ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის  წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა როგორც საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობა

შესავალი

2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირმა მიიღო რეგულაცია No 833/2014[i], რომლითაც, მათ შორის,  აკრძალულ იქნა გარკვეული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული იურიდიულ პირებისათვის მიყიდვა და  მიწოდებაც.

სწორედ აღნიშნული რეგულაციის დარღვევა გახდა შტუტგარტის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს (Oberlandesgericht Stuttgart, OLG Stuttgart) შეფასების საგანი (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გერმანიის საჯარო წესრიგთან შესაბამისობის დასადგენად), როდესაც რუსეთში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა მოითხოვა რუსეთში ფორმირებული ტრიბუნალის მიერ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გერმანიაში ცნობა-აღსრულება.

შესაბამისად, ამ ბლოგ-პოსტის განხილვის საგანი სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნება.

I. სასამართლო გადაწყვეტილების პროცედურული ისტორია


გერმანელ გამყიდველსა და რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებულ მყიდველს შორის დაიდო საქონლის მიწოდების ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო ორმაგი დანიშნულების ინდუსტრიული მანქანები, და დაკავშირებული მოწობილობები, (რომლებიც როგორც შემდგომ დადგინდა, შესაძლოა ასევე გამოყენებულიყო ტყვიის კარკასისთვისაც).

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გერმანულმა კომპანიამ  მიაწოდა  მყიდველს 2,485,800 ევროს ღირებულების საქონელი. 2022 წლის აგვისტოსთვის, მყიდველმა  გადაიხადა 2,672,235 ევრო. თუმცა, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების  შემდეგ, მოპასუხემ შეაჩერა შემდგომი მიწოდებები, ევროკავშირის სანქციების შესაძლო დარღვევის მოტივით. ხოლო მყიდველმა შეწყვიტა  ხელშეკრულება  და მოითხოვა თანხის დაბრუნება.

 მყიდველმა საარბიტრაჟო განაცხადი შეიტანა რუსეთში დაფუძნებულ მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებაში – საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში (რუსული აბრევიატურით MKAS)[ii].  საარბიტრაჟო განხილვა გამყიდველის მონაწილეობის გარეშე რუსულად ჩატარდა და მას დაეკისრა მყიდველისათვის 186.435 ევროს და გარკვეული პროცენტების გადახდა.

ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გერმანიაში წაიღო მყიდველმა. გამყიდველმა წარადგინა პრეტენზია და მათ შორის, მიუთითა, რომ ა) მას არ მიუღია სათანადოდ შეტყობინება საარბიტრაჟო პროცედურის დაწყების შესახებ, რადგან საარბიტრაჟო განაცხადი, რაც მას ჩაბარდა, რუსულად იყო შედგენილი; ბ) ამასთანავე, გამყიდველმა სადავოდ გახადა დავის განმხილველი არბიტრის მიუკერძოებლობა.

II. შტუტგარტის რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

თავდაპირველად,  შტუტგარტის რეგიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული ორივე შედავება იყო უსაფუძვლო. კერძოდ, რაც შეეხება არასათანადო შეტყობინებას, საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ არ ითვალისწინება წარმოების ენას, შესაბამისად მოქმედი და შეთანხმებული საარბიტრაჟო წესების მიხედვით, რუსულ ენაზე განაცხადის ჩაბარება შესაბამისობაში იყო ამ წესებთან. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, მოქმედი წესების მიხედვით, მოპასუხეს ტრიბუნალის ფორმირებიდან  15 დღეში უნდა გაეხადა სადავოდ არბიტრის მიუკერძოებლობა, რაც მას არ განუხორციელებია და შესაბამისად, მას ამ გარემოებაზე შედავების უფლება დაკარგული ჰქონდა.

სწორედ ამის შემდგომ, სასამართლომ შეაფასა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესაბამისობა გერმანიის საჯარო წესრიგთან, და დაადგინა, რომ  საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება წინააღმდეგობაში მოვიდოდა EU-სანქციებთან და ამის საფუძველზე,  ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს.

კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ ევროკავშირის № 833/2014 რეგულაციის (EU Regulation) 3(კ)(1) მუხლი განსაზღვრავს, რომ აკრძალულია იმ საქონლის გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი, რომლებიც ჩამოთვლილია დანართში XXIII და შეიძლება შეუწყონ ხელი რუსეთის ინდუსტრიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

ხოლო მოწყობილობა, რომლებიც მოპასუხეს უნდა მიეწოდებინა, შეიძლებოდა გამოყენებულიყო ტყვიების კარკასის დასამზადებლად, რაც არ იყო სადავო.

შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ისინი შეიძლებოდა გამოყენებულიყო რუსეთის ინდუსტრიული პოტენციალის გასაძლიერებლად, ხოლო ევროკავშირის რეგულაციის მუხლი 11(1)(ბ) ადგენდა, რომ არანაირი მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებასთან ან ტრანზაქციასთან, რომელზეც EU რეგულაციით დაწესებულმა ზომებმა იქონიეს გავლენა, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ამ მოთხოვნას წარმოადგენს რუსული იურიდიული პირი.

შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ EU-ს ზემოაღნიშნული რეგულაციის მე-11 მუხლით, არამარტო შესრულება, არამედ თანხის უკან დაბრუნებაც აკრძალული იყო.

საინტერესოა, რომ სასამართლომ ასევე მოიხმო გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კითხვები და პასუხები ევროკავშირის სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით. აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული იყო, რომ სანქციების კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი გადახდილი თანხის (ავანსის) დაბრუნებაც კი აკრძალული იყო.


[i] იხ.: https://eur-lex.europa.eu/eli/reg/2014/833/oj/eng

[ii] იხ. ვებ-საიტი: https://mkas.tpprf.ru/en/

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *