ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი და გამოწვევები საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებისას

  1. შესავალი

„Technology is a useful servant but a dangerous master[i].“

           „ტექნოლოგია კარგი მსახურია, მაგრამ საშიში ბატონი.“

ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება. გამონაკლისს არც სამართლის სფერო წარმოადგენს. ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტები სულ უფრო მეტად ინტეგრირდება იურიდიულ პრაქტიკაში. შესაბამისად, მათი გამოყენება არბიტრების მიერ დავის გადაწყვეტის პროცესში უკვე არა თეორიული შესაძლებლობა, არამედ პრაქტიკული რეალობაა, რასაც არაერთი გამოწვევა ახლავს თან.[ii] თუმცა, სანამ უშუალოდ ამ კონკრეტულ საკითხზე ვისაუბრებდეთ, მნიშვნელოვანია განიმარტოს, თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი.

არ არსებობს ხელოვნური ინტელექტის ერთიანი ცნება. ერთი განმარტებით ის არის ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერებსა და მანქანებს ინტელექტუალურად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. სხვა განმარტებით კი, ხელოვნური ინტელექტი არის მანქანა, რომელიც ადამიანის შრომას ანაცვლებს ან თუნდაც სისტემა, რომელსაც აქვს მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი. განსხვავებული მნიშვნელობების მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის საერთო გაგება არის ის, რომ ის დაკავშირებულია კომპიუტერულ სისტემასთან, რომელიც კაცობრიობას პრობლემების გადაჭრასა და სამუშაო პროცესების გამარტივებაში ეხმარება[iii].

ხელოვნური ინტელექტის ზემოთ ხსენებული ფუნქციებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ის იქცა გადაწყვეტილების მიღების დამხმარე საშუალებად და ინსტრუმენტად საარბიტრაჟო წარმოებაში. თუმცა მისი განსაკუთრებული როლის მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების არბიტრაჟში გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისას. კერძოდ, რეგულაციების ცვალებადობის გამო წარმოიქმნება რისკი, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არ აღსრულდეს სხვა იურისდიქციაში, თუ ჩაითვლება რომ AI-ის გამოყენება ეწინააღმდეგებოდა იმ ადგილის საჯარო წესრიგს ან კანონმდებლობას. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ არბიტრაჟში ხელოვნური ინტელექტის არეკეთილსინდისიერმა და არაგულისხმიერმა გამოყენებამ მნიშვნელოვნად შელახოს სამართლიანი განხილვის პრინციპი და მხარეთა თანასწორობა[iv].

ამდენად, მოცემული ბლოგ-პოსტის მიზანია გაანალიზოს ხელოვნური ინტელექტის როლი, გავლენა და მისგან მომდინარე გამოწვევები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცესში.

II. ხელოვნური ინტელექტის როლი არბიტრაჟში

          ხელოვნური ინტელექტის, როგორც დამხმარე საშუალების, ჩართვა არბიტრაჟში სხვადასხვა ფორმითაა შესაძლებელი. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დოკუმენტების იდენტიფიცირების, ტექსტის გენერირების, თარგმნისა და ინტერპრეტაციისათვის[v]. ამასთანავე, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გაამარტივოს სამართლებრივი კვლევა მონაცემთა ანალიზის მეშვეობით, კერძოდ, მას მანქანური სწავლების ალგორითმების საშუალებით შეუძლია საჭირო საკითხების მარტივად და სწრაფად იდენტიფიცირება, რაშიც ადამიანებს გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ. თუმცა მიუხედავად ზემოთ ხსენებული ფუნქციებისა, მიჩნეულია, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანებს და მისი როლი არბიტრაჟში მონაცემების დამუშავებითა და იმ საქმიანობის შესრულებით შემოიფარგლება, რომელიც არაა დაკავშირებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებასთან[vi].

            თუმცა, თანამედროვე პრაქტიკა მიუთითებს, რომ ხელოვნური ინტელექტის როლი საარბიტრაჟო პროცესში თანდათან ფართოვდება. მაგალითად, ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაციის (AAA) მიერ დანერგილი „AI Arbitrator“ გამოიყენება ორ მხარეს შორის, მხოლოდ დოკუმენტებზე დაფუძნებულ სამშენებლო დავებში (მცირე ღირებულების დავებში) და ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები მოიცავს მხარეთა პოზიციებისა და მტკიცებულებების ანალიზს, ძირითადი საკითხების იდენტიფიცირებას და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სისტემა ეფუძნება ე.წ. „human-in-the-loop“ მოდელს: AI-ის მიერ მომზადებულ ანალიზსა და გადაწყვეტილების პროექტს ამოწმებს და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლის ადამიანი არბიტრი, რომელიც საბოლოოდ თავად იღებს გადაწყვეტილებას და გამოსცემს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. ამდენად, AI უშუალოდ ერთვება გადაწყვეტილების მომზადების პროცესში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა და მასზე პასუხისმგებლობის ფუნქცია კვლავ ადამიან არბიტრს ეკუთვნის[vii].

            მოცემული მაგალითი აჩვენებს, რომ თანამედროვე მიდგომა, ძირითადად, ორიენტირებულია არა არბიტრის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებაზე, არამედ ფუნქციების ისეთ გადანაწილებაზე, რომლის ფარგლებშიც AI ასრულებს დროისა და რესურსის მომთხოვნ ანალიტიკურ და ტექნიკურ სამუშაოს, ხოლო საბოლოო შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია ადამიან არბიტრს რჩება. სწორედ ამ დამხმარე ფუნქციიდან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტი ლიტერატურაში ფართოდ განიხილება როგორც დავის გადაწყვეტის პროცესის „მეოთხე მხარე“, რომელიც მხარეებსა და არბიტრს პროცესის ეფექტიანად წარმართვაში ეხმარება[viii].

            შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დავის გადაწყვეტის პროცესში საკმაოდ სასარგებლო და ეფექტურია, რადგან მნიშვნელოვნად ზოგავს ადამიანის დროსა და რესურსებს. მისი სათანადო გამოყენების შემთხვევაში კი ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, კერძოდ, შეამციროს ხარჯები და დრო.

III. რბილი სამართლის“ (soft law) ინსტრუმენტები AI-ს არბიტრაჟში გამოყენების შესახებ და მისი რეგულირების ტენდენცია

            მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საარბიტრაჟო ინსტიტუტების (ICC, LCIA, SIAC, HKIAC და ა.შ.) წესები ამჟამად პირდაპირ არ არეგულირებს  არბიტრაჟში AI-ის გამოყენების საკითხებს, ბოლო დროს შექმნილმა „რბილი სამართლის“ (soft law) ინსტრუმენტებმა დაიწყეს მისი გამოყენებისათვის, როგორც არიბტრებისათვის, ისე მხარეებისათვის აუცილებელი ქცევის წესების შემუშავება.  ამის ერთ-ერთი მაგალითია სილიკონ ველის არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის (SVAMC) „სახელმძღვანელო პრინციპები არბიტრაჟში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ“ (SVAMC Guidelines), რომელიც პრინციპების სახით ადგენს, რომ „არბიტრმა არ უნდა მოახდინოს თავისი პერსონალური მანდატის რომელიმე ნაწილის დელეგირება AI ინსტრუმენტზე. ეს პრინციპი განსაკუთრებით ეხება არბიტრის გადაწყვეტილების მიღების პროცესს. არბიტრების მიერ AI ინსტრუმენტების გამოყენებამ არ უნდა ჩაანაცვლოს ფაქტების, კანონისა და მტკიცებულებების მათეული დამოუკიდებელი ანალიზი“[ix].

            სახელმძღვანელო პრინციპებს ადგენს ასევე CIArb-ის „სახელმძღვანელო არბიტრაჟში AI-ის გამოყენების შესახებ“, რომელიც გამოქვეყნდა 2025 წელს. SVAMC-ის მსგავსად, CIArb-ის სახელმძღვანელო „მიზნად ისახავს მითითებების მიცემას AI-ის გამოყენებაზე ისეთი ფორმით, რომელიც საშუალებას მისცემს დავის გადამწყვეტებს, მათ წარმომადგენლებსა და სხვა მონაწილეებს ისარგებლონ ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებით, ამავდროულად, მხარი დაუჭირონ პრაქტიკულ ძალისხმევას პროცესის კეთილსინდისიერების, მხარეთა საპროცესო უფლებებისა და ნებისმიერი შემდგომი გადაწყვეტილების ან მორიგების შეთანხმების აღსრულებადობის რისკების შესამცირებლად“[x].

რაც შეეხება საარბიტრაჟო წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის სამართლის სფეროში გამოყენების სკანონმდებლო რეგულირებას, ამ მხრივ სახელმწიფოებს ამჟამად არ აქვთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მარეგულირებელი სპეციალიზირებული საკანომდებლო ჩარჩო შემუშავებული. თუმცა, შეინიშნება მისი რეგულირების ტენდენცია.

ამ მხრივ  საყურადღებოა კალიფორნიის საკანონმდებლო ინიციატივა. კერძოდ, კალიფორნიის სთათში მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებებ = Senate Bill 574 (SB 574), რომლითაც  პირდაპირ გათვალისწინებულია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეზღუდვები არბიტრების მიერ. ჩვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შედის,  არბიტრს ეკრძალება თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცესის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტისთვის დელეგირება. ამასთან, არბიტრს არ ექნება უფლება დაეყრდნოს საქმის მასალებს მიღმა გენერაციული AI-ის მიერ შექმნილ ინფორმაციას მხარეებისთვის წინასწარი სათანადო ინფორმაციის მიწოდების გარეშე და, რამდენადაც პრაქტიკულად შესაძლებელია, მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოთქვან მოსაზრება ასეთი ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები ასახავს მიდგომას, რომლის მიხედვითაც AI შეიძლება გამოყენებულ იქნეს არბიტრაჟში დამხმარე საშუალებად, თუმცა უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების ფუნქციის AI-ისთვის გადაცემა დაუშვებელია.

            იმის გასაანალიზებლად, თუ რა გავლენა აქვს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე აუცილებელია განვიხილოთ ევროკავშირის მიდგომაც. ევროკავშირმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა ხელოვნური ინტელექტის (AI) რეგულირების კუთხით „ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის შესახებ აქტის“ (EU AI Act) მიღებით, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში პირველ ყოვლისმომცველ საკანონმდებლო ჩარჩოს AI-ის გამოყენების რეგულირებისთვის.

            ზემოაღნიშნული აქტის პრეამბულის 61-ე პუნქტის, მე-6(2) მუხლისა და III დანართის მე-8(a) პუნქტის თანახმად, AI ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება სამართლებრივი ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, მათ შორის დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებში (ADR), კატეგორიზებულია, როგორც “მაღალი რისკის” მქონე. მათი არაგამჭირვალე ან არაკეთილსინდისიერი გამოყენების შემთხვევაში კი შესაძლოა სასამართლოებმა უარი თქვან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე მხარეთა  შეთანხმების  დარღვევის  საფუძვლით ან საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობის გამო.

IV. ხელოვნური ინტელექტის არაკეთილსინდისიერად და გაუმჭირველად გამოყენებისას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის შესაძლო საფუძვლები   

            თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი არსებითად დაეყრდნო AI ინსტრუმენტებს მათი გამჟღავნებისა და არბიტრის დამოუკიდებელი შეფასების ან გადამოწმების გარეშე, და ის, რისთვისაც არბიტრმა AI გამოიყენა არსებითია საქმისთვის, ან/და გადაწყვეტილებისთვის,  ეს შესაძლოა  ჩაითვალოს მხარეთა შეთანხმების დარღვევად. ამიტომ, თუ არბიტრმა ანდო გადაწყვეტილების მიღების პროცესი AI-ს, მაშინ გამოდის, რომ არბიტრი არ ყოფილა ის პირი, რომელსაც მხარეთა შეთანხმების მიხედვით უნდა მიეღო გადაწყვეტილება და სწორედ ეს შეიძლება გახდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი.

            ნიუ-იორკის კონვენციის ფარგლებში ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები შეიძლება იყოს: V(1)(d) მუხლი, რომელიც უკავშირდება საარბიტრაჟო ორგანოს შემადგენლობის ან საარბიტრაჟო პროცედურის მხარეთა შეთანხმებასთან შესაბამისობას, და V(2)(b) მუხლი, რომელიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას უარი თქვას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ იგი შესაბამისი სახელმწიფოს საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება. განვიხილოთ თითოეული საფუძველი ცალ-ცალკე.

            ნიუ-იორკის კონვენციის V(1)(d) მუხლის მიხედვით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შესაძლოა უარი ითქვას, თუ საარბიტრაჟო ორგანოს შემადგენლობა ან საარბიტრაჟო პროცედურა არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას. აღნიშნული საფუძველი შესაძლოა რელევანტური გახდეს იმ შემთხვევაში, როდესაც არბიტრი AI ინსტრუმენტს გადასცემს არა მხოლოდ ტექნიკურ ან დამხმარე ფუნქციას, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს. მხარეთა მიერ კონკრეტული ფიზიკური პირის არბიტრად დანიშვნა, როგორც წესი, გულისხმობს მოლოდინს, რომ სწორედ ეს პირი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად შეაფასებს ფაქტობრივ გარემოებებს, მტკიცებულებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, თუ არბიტრი არსებითად დაეყრდნობა AI-ის მიერ განხორციელებულ ანალიზს ან AI-ს გადასცემს იმ ფუნქციას, რომელიც თავისი ბუნებით უშუალოდ არბიტრის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას განეკუთვნება, შესაძლოა დადგეს საკითხი, შეესაბამებოდა თუ არა ასეთი პროცედურა მხარეთა მიერ შეთანხმებულ საარბიტრაჟო პროცესს.

            ამრიგად, V(1)(d) მუხლის კონტექსტში გადამწყვეტი შეიძლება იყოს არა თავად AI-ის გამოყენების ფაქტი, არამედ მისი ფუნქციის ფარგლები, კერძოდ, დარჩა თუ არა იგი მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტად, თუ ფაქტობრივად ჩაანაცვლა არბიტრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

            AI-ის არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებული მეორე შესაძლო საფუძველია ნიუ-იორკის კონვენციის V(2)(b) მუხლით გათვალისწინებული საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობა. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საკუთარი ინიციატივით (ex officio) უარი თქვას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ მისი ცნობა-აღსრულება შესაბამისი სახელმწიფოს საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება.

            თუ V(1)(d) მუხლის შემთხვევაში ყურადღება ძირითადად მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურის დაცვაზეა გამახვილებული, V(2)(b) მუხლის ფარგლებში საკითხი უფრო ფართოდ განიხილება, უფრო კონკრეტულად კი ხომ არ ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული ფორმა იმ ფუნდამენტურ საპროცესო პრინციპებს, რომელთა დაცვასაც შესაბამისი სახელმწიფო თავის საჯარო წესრიგის ნაწილად მიიჩნევს.

            ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კონტექსტში საჯარო წესრიგის საკითხი შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც AI-ის გამოყენება საფრთხეს უქმნის სამართლიანი პროცესის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა გადაწყვეტილების მიმღები პირის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, მხარეთა თანასწორობა, პროცესის გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების რეალურად უფლებამოსილი არბიტრის მიერ მიღება.  შესაბამისად, თუ მტკიცდება, რომ  ხელოვნური ინტეელქტის გამოყენების შემთხვევაში თუ არბიტრები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მხარეების მიმართ საარბიტრაჟო წარმოების დროს, ასეთი წარმოების შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრლების  მოთხოვნა ასევე შეიძლება უარყოფილ იქნას საჯარო წესრიგთან წინააღდეგობის საფუძველზე.

            შესაბამისად, საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობის შეფასებისას გადამწყვეტი შეიძლება იყოს ის, გამოიწვია თუ არა AI-ის გამოყენებამ ისეთი ხარისხის ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ ეჭვქვეშ დადგეს თავად საარბიტრაჟო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა ან პროცესის სამართლიანობა.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვებეკის უმაღლესი სასამართლოს 2026 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Association des ressources intermédiaires d’hébergement du Québec (ARIHQ) c. Santé Québec, სადაც სასამართლომ გააუქმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არბიტრის მიერ ხელოვნური ინტელექტის არასათანადო გამოყენების გამო. კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ეყრდნობოდა არარსებულ დოქტრინულ და სასამართლო წყაროებს, რომლებიც AI-ის მიერ გენერირებულ ე.წ. „ჰალუცინაციებს“ წარმოადგენდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები მიუთითებდა არბიტრის მიერ თავისი გადაწყვეტილების მიმღები ფუნქციის არასათანადო დელეგირებაზე და მის მიერ შედეგის დამოუკიდებლად გადამოწმების ვალდებულების შეუსრულებლობაზე. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საარბიტრაჟო პროცედურა სათანადოდ არ იყო დაცული და გააუქმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება[xi].

დასკვნა

            ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არბიტრაჟში არა მომავალი, არამედ უკვე არსებული რეალობაა, ხოლო მისი გამოყენება და ზოგადად მისი ფარგლების გონივრულად განსაზღვრა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. აღნიშნულმა, მისმა არაგამჭირვალე ან/და არაკეთილსინდისიერმა და არაინფორმირებულმა გამოყენებამ, შესაძლოა საარბიტრაჟო გადაწყევტილების  ცნობა-აღსრულება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ, განსაკუთრებით  საჯარო წესრიგთან შესაძლო წინააღდეგობის გამო.

            ამასთანავე, მხარეებმა შესაძლოა წინასწარ გამოიჩინონ წინადეხებულობა, და  საარბიტრაჟო შეთანხმებაში შესაძლოა გაითვალისწინონ   კონკრეტული დებულებები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ორივე მხარემ იცოდეს და დათანხმდეს AI-ის გამოყენებას და მისი გამოყენების ფარგლებს დავის გადაწყვეტის პროცესში[xii].

ავტორი: მარიშა გვაზავა


[i] Christian Lous Lange, “Internationalism: A Contribution to the Study of the Factors Determining International Life,” Nobel Lecture, Nobel Prize, published December 13, 1921, განახლებულია: 22 სექტემბერი 2026  ხელმისაწვდომია: https://www.nobelprize.org/prizes/peace/1921/lange/lecture/

[ii] Aceris Law, “When Arbitrators Use AI: LaPaglia v. Valve and the Boundaries of Adjudication,” Aceris Law, განახლებულია 22 სექტემბერი, 2026 ხელმისაწვდომია: https://www.acerislaw.com/when-arbitrators-use-ai-lapaglia-v-valve-and-the-boundaries-of-adjudication/

[iii] Tai MC, “The Impact of Artificial Intelligence on Human Society and Bioethics,” Tzu Chi Medical Journal 32, no. 4 (August 14, 2020): 340, განახლებულია 22 სექტემბერი, 2026 ხელმისაწვდომია: https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC7605294/

[iv] Chartered Institute of Arbitrators (CIArb), Guideline on the Use of AI in Arbitration, 2025 (London: CIArb, March 2025), განახლებულია: 22 სექტემბერი, 2026 ხელმისაწვდომია: https://www.acerislaw.com/wp-content/uploads/2025/04/ciarb-guideline-on-the-use-of-ai-in-arbitration-2025-_final_march-2025.pdf p.5-6

[v] Claire Morel de Westgaver, “Canvassing Views on AI in IA: The Rise of Machine Learning,” Kluwer Arbitration Blog, July 12, 2023, განახლებულია: 22 სექტემბერი, 2026 ხელმისაწვდომია: https://legalblogs.wolterskluwer.com/arbitration-blog/canvassing-views-on-ai-in-ia-the-rise-of-machine-learning/

[vi] “The Role of Digitalization and Artificial Intelligence in Arbitration: Issues and Challenges,” Journal of Modern Science and Research, განახლებულია: 22 სექტემბერი, 2026 ხელმისაწვდომია:  https://jmsr-online.com/article/the-role-of-digitalization-and-artificial-intelligence-in-arbitration-issues-and-challenges-330/

[vii] Fulya Gorer, “AI Arbitration: Justice in the Fast Lane? Inside AAA’s Groundbreaking AI Arbitrator,” Georgetown Law, Center on Transnational Business and the Law, May 29, 2026, განახლებულია 22 სექტემბერი, 2026, ხელმისაწვდომია: https://www.law.georgetown.edu/ctbl/blog/ai-arbitration-justice-in-the-fast-lane-inside-aaas-groundbreaking-ai-arbitrator/

[viii] Magdalena Łągiewska, “New Technologies in International Arbitration: A Game-Changer in Dispute Resolution?,” published December 13, 2023, accessed November 30, 2025, p. 853

[ix] Aceris Law, “When Arbitrators Use AI: LaPaglia v. Valve and the Boundaries of Adjudication,” Aceris Law, განახლებულია: 22 სექტემბერი, 2026 ხელმისაწვდომია: https://www.acerislaw.com/when-arbitrators-use-ai-lapaglia-v-valve-and-the-boundaries-of-adjudication/

[x]When Arbitrators Use AI: LaPaglia v. Valve and the Boundaries of Adjudication

[xi] Association des ressources intermédiaires d’hébergement du Québec (ARIHQ) c. Santé Québec – Centre intégré universitaire de santé et de services sociaux du Centre-Sud-de-l’Île-de-Montréal, 2026 QCCS 1360, Cour supérieure du Québec, 22 April 2026, განახლებულია: 22 სექტემბერი, 2026, ხელმისაწვდომია: https://citoyens.soquij.qc.ca/php/decision.php?ID=5B90AAD41A54AEB822A1ADE2CFAF44AD

[xii] Michael J. Broyde and Yiyang Mei, “Don’t Kill the Baby! The Case for AI in Arbitration,” New York University Journal of Law & Business 21, no. 1 (Fall 2024): p.172, განახლებულია: 22 სექტემბერი, 2026 ხელმისაწვდომია: https://arxiv.org/pdf/2408.11608

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *