოხდეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში წინასაარბიტრაჟო პროცედურების ჩაწერა, რათა თავიდან ავირიდოთ  მათ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები.

წინასაარბიტრაჟო პროცედურების დაუცველობისგან გამოწვეული შედეგები

მეორე საკითხი, რომელიც უნდა გამოვარკვიოთ, არის ის, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს წინასაარბიტრაჟო პროცედურების დარღვევამ საარბიტრაჟო წარმოებაზე.

როდესაც მხარე არ ასრულებს წინასაარბიტრაჟო პროცედურებს და ნაადრევად მიმართავს არბიტრაჟს, მოპასუხე მხარე, ხშირ შემთხევაში, იმაზე დავობს, რომ ტრიბუნალს იურისდიქცია არ აქვს.[xv] სწორედ ამ მსჯელობას ვაწყდებით საქმეში   Emirates Trading Agency LLC v Prime Mineral Exports Pte Ltd [2015] 1 WLR 1145. თუმცა, ინგლისის უმაღლესმა სასამართლომ თავისი უახლესი გადაწყვეტილებით (NWA and others v NVF and others [2021] EWHC 2666)  საბოლოოდ გაგვცა პასუხი ამ საკითხზე.

საქმეში Sierra Leone v SL Mining Limited [2021] EWHC 286  სასამართლომ განმარტა, რომ წინასაარბიტრაჟო პროცედურების დასრულებამდე არბიტრაჟისთვის მიმართვა არა ტრიბუნალის იურისდიქციის, არამედ სარჩელის დასაშვებობის საკითხს აყენებდა ეჭვქვეშ და მიიღებს, თუ არა ტრიბუნალი სარჩელს წარმოებაში, სწორედ ამ უკანასკნელის გადასაწყვეტია.[xvi]

ინგლისის უმაღლესმა სასამართლომ საქმეში NWA and others v NVF and others [2021] EWHC 2666  განავითარა ზემოხსენებული საქმის იდენტური მსჯელობა და დამატებით განმარტა ამ პრობლემასთან დაკავშირებული სხვა რიგი საკითხებიც. უპირველესად, სასამართლომ შეაფასა საარბიტრაჟო შეთანხმების ბუნება და დაადგინა, რომ წინასაარბიტრაჟო პროცედურებს სავალდებულო ხასიათი გააჩნდათ. თუმცა, უარყო მოპასუხის მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მათი დარღვევა ტრიბუნალის იურისდიქციის გამორიცხვის საფუძველი იყო და განმარტა, რომ თუ მოპასუხის ლოგიკას გავყვებით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე უარს იტყვის მედიაციაზე, ტრიბუნალს საქმის განსახილველად იურისდიქცია არასდროს არ ექნება. მოსამართლემ აღნიშნა ისიც, რომ ის შედეგები, რაც წინასაარბიტრაჟო პროცედურების დარღვევას მოჰყვება, თავად არბიტრებმა უნდა განსაზღვრონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ წინასაარბიტრაჟო პროცედურების დაუცველობა საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობას საფრთხეს არ უქმნის. სასამართლოს აზრით, თითოეული შედეგი, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩაწერენ მათ მხარეები.[xvii] მაგალითად, საქმეში  Laker Vent Engineering v Jacobs [2014] EWHC 1058, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებოდნენ არბიტრის დანიშვნაზე  განსაზღვრული დროის განმავლობაში, მაშინ საქმეს სასამართლო განიხილავდა. მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს აზრით,  ამ ჩანაწერში დადგენილი იყო კონკრეტული ვადა და ნათლად იკვეთებოდა მხარეების განზრახვა და სწორედ ამიტომ, საარბიტრაჟო შეთანხმება ძალადაკარგული იყო.[xviii]

დაბოლოს, აუცილებლად უნდა განვიხილოთ უახლესი მიდგომა, რომელიც ჰოლანდიის უზენაესმა სასამართლომ შემოგვთავაზა.[xix] საქმეში Lotamblau Investments B.V.v. Project Partner Search Beheer B.V. ჰოლანდიის უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ წინასაარბიტრაჟო პროცედურების შეუსრულებლობა არც ტრიბუნალის იურისდიქციას გამორიცხავს და არც დასაშვებობას. ის მხოლოდ საარბიტრაჟო პროცესის გადადებას გამოიწვევს, თუ მეორე მხარე დაასაბუთებს, რომ მედიაციისთვის მიმართვა ნამდვილად სავალდებულო იყო, თუმცა არბიტრაჟამდე მედიაციისთვის მიმართვა უშედეგო იქნებოდა. ასევე, განმარტა, რომ საარბიტრაჟო შეთანხმებები ძალიან ზუსტად უნდა ჩაიწეროს, ისე, რომ ვეღარ მოხდეს მათი სხვაგვარად ინტერპრეტირება.

დასკვნა

წინასაარბიტრაჟო პროცედურები უნდა ეხმარებოდეს არბიტრაჟს და ზრდიდეს მის ეფექტურობას, მათი დაუცველობა კი აჭიანურებს პროცესს და ქმნის დამატებით პრობლემებს. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა ის დაბრკოლება, რომელიც წინასაარბიტრაჟო პროცედურების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს, საარბიტრაჟო შეთანხმებებში მხარეებმა მხედველობაში უნდა მიიღონ რამდენიმე გარემოება.

