კომპანიის შიდა იურისტების ხარჯების ანაზღაურება, განსხვავებული აზრი და საპროცესო პრეტენზიის დაგვიანებული წარდგენა: კიოლნის სასამართლოს არბიტრაჟისადმი მეგობრული განმარტებები

შესავალი

1958 წლის ნიუ-იორკის კონვენცია  უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ („კონვენცია“) ამომწურავად ჩამოთვლის V მუხლში იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებზე დაყრდნობითაც შესაძლოა უარი ეთქვას მხარეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე.

ამასთან, კონვენცია აღიარებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების არსებითი გადასინჯვის აკრძალვას, რაც  გულისხმობს იმას,  რომ  „სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება არსებითი გადასინჯვის საფუძველზე საქმეზე ახალი გადაწყვეტილება გამოიტანოს, თუნდაც საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ არასწორი გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი კუთხით.“[i]

მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში წაგებული მხარეები ხშირად ცდილობენ, კონვენციის V მუხლში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი – საჯარო წესრიგთან წინააღდეგობა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების არსებითი თუ საპროცესო სისწორის ხელახალი შემოწმების საშუალებად გამოიყენონ.

თუმცა, არბიტრაჟისადმი მეგობრულ იურისდიქციებში, საჯარო წესრიგი, როგორც წესი, ვიწროდ განიმარტება და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იწვევს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმას.

ამ მხრივ საინტერესოა კიოლნის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს  2026 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №19 Sch 11/25.[ii] კიოლნის სასამართლომ ამ დავის ფარგლებში განიხილა, როგორც კომპანიის შინდა (კორპორაციული) იურისტის ანაზღაურებასთან, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განსხვავებულ აზრთან და მხარის სამართლიანი განხილვის უფლებასთან დაკავშირებული მხარის პრეტენზიები, რაც ქვემოთ დეტალურად იქნება განხილული.

I. საქმის ფაქტობრივი გარემოებები

დავა წარმოიშვა სამხრეთ კორეულ კომპანიასა და გერმანული კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებიდან, რომელიც წვის სისტემისთვის განკუთვნილი ვენტილატორების მიწოდებას ითვალისწინებდა. გერმანულმა კომპანიამ სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო საარბიტრაჟო დავა. მხარეები შეთანხმებულები იყვნენ, რომ მათ შორის დავა არბიტრაჟის მეშვეობით, ICC-ის საარბიტრაჟო წესების მიხედვით გადაწყდებოდა. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი იყო აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები).

სამი არბიტრისგან შემდგარმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გერმანული კომპანიის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და მას სამხრეთ კორეული კომპანიის მიერ გაწეული იურიდიული ხარჯების ანაზღაურება დააკისრა. ამასთან, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ერთ-ერთი არბიტრის განსხვავებული აზრი ერთვოდა თან.

სამხრეთ კორეულ კომპანიას საარბიტრაჟო წარმოებაში გარე იურიდიული ფირმის ნაცვლად საკუთარი შიდა (კორპორაციული) იურისტები წარმოადგენდნენ. ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნისას მათი სამუშაო შეფასებული იყო საათობრივი განაკვეთებით: მთავარი წარმომადგენლის შემთხვევაში – 950 აშშ დოლარი საათში, ხოლო მეორე შიდა იურისტის შემთხვევაში – 450 აშშ დოლარი საათში.

მხარეთა შეთანხმებული საპროცესო კალენდრის მიხედვით, საბოლოო წერილობითი პოზიციები და ხარჯებთან დაკავშირებული განცხადებები (Cost Submissions) ერთდროულად უნდა წარდგენილიყო. მოგვიანებით გერმანული კომპანია ამტკიცებდა, რომ ამ პროცედურის გამო მას მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოთხოვნილ ხარჯებზე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მიეცა. სწორედ ამ გარემოებაზე დავობდა გერმანული მხარე, როდესაც შეეწინააღმდეგა სამხრეთ კორეული კომპანიის განცხადებას ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გერმანიაში ცნობა-აღსრულებას. მხარე, ასევე მიუთითებდა არბიტრის განსხვავებულ აზრსა და მოწმის დაკითხვისას მის საპროცესო უფლებების დარღვევაზე.

II. შიდა იურისტების ხარჯების ანაზღაურება

თავდაპირველად, აღსანიშნავია, რომ ICC-ის 2021 წლის საარბიტრაჟო წესების 38(1) მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო წარმოების ხარჯები მოიცავს მხარეთა მიერ არბიტრაჟთან დაკავშირებით გაწეულ გონივრულ იურიდიულ და სხვა ხარჯებს.[iii]

კიოლნის სასამართლოს წინაშე დაისვა საკითხი, ექცეოდა თუ არა ამ დანაწესის ფარგლებში კომპანიის შიდა იურისტების მიერ შესრულებული სამუშაო და, განსაკუთრებით, შეიძლებოდა თუ არა ასეთი სამუშაოს ღირებულების გამოთვლა პირობითი საათობრივი განაკვეთების საფუძველზე.

