„სამართლიანი პროცედურა წარმოადგენს არბიტრაჟის ლეგიტიმურობის ფუნდამენტურ საფუძველს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მხარეებს არ აქვთ შესაძლებლობა გაასაჩივრონ ტრიბუნალის გადაწყვეტილება. მართლაც, ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია, რომელიც მათ ეძლევათ, არის ის, რომ მათი დავა გადაწყდეს სამართლიანი, მიუკერძოებელი და თანასწორი პროცესის მეშვეობით” [i]
სწორედ ასე იწყება სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ახლახანს, 2025 წლის 8 აპრილს გამოქვეყნდა და რომლის საფუძველზედაც, პარარელური საარბიტრაჟო წარმოების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან დაკოპირებული არგუმენტაციის არსებობის გამო, სასამართლომ გააუქმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო წესების საფუძველზე ფორმირებული საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
წინამდებარე ბლოგპოსტში, განხილულ იქნება 1) ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო დავის მოკლე მიმოხილვა 2) პარარელური საარბიტრაჟო განხილვები, რომელიც მოიცავდა ერთი და იმავე მოპასუხეს; 3) სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების პროცედურული ისტორია და 4) სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს გადაწყევეტილების მიმოხილვა.
1. საარბიტრაჟო საქმის მოკლე მიმოხილვა
2015 წლის აგვისტოში მხარეებმა ხელი მოაწერს FIDIC-ის 1999 წლის ფორმის საფუძველზე ხელშეკრულებას („CPT-13”), რაც კონტრაქტორს ანიჭებდა ვალდებულებას, თავის მხრივ, ანაზღაურების სანაცვლოდ, განეხორციელებინა ინდოეთში სატვირთო რკინიგზის ინფრასტრუქტურის პროექტის მშენებლობა. (iii)
დამკვეთს – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კერძო კომპანია (“DJO”), ხოლო შემსრულებელს წარმოადგენდა სამი კერძო კომპანია („DJP”, “DJP” და „DJR”), რომლებიც ერთობლივად გაერთიანდნენ, როგორც კონსორციუმი ტენდერში მონაწილეობის მიზნით. (iii)
მხარეთა შორის დავა წარმოიშვა ინდოეთის შრომის სამინისტროს მიერ მინიმალური ხელფასების ზრდის შემდეგ, რასაც მოჰყვა კონსორციუმის მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდის შესახებ. კონტრაქტორი დავობდა რომ მას ამის უფლება FIDIC-ის ხელშეკრულების 13.7 მუხლის ფარგლებში გააჩნდა, კონტრაქტი შეიცავდა შესაბამის მექანიზმებს და ითვალისწინებდა ანაზღაურების გაზრდას კანონმდებლობის ცვლილების საფუძველზე. ამასთან, განსაზღვრული იყო, რომ ყველა მოთხოვნა მხარეს უნდა წარედგინა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში.
მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და უარყო სარჩელი იმ მოტივით, რომ მოთხოვნა არ იყო წაყენებული შესაბამის ვადაში. გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წელს შრომის სამინისტროს მიერ გამოცემული განკარგულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ რეგულაციას, რომელიც არ წარმოადგენდა საკანონმდებლო ცვლილებას, რაც შესაბამისად, არ ჯდებოდა მხარეთა შორის გაფორებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციის ფარგლებში.
მხარეებს შორის საქმის განხილვა 2021 წელს, სინგაპურში, ICC-ს საარბიტრაჟო წესების საფუძველზე დაიწყო.
საარბიტრაჟო დავას იხილავდა სამი არბიტრისგან შემდგარი ტრიბუნალი, რომელთაგანაც ყველა წევრი სამართლის სფეროში გამოჩენილი მოღვაწეები იყვნენ. კერძოდ, ტრიბუნალის თავმჯდომარედ არჩეული იყო – დიპაკ მისრა, ინდოეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ხოლო თანაარბიტრებად დაინიშნენ გიტა მიტალი და კუმარ ლაოტი, ასევე ინდოეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები.
2023 წლის 24 ნოემბრით დათარიღებული გადაწყვეტილებით, ტრიბუნალმა მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სასარგებლოდ თითქმის ყველა საკითხზე. კერძოდ, ტრიბუნალმა დაადგინა რომ სახეზე იყო კანონმდებლობის ცვლილება (ხელშეკრულების 13.7 პუნქტის მნიშვნელობით), რაც აძლევდა ულებას მოსარჩელეს რომ მოეთხოვა დამატებით ანაზღაურება და ამის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა დამატებითი გადასახადის გადახდა; ასევე ტრიბუნალმა დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა დაკარგული უფლება ედავა ამის შესახებ. (iv)
2) პარალელური საარბიტრაჟო განხილვები, რომელიც მოიცავდა ერთი და იმავე მოპასუხეს
მოცემული შემთხვევა განსაკუთრებულია აგრეთვე იმით, რომ მოპასუხის წინააღმდეგ, პარალელურად მიმდინარეობდა ორი მასთან დაკავშირებული პარალელური საარბიტრაჟო პროცესი – CP-301 და CP-302, სადაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა არბიტრით, თუმცა სამივე საქმეში ტრიბუნალს ერთი და იგივე არბიტრი თავმჯდომარეობდა (დიპაკ მისრა).
ზემოაღნიშნულ საარბიტრაჟო პროცესებში, მოპასუხეს სხვადასხვა კომპანიები ედავებოდნენ. შესაბამისად, ორივე საქმე მიმართული იყო იგივე მოპასუხის – DJO-ს წინააღმდეგ.
სინგაპურის სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სწორედ ამ ორი პარალელური საარბიტრაჟო განხილვების საფუძველზე მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებიდან იყო მსჯელობის დიდი ნაწილი გადმოტანილი მოცემული საქმის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში. მიუღებელი კი სწორედ ის გარემოება აღმოჩნდა, რომ „გადმოკოპირებული“ ტექსტი მოცემულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არ ასახავდა CPT-13 საარბიტრაჟო პროცესის კონკრეტულ ფაქტებს, არგუმენტებსა და სამართლებრივ კონტექსტს, რაც პლაგიატის დადგენის საფუძველი გახდა, რაც დეტალურად ქვემოთ იქნება განხილული. (v)
3)სინგაპურის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების პროცედურული ისტორია
საარბიტრაჟო გადაწტყვეტილების გამოტანის შემდეგ,მოპასუხე მხარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება სამ ძირითად საფუძველზე მოითხოვა:
(1) ტრიბუნალმა არ განიხილა საქმე ინდივიდუალურად და გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რითაც დაარღვია მხარეებს შორის შეთანხმებული საარბიტრაჟო წესები;
(2) ტრიბუნალმა სხვა გადაწყვეტილებების პირდაპირი გადმოტანით (ციტირების გარეშე) დაარღვია საჯარო წესრიგი; და
(3) აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევს და ეწინააღმდეგება ბუნებითი სამართლის პრინციპებს. (vi)
კერძოდ, მოპასუხე მხარე თავის არგუმენტაციას ამყარებდა შემდეგ გარემოებებს:
(i) – ტრიბუნალმა არამიზნობრივად გამოიყენა სხვა პარალელური საარბიტრაჟო წარმოების საფუძველზე მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეყილებიდან გარკვეული ნაწილები (ამონარიდები). დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნულ საქმეებს ერთი და იგივე არბიტრი თავმჯდომარეობდა, რაც პლაგიატის შანსს ზრდიდა.
(ii) – მოპასუხემ მიუთითა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების 451 პარაგრაფიდან 212 პარაგრაფი იყო პირდაპირ გადმოტანილი აღნიშნულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ყოველგვარი ინდივიდუალური ანალიზის გარეშე.
(iii) – მოპასუხის განმარტებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავდა ისეთი ტიპის ხარვეზებს, როგორიცაა არასწორად ციტირებული წყაროები, რომლებიც საერთოდ არ იყო გადაწყვეტილების მიზნებისთვის რელევანტური; სამართლებრივ წყაროებთან ერთად გადაწყვეტილება არასწორად მიუთითებდა lex arbitri-ზე, რაც გამოიხატა ტრიბუნალის მიერ არასწორი საარბიტრაჟო კანონის გამოყენებით. (vii)
4) სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს გადაწყევეტილების მიმოხილვა
სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი არგუმენტები, ცალსახად მიუთითა, რომ პრობლემა იყო არა გარკვეული პარაგრაფების „კოპირება“, არამედ ის, რომ ამ ფაქტით გამოვლინდა არბიტრების აშკარა მიკერძოების ფაქტი, რამაც ხელი შეუშალათ მხარეებს სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებაში. (viii)
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმე არ ეხებოდა უბრალო სტრუქტურულ მსგავსებას, არამედ არბიტრთა მხრიდან ასობით აბზაცის მექანიკურ კოპირებას იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც საერთოდ სხვა სამართლებრივ ურთიერთობასა და გარემოებებს შეეხებოდა. აღნიშნულმა შემთხვევამ მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა საარბიტრაჟო პროცესში ბუნებითი სამართლის პრინციპების, განსაკუთრებით კი მიუკერძოებლობისა და მხარეთა მიმართ თანასწორობის დაცვის აუცილებლობის შესახებ.
კერძოდ, საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე, რომელიც ასევე წარმოადგენდა ორ სხვა პარალელური წარმოების საფუძველზე ფორმირებულ საარბიტრაჟო თირბუნალის თავმჯდომარეს, ერთსა და იმავე საქმესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად დაეყრდნო იმ არგუმენტაციას, რომელიც წინა საქმეებში იყო გამოყენებული. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაახლოებით 451 პარაგრაფიდან 212 პარაგრაფი ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში პირდაპირ გადატანილი (კოპირებული) იყო სხვა საქმეებიდან სიტყვა-სიტყვით, ყოველგვარი ინდივიდუალური ანალიზის გარეშე.
სინგაპურის სასამართლომ დაადგინა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაადგინა, რომ საარბიტრაჟო პროცესში დაირღვა ორი ძირითადი პრინციპი:
- Audi alteram partem – მხარის უფლება, მოისმინოს და უპასუხოს ყველა არსებით საკითხს;
- Nemo judex in causa sua – მიუკერძოებლობის პრინციპი. (ix)
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ემსახურებოდა იმ პრინციპის დაცვას, რომელშიც მხარეს რეალური შესაძლებლობა ექნებოდა ეპასუხა და დაეცვა საკუთარი პოზიცია. გადაწყვეტილება აშკარად წარმოადგენდა წინასწარ ჩამოყალიბებულ, სხვა საარბიტრაჟო საქმეში გამოყენებული დასაბუთების პირდაპირ „კოპირებას“.
კერძოდ, სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ:
(i) – ტრიბუნალმა, მართლაც სიტყვასიტყვით „გადმოწერა“ წინა გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი, მათ შორის, ისეთი არგუმენტები და მსჯელობა, რომლებიც ამ კონკრეტული საქმის განხილვისას საერთოდ არ გაჟღერებულა და მათ შორის არც არანაირი კავშირი არსებობდა, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ტრიბუნალმა საქმე დამოუკიდებლად არ შეაფასა;
(ii) – გადაწყვეტილებაში მოხსენიებული იყო ისეთი სამართლებრივი წყაროები, რომლებიც არც ერთ მხარეს არ წარუდგენია;
(iii) – ტრიბუნალმა მხარეების მიერ 2015 წლის აგვისტროში გაფორმებული ხელშეკრულებიდან არასწორი მუხლი მიუთითა მსჯელობისას და შესაბამისად, გარემოებებიც არასწორად შეფასდა.
(iv) – დაირღვა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გაწერილი ნება – lex arbitri, ვინაიდან საქმე უნდა განხილულიყო სინგაპურის საარბიტრაჟო სამართლის მიხედვით, თუმცა ტრიბუნალმა ინდოეთის არბიტრაჟის კანონი გამოიყენა მსგავსად იმ ორი პარალელური საარბიტრაჟო წარმოებებისა, სადაც აგრეთვე ინდოეთის არბიტრაჟის კანონი იყო გამოყენებული მხარეების შეთანხმების შესაბამისად.
ეს ყველაფერი ერთად არღვევს და ეწინააღმდეგება ბუნებითი სამართლის პრინციპს, რისი დარღვევაც გახდა აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. (x)
დასკვნა: ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ გზავნილს გლობალური საარბიტრაჟო საზოგადოებისთვის (რასაც სინგაპურის სააპელაციო სასამართლო ამკვიდრებს) – საარბიტრაჟო განხილვისას, გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მხარეთა მიერ საარბიტრაჟო წარმოებაში განხილულ/წარმოდგენილ პოზიციებსა და მტკიცებულებებს და საარბიტრაჟო წარმოება, ზემოაღნიშნულის ინდივიდუალური ანალიზის საფუძველზე უნდა იქნეს გამოტანილი; ხოლო პარარელური საარბიტრაჟო განხილვის შემთხვევაში, შესაძლოა გასააზრებელი იყოს, რამდენად პრაქტიკულად შესაძლებელია ერთი და იმავე არბიტრი მაინც დარჩეს დამოუკიდებელი მსგავს პარარელურ განხილვებში.
თეკლა გიგუაშვილი
[i]. Singapore Court of Appeal, DJP and Others v DJO [2025] SGCA (I) 2, 8 April 2025, para. 1.
https://www.elitigation.sg/gd/s/2025_SGCAI_2
[ii]. High Court of Singapore, Lim Chee Huat v Public Prosecutor, 1 March 2019 https://www.elitigation.sg/gd/s/2019_SGHC_132
[iii]. Singapore Court of Appeal, DJP and Others v DJO [2025] SGCA (I) 2, 8 April 2025, para. 5
[iv]. Ibid, paras. 12-13
[v]. Air News, Case Summary: DJP & Ors. V. DJ (2025), 13 April 2025, paras. 5-6
[vi]. Singapore Court of Appeal, DJP and Others v DJO [2025] SGCA (I) 2, 8 April 2025, paras. 24-26
[vii]. SKRINE Advocates & Soilicitors, Singapore Court of Appeal sets aside Arbitral Award due to Extensive Copying from Parallel Awards, 30 April 2025, para. 5
[viii]. Singapore Court of Appeal, DJP and Others v DJO [2025] SGCA (I) 2, 8 April 2025,, para. 74
[ix]. Singapore Court of Appeal, DJP and Others v DJO [2025] SGCA (I) 2, 8 April 2025, para. 36
[x]. Singapore Court of Appeal, DJP and Others v DJO [2025] SGCA (I) 2, 8 April 2025, paras. 24-27