უპირველესად, მნიშვნელოვანია, მხარეებმა ზუსტად განსაზღვრონ წინასაარბიტრაჟო პროცედურების ბუნება – სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი. მათი განსაზღვრა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ შემდგომში მხარეებმა თავიდან აირიდონ საარბიტრაჟო სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებული დაბრკოლებები, რაც გამოიწვევს საარბიტრაჟო წარმოების შეჩერებას ან მასთან დაკავშირებულ სხვა რიგ პრობლემებს.

როგორც უკვე გამოვარკვიეთ, აუცილებელია, წინასაარბიტრაჟო პროცედურებისთვის მხარეებმა განსაზღვრონ ის ვადა, რა ვადაშიც მხარეებმა უნდა შეასრულონ ეს პროცედურები. თუ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, ხშირად, სწორედ ვადის არ არსებობა მოსარჩელე მხარეს აძლევს იმის საშუალებას, რომ გაწელოს საარბიტრაჟო წარმოება. წინასაარბიტრაჟო პროცედურები, ვადის დაწესებით, ერთგვარ ჩარჩოში ექცევა და  ზღუდავს მათ სხვაგვარ განმარტებას.

ანი თავხელიძე


[i] Born, Gary, and M. Šćekić. “Pre-Arbitration Procedural Requirements: A Dismal Swamp” 12 ნოემბერი, 2015. იხ. https://www.wilmerhale.com/-/media/6193f8afc0f24ac3944fe645627b1886.pdf.

[ii] Born, Gary B. International Arbitration: Law and Practice. 3rd ed., 64. Kluwer Arbitration Blog.

[iii]  იხ. იქვე.

[iv] Howard, K. “Failure to Comply with Pre-Arbitration Requirement to Mediate a Matter of Admissibility, Not Jurisdiction.” 2021.

[v] Kayali, Didem. “Enforceability of Multi-Tiered Dispute Resolution Clauses.” Kluwer Arbitration Blog.

[vi]  ICC Case No. 4230. (იხ. Mitrovic, Milivoje. “Dealing with the Consequences of Non-Compliance with Mandatory Pre-Arbitral Requirements in Multi-Tiered Dispute Resolution Clauses: The Swiss Approach and a Look Across the Border.” In ASA Bulletin, edited by Matthias Scherer, 37 (3): 559-579. Kluwer Law International, 2019).

[vii]  ICC Case No. 10256 (იხ. იქვე).

[viii] Oetiker, Christian, and Claudia Walz. “Non-Compliance with Multi-Tier Dispute Resolution Clauses in Switzerland.” Edited by Matthias Scherer. ASA Bulletin 35, no. 4 (2017): 872–887. Association Suisse de l’Arbitrage; Kluwer Law International.

[ix] Swiss Federal Supreme Court. DFSC 142 III 296 (4A_628/2015). 16 მარტი, 2016 (იხ. https://www.ibanet.org/article/7771e39d-9044-4411-8435-dd10cad26e9d).

[x] Mitrovic, Milivoje. “Dealing with the Consequences of Non-Compliance with Mandatory Pre-Arbitral Requirements in Multi-Tiered Dispute Resolution Clauses: The Swiss Approach and a Look Across the Border.”, 2016. Kluwer Arbitration Blog.

[xi]   იხ. იქვე. BGH, NJW-RR 2016, p. 704, c. III. 2.

[xii] Mitrovic, Milivoje. “Dealing with the Consequences of Non-Compliance with Mandatory Pre-Arbitral Requirements in Multi-Tiered Dispute Resolution Clauses: The Swiss Approach and a Look Across the Border.”, 2016.  Decision BGH, NJW 2017, p. 490, c. II. 3. Kluwer Arbitration Blog.

[xiii] Visa International Ltd. v. Continental Resources (USA) Ltd. (2009) 2 SCC 55. იხ. https://vidhinama.com/case-analysis-visa-international-ltd-v-continental-resources-usa-ltd-2009-2-scc-55/.

[xiv]  Vyas, Rajiv, v. Johnwin Manavalan. 9 ნომბერი, 2024. იხ. https://indiankanoon.org/doc/786120/.

[xv] McErlaine, Michael, and James Allsop. “Trends in Questions of Jurisdiction and Admissibility in International Arbitration.” Herbert Smith Freehills LLP, 2 ნოემბერი, 2021.

[xvi] The Republic of Sierra Leone v. SL Mining Limited.  15 თებერვალი, 2021.

[xvii] Boussabaine, Yahia, and Ronan O’Reilly. “Pre-Arbitration Conditions: The English High Court Provides Further Clarity in the Admissibility v Jurisdiction Debate.” Jenner & Block, 22 ნომბერი, 2021. NWA and Others v. NVF and Others [2021] EWHC 2666, 8 ოქტომბერი, 2021.

[xviii] Engineering Limited v. Jacobs E&C Limited. 8 აპრილი, 2014.  https://www.bailii.org/ew/cases/EWHC/TCC/2014/1058.html.

[xix]  Schluep, Alexandra, and Roelien van den Berg. “Multi-Tiered Dispute Resolution Clauses: Can the Agreement to Mediate Prior to Commencing Arbitration Be Binding?” Avizor Advocates & Arbitrators, 21 აგვისტო, 2024.

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *