I. შესავალი
საერთაშორისო კომპანიები ხშირად ასაქმებენ პერსონალს სხვადასხვა იურისდიქციაში და, დავების გადაწყვეტის ერთიანი მექანიზმის შექმნის მიზნით, შრომით ხელშეკრულებებში საარბიტრაჟო დათქმას ითვალისწინებენ. თუმცა ასეთი დათქმის აღსრულებადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობაზე: დათქმა, რომელიც აშშ-ში აღსრულებადია, შესაძლოა ევროპის რიგ ქვეყნებში ბათილად იქნეს მიჩნეული, ხოლო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებლად.[[i]]
სახელმწიფოები განსხვავებულად პასუხობენ კითხვაზე, არის თუ არა შრომითი დავა არბიტრაჟუნარიანი: ზოგი მას არბიტრაჟიდან კატეგორიულად გამორიცხავს, ზოგი კი თითქმის შეუზღუდავად უშვებს. წინამდებარე ბლოგპოსტში განხილული და ახსნილი იქნება თუ რატომაა ორივე უკიდურესობა მცდარი. შრომითი დავების არბიტრაჟიდან სრული გამორიცხვა ვეღარ ემსახურება დასაქმებულის დაცვის თავდაპირველ მიზანს და ხშირად, პირიქით, ართმევს მას დავის სწრაფად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
გამოსავალი დიფერენცირებული მოდელია: არბიტრაჟი ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ დასაქმებულისთვის, რომელსაც ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეუძლია, ხოლო დაცვის სპეციალური მექანიზმები იმისთვის, ვისაც ეს არჩევანი რეალურად არ აქვს.
II. აკრძალვის ისტორიული საფუძველი
შრომითი დავების არბიტრაჟიდან გამორიცხვის იდეა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ინდუსტრიული რევოლუციის შემდგომ ჩამოყალიბდა. იმ დროს დასაქმებული და დამსაქმებელი თანასწორ მხარეებად ვერ ჩაითვლებოდნენ: დასაქმებულს რეალური არჩევანი თითქმის არასდროს ჰქონდა, იგი ან ხელს აწერდა დამსაქმებლის მიერ შედგენილ ხელშეკრულებას, ან სამსახურის გარეშე რჩებოდა.[[ii]] კანონმდებლების შიშიც შესაბამისად გასაგები იყო: ამ წინასწარ უკვე გამზადებულ ხელშეკრულებაში არსებული საარბიტრაჟო დათქმა შეიძლება ქცეულიყო ინსტრუმენტად, რომლითაც დამსაქმებელი დასაქმებულს საკუთარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობას შეუზღუდავდა. აკრძალვა ამ ასიმეტრიის გამოსწორების საშუალება იყო.
დღეს სურათი შეცვლილია. დასაქმებულებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, შრომის კანონმდებლობა კი მინიმალურ სტანდარტებს თავად, იმპერატიულად ადგენს. მთავარი კი ის არის, რომ შრომის ბაზარი აღარ არის ერთგვაროვანი. ერთ მხარეს არის მინიმალური ხელფასის მქონე მუშაკი, რომელსაც მართლაც არ აქვს სახელშეკრულებო პირობების შეთანხმებისთვის საჭირო პოზიცია; მეორე მხარეს კი მაღალანაზღაურებადი და გამორჩეული პროფესიონალია, რომელიც ხელშეკრულების თითოეულ პუნქტს ათანხმებს და ზოგჯერ თავად ფლობს სახელშეკრულებო ძალაუფლებას. შესაბამისად, ყველა დასაქმებულის „სუსტ მხარედ“ მიჩნევა არარაციონალურია და გადაჭარბებულ პატერნალიზმად შეიძლება შეფასდეს.
ასეთ აკრძალვას თავისი ფასი აქვს. იგი ყველა დასაქმებულს ართმევს არბიტრაჟის ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა სისწრაფე, კონფიდენციალურობა და ექსპერტი არბიტრის არჩევის შესაძლებლობა, და სანაცვლოდ ხშირად მხოლოდ გადატვირთულ სასამართლოს სთავაზობს.[[iii]] შედეგად, რეგულაცია, რომელიც დასაქმებულის დასაცავად შეიქმნა, ზოგ შემთხვევაში სწორედ მის ინტერესებს აზიანებს.
III. ევროპული მიდგომა: შრომითი უფლებები, როგორც საჯარო წესრიგი
კონტინენტური ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით საფრანგეთში, ინდივიდუალური შრომითი უფლებები საჯარო წესრიგის ნაწილად მიიჩნევა. შრომითი ხელშეკრულება აქ ჩვეულებრივ კერძო გარიგებად კი არ აღიქმება, არამედ ურთიერთობად, რომელშიც სახელმწიფომ სუსტი მხარე უნდა დაიცვას.[[iv]] ამ ლოგიკით, დასაქმებულს დავის წარმოშობამდე არ აქვს რეალური შესაძლებლობა, უარი თქვას დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ პირობაზე, მათ შორის საარბიტრაჟო დათქმაზე.[[v]]
ყველაზე ნათელი მაგალითი საფრანგეთია, სადაც ინდივიდუალურ შრომით დავებს სპეციალიზებული შრომის სასამართლოები განიხილავს. ფრანგული სამართალი შრომით ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ჩადებას არ კრძალავს, თუმცა ასეთ დათქმას მხოლოდ „ცალმხრივი“ ძალა აქვს: იგი დასაქმებულს არ ბოჭავს. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით, საერთაშორისო შრომით ხელშეკრულებაშიც კი, ხელშეკრულებისთვის გამოსაყენებელი სამართლის მიუხედავად, დასაქმებულს შეუძლია, დათქმა უგულებელყოს და კანონის შესაბამისად მიმართოს კომპეტენტურ ფრანგულ სასამართლოს. [[vi]] ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვერ დაეყრდნობა დათქმას და ვერც იმას მოითხოვს, რომ საკუთარ კომპეტენციაზე ჯერ არბიტრმა იმსჯელოს. სასამართლომ განმარტა, რომ შრომით დავებში ეს პრინციპი არ მოქმედებს და განსჯადობის საკითხს თავად შრომის სასამართლო წყვეტს. [[vii]] ამდენად, არჩევანი მთლიანად დასაქმებულის ხელშია: თუ არბიტრაჟი მის ინტერესებს შეესაბამება, მას შეუძლია, დათქმას დაეყრდნოს და დავა არბიტრაჟში განაგრძოს, დამსაქმებელს კი ასეთი შესაძლებლობა არ აქვს. ამ მიდგომის საფუძველი ისაა, რომ ფრანგულ დოქტრინაში დასაქმებულის მიერ დავის წარმოშობამდე სასამართლოზე უარის თქმა ტრადიციულად იძულებით ან არაინფორმირებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა.[ [[viii]]
მსგავსად მკაცრია გერმანული სამართალი: ინდივიდუალური შრომითი დავის არბიტრაჟისთვის გადაცემა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე და მხოლოდ სცენის მსახიობების, კინოს სფეროში დასაქმებულებისა და არტისტებისთვისაა დასაშვები.[[ix]]
ეს მხოლოდ თეორიული საკითხი არ არის. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ბედი საბოლოოდ არბიტრაჟის ადგილის ქვეყნის სასამართლოზეა დამოკიდებული, რომელსაც მისი გაუქმება შეუძლია,[[x]] ხოლო აღსრულება იმ ქვეყნის სასამართლოზე, სადაც აღსრულებას ითხოვენ. ამიტომ ერთი ქვეყნის მკაცრმა მიდგომამ შესაძლოა საარბიტრაჟო დათქმა საერთაშორისო მასშტაბით არაეფექტიანი გახადოს.
თუმცა ევროპაც ერთგვაროვანი არ არის. ბელგიაში შრომით ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმა, როგორც წესი, ბათილია, თუმცა კანონი გამონაკლისს უშვებს ორი პირობის ერთდროულად არსებობისას: დასაქმებული უნდა ახორციელებდეს საწარმოს ან მისი ქვედანაყოფის ყოველდღიურ მართვას, ხოლო მისი წლიური ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს კანონით დადგენილ, ყოველწლიურად ინდექსირებულ ზღვარს.[[xi]] ბელგიური მოდელი ცხადყოფს, რომ დასაქმებულის დაცვა და დავის განხილვის ფორუმის არჩევის თავისუფლება ერთმანეთს არ გამორიცხავს. საკმარისია, კანონმა დასაქმებულები ერთმანეთისგან განასხვაოს. საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულებადობა, იმპერატიული ნორმების დაცვის პირობით, საერთაშორისო არბიტრაჟის ფუნდამენტური ღირებულებაა,[[xii]] ხოლო რეჟიმი, რომელიც ასეთ შეთანხმებებს დასაქმებულის სტატუსისა და ნების გაუთვალისწინებლად აბათილებს, ამ ხედვას ეწინააღმდეგება.[[xiii]]
IV. ამერიკული მიდგომა: არბიტრაჟი, როგორც ჩვეულებრივი სახელშეკრულებო პირობა
აშშ-ის სამართალს საპირისპირო პოზიცია აქვს: შრომით ხელშეკრულებებში არსებული საარბიტრაჟო დათქმა, პრინციპში, ისევე აღსრულდება, როგორც ნებისმიერ სხვა ხელშეკრულებაში. ამის საფუძველია 1925 წლის ფედერალური არბიტრაჟის აქტი, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმებას ნამდვილად, შეუქცევადად და აღსრულებადად აცხადებს. ხოლო მისი ბათილად მიჩნევა მხოლოდ იმ საფუძვლით შეიძლება, რომლითაც ნებისმიერი ხელშეკრულება ბათილდება, მაგალითად, მოტყუების ან იძულების გამო.[[xiv]] ეს მიდგომა უზენაესი სასამართლოს რამდენიმე საკვანძო გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა.
კერძოდ საქმეში Mitsubishi Motors Corp. v. Soler Chrysler-Plymouth. დავა წარმოიშვა ავტომწარმოებელსა და დილერს შორის: დილერმა, მიუხედავად ხელშეკრულებაში არსებული საარბიტრაჟო დათქმისა, მწარმოებლის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობიდან გამომდინარე მოთხოვნები სასამართლოში წარადგინა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი კანონისმიერი მოთხოვნებიც შეიძლება არბიტრაჟმა განიხილოს, და ჩამოაყალიბა პრინციპი, რომელიც შემდგომ შრომით დავებზეც გავრცელდა: არბიტრაჟზე დათანხმებით მხარე კანონით მინიჭებულ მატერიალურ უფლებებს კი არ თმობს, არამედ მხოლოდ ირჩევს, რომ ეს უფლებები სასამართლოს ნაცვლად არბიტრაჟმა განიხილოს.[[xv]]
შრომით ურთიერთობაზე ეს მიდგომა საქმეში Gilmer v. Interstate/Johnson Lane Corp. გავრცელდა. ფინანსური კომპანიის მენეჯერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების წარმომადგენლად რეგისტრაცია მოეთხოვებოდა, ხოლო სარეგისტრაციო განაცხადი დავების არბიტრაჟით გადაწყვეტის ვალდებულებას მოიცავდა. 62 წლის ასაკში სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მან ასაკობრივი დისკრიმინაციის შესახებ ფედერალური კანონის საფუძველზე სასამართლოს მიმართა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დავაზე იურისდიქცია არბიტრაჟს ჰქონდა და განმარტა, რომ დისკრიმინაციის შესახებ კანონისმიერი მოთხოვნაც არბიტრაჟუნარიანია, ხოლო მხარეთა მოლაპარაკების ძალის უთანასწორობა, თავისთავად, დათქმის ბათილობის საფუძველი არ არის.[[xvi]]
მომდევნო კითხვა ის იყო, ვრცელდება თუ არა FAA თავად შრომით ხელშეკრულებებზე. აქტის პირველი ნაწილი გამონაკლისს ითვალისწინებს ზღვაოსნების, რკინიგზის მუშაკებისა და საგარეო ან შტატთაშორის ვაჭრობაში ჩართული სხვა დასაქმებულების შრომითი ხელშეკრულებებისთვის. საქმეში Circuit City Stores, Inc. v. Adams ელექტრონიკის მაღაზიათა ქსელის გამყიდველმა სამსახურში მიღებისას ხელი მოაწერა განაცხადს, რომელიც ყველა დავის არბიტრაჟით გადაწყვეტას ითვალისწინებდა, თუმცა მოგვიანებით დისკრიმინაციის საფუძვლით კალიფორნიის შტატის სასამართლოს მიმართა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ FAA შრომით ხელშეკრულებებზე საერთოდ არ ვრცელდება. უზენაესმა სასამართლომ ეს განმარტება არ გაიზიარა და დაადგინა, რომ გამონაკლისი მხოლოდ ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ მუშაკებს ეხება, ყველა სხვა დასაქმებულის ხელშეკრულებაში ჩადებული საარბიტრაჟო დათქმა კი აღსრულებადია.[[xvii]]
ბოლოს, საქმეში Epic Systems Corp. v. Lewis შრომითი ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმა, რომლებიც დავების მხოლოდ ინდივიდუალურ არბიტრაჟში განხილვას ითვალისწინებდა. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით მათ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს და მიუთითეს, რომ შრომითი ურთიერთობების შესახებ ფედერალური კანონი კოლექტიური მოქმედების უფლებას იცავს. უზენაესმა სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა და დაადგინა, რომ კოლექტიურ სარჩელზე უარის თქმის დათქმა აღსრულებადია.[[xviii]]
ამ მიდგომის პრაქტიკული სარგებელი თვალსაჩინოა. არბიტრაჟი, როგორც წესი, სასამართლოზე სწრაფი და ნაკლებად ხარჯიანია, ხოლო მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.[[xix]] მხარეებს შეუძლიათ, არბიტრად შესაბამისი სფეროს ექსპერტი აირჩიონ, ხოლო საერთაშორისო დასაქმებისას ნეიტრალური ფორუმი არცერთ მხარეს არ ანიჭებს საკუთარი ქვეყნის სასამართლოში დავის უპირატესობას.
თუმცა ამერიკული მოდელი უნაკლო არ არის, რაც თავად ამერიკელმა კანონმდებელმაც აღიარა. 2022 წელს კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ დავებზე დავის წარმოშობამდე დადებული საარბიტრაჟო დათქმა აღარ აღსრულდება, თუ ამას მოითხოვს პირი, რომელიც ასეთ ქცევაზე მიუთითებს.[[xx]] ამდენად, ყველაზე „არბიტრაჟ-მეგობრულმა“ სისტემამაც კი საჭიროდ ჩათვალა, მიზნობრივი გამონაკლისები დაეწესებინა.
ამერიკული გამოცდილებიდან ორი მნიშნელოვანი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ. ერთი მხრივ, არბიტრაჟზე თანხმობით შრომით უფლებები თავისთავად არ აუქმდება, ასე მხოლოდ ფორუმი იცვლება. მეორე მხრივ, სრულიად შეუზღუდავი თავისუფლება იმავე ასიმეტრიას უწყობს ხელს, რომლის წინააღმდეგაც ევროპული აკრძალვები შეიქმნა. სწორი გზა ამ ორ უკიდურესობას შორის ბალანსზე გადის.
V. ქართული სამართალი: ლიბერალური მოდელი დამატებითი გარანტიების გარეშე
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ჩამოთვლის არბიტრაჟიდან გამორიცხულ დავებს და ზოგადად ადგენს, რომ არბიტრაჟი უფლებამოსილია, განიხილოს „პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის“.[[xxi]] შრომითი დავების მიმართ კი კანონმდებლობა ძალიან სწორხაზოვანია: შრომის კოდექსის თანახმად, ინდივიდუალური დავის მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისთვის გადაცემაზე, ხოლო კოლექტიური დავისას ასეთი შეთანხმება დავის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.[[xxii]]
ამდენად, საქართველო ლიბერალურ მოდელს მიეკუთვნება: ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, აქ შრომითი დავა არბიტრაჟუნარიანია. ამასთან, კოდექსი არცერთ დამატებით პირობას არ აწესებს: არც ანაზღაურების ზღვარს, არც დასაქმებულის პოზიციის კრიტერიუმს და არც ცალკე წერილობითი თანხმობის მოთხოვნას.
თუმცა, ცალკე ყურადღებას იმსახურებს დისკრიმინაციული შრომითი დავები. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, პირდაპირ ანიჭებს სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას. [[xxiii]] ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ასეთი დავებისთვის სპეციალურ საპროცესო რეჟიმს ადგენს, მათ შორის მტკიცების ტვირთის განსაკუთრებულ გადანაწილებას. კანონი არბიტრაჟს არ ახსენებს და მას პირდაპირ არ გამორიცხავს. თუმცა ის, რომ კანონმდებელმა დაცვის მექანიზმად კონკრეტულად სასამართლო განსაზღვრა და მისთვის სპეციალური პროცედურა შექმნა, იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დისკრიმინაციულ დავებზე იგულისხმება სასამართლოს ექსკლუზიური იურისდიქცია. ამ განმარტებას ამყარებს დისკრიმინაციის აკრძალვის საჯარო ინტერესიც, რომელიც მხარეთა შორის კერძო მოწესრიგების ფარგლებს სცდება. ამ რეჟიმის პრაქტიკული მნიშვნელობა ჩანს საქმეში, სადაც უზენაესმა სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებზე დაყრდნობით, დასაქმებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა არსებითად თანაბარი სამუშაოსთვის განსხვავებული ანაზღაურების დავა: მას შემდეგ, რაც დასაქმებულმა განსხვავებული მოპყრობის ფაქტი წარმოაჩინა, დამსაქმებელს უნდა დაემტკიცებინა ამგვარი მოპყრობის ობიექტური გამართლება, რაც მან ვერ შეძლო.[[xxiv]]
თუ ამ ჩანაწერს ექსკლუზიური იურისდიქციის მნიშვნელობით განვმარტავთ, დისკრიმინაციული შრომითი დავა საქართველოში არაარბიტრაჟუნარიანი იქნება. ასეთი ავტომატური გამორიცხვა იმავე ბლანკეტური მიდგომის გამეორებაა, რომელსაც ეს ბლოგპოსტი აკრიტიკებს: არბიტრს შეუძლია, იმავე მატერიალური ნორმებითა და მტკიცების სტანდარტით იხელმძღვანელოს, როგორც ეს Gilmer-სა და Pyett-ში დაუშვა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ.
VI. დიფერენცირებული მოდელი, როგორც გამოსავალი
რამდენიმე ქვეყანამ ზემოთ ნახსენები ბალანსი უკვე იპოვა. ბრაზილიამ, რომელიც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შრომითი რეჟიმის მქონე ქვეყანა იყო, 2017 წელს შრომის რეფორმა გაატარა. შრომის კანონების კონსოლიდაციის (CLT) 507-A მუხლი ახლა ნებას რთავს საარბიტრაჟო დათქმას ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაში ორი პირობით: დასაქმებულის ანაზღაურება სოციალური უზრუნველყოფის მაქსიმალური სარგებლის ორმაგ ოდენობას უნდა აღემატებოდეს, ხოლო დათქმა დასაქმებულის ინიციატივით ან მისი პირდაპირი, წერილობითი თანხმობით უნდა იყოს დადებული.[[xxv]] ბრაზილიური და ბელგიური მოდელები ერთსა და იმავე იდეას ეფუძნება: მოწყვლადი დასაქმებული დაცულია, ხოლო ძლიერი პოზიციის მქონეს არჩევანის თავისუფლება უნარჩუნდება.
ამ მოდელების შედარება ცხადყოფს, რომ საუკეთესო გამოსავალი არც სრული აკრძალვაა და არც შეუზღუდავი თავისუფლება. უპირატესობა დიფერენცირებულ მიდგომას უნდა მიენიჭოს, რომელიც შრომითი დავის არბიტრაჟუნარიანობას დასაქმებულის რეალური მდგომარეობისა და დავის ხასიათის მიხედვით განსაზღვრავს.
ასეთი მიდგომის ამოსავალი დასაქმებულის ეკონომიკური და პროფესიული მდგომარეობაა. როდესაც დასაქმებულს მაღალი ანაზღაურება აქვს და ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებს, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ მას დამსაქმებელთან თანაბარ პირობებში მოლაპარაკება შეუძლია, ხოლო არბიტრაჟზე მისი თანხმობა ინფორმირებული არჩევანია. თუმცა მხოლოდ სტატუსი საკმარისი არ არის: საარბიტრაჟო დათქმა დასაქმებულის ნამდვილ ნებას უნდა გამოხატავდეს. ამიტომ იგი ცალკე და ცხადი წერილობითი თანხმობით უნდა იყოს შეთანხმებული, და არა სტანდარტული პირობების ნაწილად, რომელსაც დასაქმებული ხელშეკრულებასთან ერთად ავტომატურად აწერს ხელს.
VII. დასკვნა
შრომითი დავების არბიტრაჟიდან კატეგორიული გამორიცხვა იმ დროს ჩამოყალიბდა, როდესაც დასაქმებული დამსაქმებელთან მოლაპარაკების ყოველგვარ შესაძლებლობას მოკლებული იყო. დღეს ეს წინაპირობა ყველა დასაქმებულზე აღარ ვრცელდება, თუმცა აკრძალვა კვლავ ყველას ერთნაირად ეხება. შედეგად, ინსტრუმენტი, რომელიც სუსტი მხარის დასაცავად შეიქმნა, ხშირად იმას ართმევს დავის სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის შესაძლებლობას, ვისაც დაცვა სულაც არ სჭირდება. მეორე მხრივ, ამერიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ შეუზღუდავი თავისუფლება ამ პრობლემას არ წყვეტს, არამედ ძველ ასიმეტრიას ახალი ფორმით აბრუნებს.
ამდენად, მთავარი კითხვა ის კი არ არის, დასაშვებია თუ არა შრომითი დავის არბიტრაჟში განხილვა, არამედ ის, ვისთვის, როდის და რა გარანტიებით. საფრანგეთის, ბელგიის, აშშ-ისა და ბრაზილიის მაგალითები ცხადყოფს, რომ დასაქმებულის დაცვა და არბიტრაჟის თავისუფლება ერთმანეთს არ გამორიცხავს: საკმარისია, სამართალმა დასაქმებულები მათი რეალური მდგომარეობის მიხედვით განასხვაოს. შრომითი დავის არბიტრაჟუნარიანობის თანამედროვე მოდელი არა აკრძალვას, არამედ არჩევანის ნამდვილობას უნდა ეფუძნებოდეს.
ავტორი: ანა ფრუიძე
[i] Yasmine Tarasewicz and Niki Borofsky, “International Labor and Employment Arbitration: A French and European Perspective,” The Labor Lawyer 28, no. 2 (2012): 349, 350.
[ii] Rob Jagtenberg and Annie de Roo, “Employment Disputes and Arbitration: An Account of Irreconcilability, with Reference to the EU and the USA,” Zbornik Pravnog fakulteta u Zagrebu 68, no. 2 (2018): 171, 172-173.
[iii] Tarasewicz and Borofsky, მითითებული ნაშრომი, 350.
[iv] Tarasewicz and Borofsky, მითითებული ნაშრომი, 351-352.
[v] იქვე, 354.
[vi] Cass. soc., 16 févr. 1999, n° 96-40.643 (Château Tour Saint-Christophe).
[vii] Cass. soc., 30 nov. 2011, n° 11-12.905 et n° 11-12.906; Code du travail, art. L. 1411-4.
[viii] Antoine Kirry, “Arbitrability: Current Trends in Europe,” Arbitration International 12, no. 4 (1996): 373, 390 (quoting R. Plaisant & H. Motulsky, L’arbitrage et les conflits du travail, 1956 Rev. Arb. 80).
[ix] Arbeitsgerichtsgesetz (ArbGG), §§ 4, 101.
[x] Sudha Sampath, “Understanding the Concept of Lex Arbitri in International Arbitration,” ATB Legal, 10 June 2025.
[xi] Loi du 3 juillet 1978 relative aux contrats de travail (Belgique), art. 69. 2026 წლისთვის ზღვარი 88 895 ევროა; იხ. Partena Professional, “Employment contracts: wage thresholds in 2026.”
[xii] Luca G. Radicati di Brozolo, “Emmanuel Gaillard’s Theory of International Arbitration: The Basis for a Uniform Law of International Arbitration,” in Liber Amicorum Emmanuel Gaillard, ed. François-Xavier Racine et al. (Leiden: Brill, forthcoming 2024), 2.
[xiii] იქვე, 3-4.
[xiv] Federal Arbitration Act, 9 U.S.C. § 2.
[xv] Mitsubishi Motors Corp. v. Soler Chrysler-Plymouth, Inc., 473 U.S. 614, 628 (1985).
[xvi] Gilmer v. Interstate/Johnson Lane Corp., 500 U.S. 20 (1991).
[xvii] Circuit City Stores, Inc. v. Adams, 532 U.S. 105 (2001).
[xviii] Epic Systems Corp. v. Lewis, 584 U.S. 497 (2018).
[xix] Harry T. Edwards, “Advantages of Arbitration Over Litigation: Reflections of a Judge,” in Proceedings of the National Academy of Arbitrators (1982), 16, 23, 25-26.
[xx] Ending Forced Arbitration of Sexual Assault and Sexual Harassment Act of 2021, Pub. L. No. 117-90, 136 Stat. 26 (2022), 9 U.S.C. §§ 401-402.
[xxi] იქვე, მუხლი 1, პუნქტი 2.
[xxii] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 62, პუნქტი 7; მუხლი 63, პუნქტი 8.
[xxiii] „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 10, პუნქტი 1.
[xxiv] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმე №ას-132-2020; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363³.
[xxv] Lei nº 13.467/2017 (Brasil); Joaquim de Paiva Muniz, “Brazilian Labor Reform Authorizes Arbitration,” Global Arbitration News, April 27, 2017.