კიოლნის სასამართლომ განმარტა, რომ შიდა იურისტების ხარჯები, პრინციპულად, ანაზღაურებას ექვემდებარება. არც ის გარემოება, რომ მათი სამუშაოს ღირებულება პირობითი საათობრივი განაკვეთებით იქნა გამოთვლილი, წარმოშობდა საჯარო წესრიგის დარღვევას, რამდენადაც არ არსებობდა მითითება, რომ გამოყენებული გაანგარიშება აშკარად არაგონივრული იყო.

კიოლნის სასამართლოს განმარტებით, გერმანულ სამართალში არ არსებობს ზოგადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც იურიდიული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ გარე ადვოკატის ან იურიდიული ფირმის დაქირავების შემთხვევაშია შესაძლებელი. მაგალითად, როდესაც ადვოკატი სასამართლო წარმოებაში საკუთარ თავს წარმოადგენს, გარკვეულ შემთხვევებში მას შეუძლია მოითხოვოს იმ პირობითი ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც გარე წარმომადგენლის დაქირავების შემთხვევაში წარმოიშობოდა.

ასეთმა მიდგომამ შესაძლოა ფაქტობრივად წარმოშვას იმაზე მეტი კომპენსაცია, ვიდრე მხარემ უშუალოდ გადაიხადა. თუმცა, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ სარგებელი არ უნდა მიიღოს მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე მხარემ საქმის წარმოება საკუთარი რესურსებით შეძლო და გარე იურისტი არ დაიქირავა.  ამგვარად, კიოლნის სასამართლომ განამრტა, რომ ხარჯების რეალურად გადახდა არ წარმოადგენს მათი ანაზღაურების ერთადერთ შესაძლო წინაპირობას. გადამწყვეტია, წარმოადგენდა თუ არა შესაბამისი სამუშაო არბიტრაჟთან დაკავშირებულ გონივრულ იურიდიულ ხარჯს და ხომ არ იყო მისი გაანგარიშება აშკარად არაგონივრული. ხოლო ამ ნაწილში, საჯარო წესრიგის ვიწრო განმარტების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მის დეტალურ განხილვაში არ შესულა.

III. არბიტრის განსხვავებული აზრი და მისი მიმართება  საჯარო წესრიგთან

მოპასუხის მეორე არგუმენტი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე დართული განსხვავებული აზრის არსებობას შეეხებოდა.

გერმანიის მოსამართლეთა შესახებ კანონის §43 განხილვის საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას ადგენს. გერმანულ იურიდიულ დისკუსიაში არსებობდა მოსაზრება, რომ აღნიშნული პრინციპი შესაძლოა არბიტრებზეც გავრცელებულიყო და განსხვავებული აზრის გამოქვეყნებასთან წინააღმდეგობაში მოსულიყო. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ფრანკფურტის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებას, რომელშიც სასამართლომ, მართალია, დამატებითი მსჯელობის სახით, მაგრამ მაინც გამოთქვა მოსაზრება, რომ განსხვავებული აზრი, სულ მცირე, გერმანიაში მიმდინარე შიდა საარბიტრაჟო წარმოების შემთხვევაში, შესაძლოა დაუშვებელი ყოფილიყო.

კიოლნის სასამართლომ ეს მიდგომა არ გაიზიარა. სასამართლოს განმარტებით, განხილვის საიდუმლოების პრინციპი გერმანულ სამართალშიც არ არის აბსოლუტური. მაგალითად, ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის §30(2) პირდაპირ უშვებს მოსამართლის განსხვავებული აზრის გამოქვეყნებას.

ამასთანავე, საერთაშორისო არბიტრაჟში განსხვავებული აზრების არსებობა (Dissenting Opinins) დიდი ხანია გავრცელებული და აღიარებული პრაქტიკაა. ამ პრაქტიკას ითვალისწინებს გერმანიის საარბიტრაჟო კანონმდებლობის მოდერნიზაციის კანონპროექტიც, რომლის პროექტის §1054a განსხვავებული აზრის დასაშვებობას პირდაპირ ადგენს.

სასამართლომ შესაბამისად დაასკვნა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე განსხვავებული აზრის დართვა, თავისთავად, არ წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას და არ ქმნის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს.

გარდა ამისა, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ განსხვავებული აზრის არსებობამ თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსზე ან ტრიბუნალის განხილვის პროცესზე დაუშვებელი გავლენა მოახდინა. საქმის მასალებიდან ირკვეოდა, რომ განსხვავებული პოზიციის მქონე არბიტრმა თავისი მოსაზრებები სხვა არბიტრებს გააცნო და განსხვავებული აზრის საბოლოოდ გამოცემამდე ტრიბუნალის წევრებს შორის დამატებითი განხილვაც გაიმართა.

ამდენად, სასამართლოს დაკვნით, განსხვავებული აზრის არსებობასა და საჯარო წესრიგის სავარაუდო დარღვევას შორის აუცილებელი კავშირი არ არსებობდა.

IV. სამართლიანი განხილვის უფლება  და საპროცესო პრეტენზიის დროულად წამოყენების ვალდებულება

მოპასუხე ასევე ამტკიცებდა, რომ დაირღვა მისი სამართლიანი განხილვის უფლება,  რადგან მას მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ ხარჯებზე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მიეცა. მხარე ასევე დავობდა იმაზე, რომ უცხო ენაზე მოსაუბრე მოწმეთა დაკითხივს დროს ტექნიკური პრობლემები არსებობდა, რამაც მისი სამართლიანი განხილვის უფლებაც დაარღვია.

კიოლნის სასამართლომ არცერთი ზემოაღნიშნული არგუმენტი არ  გაიზიარა. სასამართლომ თავდაპირველად განმარტა, რომ მხარეები თავად შეთანხმდნენ საპროცესო კალენდარზე (Procedural Timetable), რომელიც საბოლოო წერილობითი პოზიციებისა და ხარჯების შესახებ განცხადებების ერთდროულად წარდგენას ითვალისწინებდა. მოპასუხეს არც შეთანხმებული პროცედურის მიმართ გამოუთქვამს პრეტენზია და არც მოწინააღმდეგის ხარჯების განცხადებაზე დამატებითი კომენტარის წარდგენის შესაძლებლობა მოუთხოვია.

მსგავსი შეფასება გააკეთა სასამართლომ მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებულ არგუმენტზეც. მიუხედავად იმისა, რომ კორეელი მოწმეების ჯვარედინი დაკითხვისას გარკვეული საკომუნიკაციო სირთულეები წარმოიშვა, მოპასუხეს თარჯიმნის ჩართვა არ მოუთხოვია. სასამართლოს შეფასებით, მხარეს არ შეუძლია საარბიტრაჟო წარმოების დროს მისთვის ცნობილი საპროცესო პრობლემა რეაგირების გარეშე დატოვოს და შესაბამისი პრეტენზია მხოლოდ მას შემდეგ წამოაყენოს, რაც მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

აღნიშნული მიდგომა ეფუძნება საპროცესო კეთილსინდისიერებისა: ე.ი თუ მხარეს ჰქონდა დარღვევაზე დროულად მითითებისა და მისი გამოსწორების მოთხოვნის შესაძლებლობა, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, იგი, როგორც წესი, ვეღარ დაეყრდნობა იმავე გარემოებას აღსრულების ეტაპზე.

შესაბამისად,  კიოლნის სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.

დასკვნა

გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა- აღსრულების შეწინააღმდეგებისას, საჯარო წესრიგზე მითითება არ იძლევა საქმის არსებითად ხელახლა განხილვის შესაძლებლობას. ამასთანავე, კიოლნის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან პრაქტიკულ გზავნილს შეიცავს.

პირველ რიგში, კომპანიას შეიძლება აუნაზღაურდეს საარბიტრაჟო წარმოებაში საკუთარი შიდა იურისტების მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაც და გადაწყვეტილება, რომლითაც შიდა იურისტების ხარჯები ეკისრება მეორე მხარეს, ავტომატურად არ მიიჩნევა საჯარო წესრიგთან წინააღდეგობაში მყოფად.

მეორე, არბიტრის განსხვავებული აზრი, და მისი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე დართვა, უკვე  თანამედროვე საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკის აღიარებული მოვლენაა. მისი არსებობა თავისთავად არ აზიანებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნამდვილობას და არც მის ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის ავტომატურ საფუძველს ქმნის.

 ასევე, ამ გადაწყევტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარემ საპროცესო დარღვევაზე დროულად უნდა მიუთითოს. სხვა შემთხვევაში, ის დაკარგავს შედავების უფლებას. ამას ითვალისწინებს არიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლიც და ეს პრინციპი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია არაკეთილსინდისიერი შედავების შესაძლებლობის აღმოსაფხვრელად.


[i] კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოს სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის განმარტებაზე: ცნობარი მოსამართლეებისათვის გვ. 106.

[ii] იხ. 2026 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №19 Sch 11/25; განხილულია:  https://www.disarb.org/fileadmin/user_upload/Wissen/GAD/2026/GAD_2026-16_OLG_Cologne_19_Sch_11-25.pdf განახლებულია 19.09.2026.

[iii] კერძოდ, ICC-ის 2021 წლის საარბიტრაჟო წესების 38(1) მუხლი ადგენს შემდეგს: “The costs of the arbitration shall include the fees and expenses of the arbitrators and the ICC administrative expenses fixed by the Court, in accordance with the scale in force at the time of the commencement of the arbitration, as well as the fees and expenses of any experts appointed by the arbitral tribunal and the reasonable legal and other costs incurred by the parties for the arbitration.”

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *