AI-ს გამოყენება საარბიტრაჟო წარმოებისას – მიღებული გაიდლაინების მიმოხილვა
I. შესავალი
OECD-ს მიერ ხელოვნური ინტელექტი (“AI”) განიმარტება შემდეგნაირად:
„ ხელოვნური ინტელექტი (AI) წარმოადგენს მოწყობილობაზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც პირდაპირი ან ირიბი მიზნების მისაღწევად ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და მის საფუძველზე ქმნის შედეგებს — მაგალითად, პროგნოზებს, შინაარსს, რეკომენდაციებს ან გადაწყვეტილებებს, რომელთაც შეუძლიათ ფიზიკურ ან ვირტუალურ გარემოზე ზემოქმედება. AI სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ავტონომიისა და ადაპტირების დონით მას შემდეგ, რაც ისინი უკვე დანერგილნი არიან.“[i]
AI უკვე არაერთი მეცნიერის მიერ ახალ ინდისტრიული რევოლუციის დასაწყისად მიიჩნევა.[ii] ეს არც არის გასაკვირი. AI-ს გამოყენება უკვე ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კომუნიკაციების, სამედიცინო და სამართალწარმოებისასაც. მაგალითად, შესაძლოა საათობით გაგრძელდეს Zoom-ში შეხვედრა და განხილვა და მისი დასრულებისას, AI-მ უმალვე, როგორც განხილვის ტრანსკრიპტი, ისე მისი მოკლე შეჯამებაც განახორციელოს.[iii]
უფრო მეტიც, National Center for State Courts (“NCSC”)-ის მიხედვით, აშშ-ში, უკვე არაერთმა სასამართლომ, სხვადასხვა შტატში, დაიწყო მუშაობა AI-ს მიმართულებით, მათ შორის: შექმნა Ad Hoc კომიტეტები (რათა დაედგინა სასამართლოშივე GAI-ს გამოყენების ფარგლები, ან/და მათი მარეგულირებელი პრინციპები), დაიწყო პირადი AI Tools-ის გამოყენება საქმეთა დახარისხების, მენეჯმენტის, თანამშრომელთა გადამზადების და სხვა პროგრამებისთვის.
ბუნებრივია, რომ სხვადასხვა ფორმით AI-ს გამოყენება საარბიტრაჟო პროცესშიდაც განიხილება და უფრო მეტიც, უკვე ხორციელდება კიდეც. თუმცა, AI-ს გამოყენებას თან ახლავს გარკვეული რისკებიც. მაგალითაც, უკვე არაერთი ადვოკატი დასანქცირდა აშშ-ს სასამართლოების მიერ, რადგან მათ, გადაუმოწმებლად წარუდგინეს სასამართლოს ChatGPT-ს მიერ დაგენერირებული საქმეთა „ჰალუცინაციები“; ე.ი. ისეთი საქმეები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს.[iv]
ამასთანავე, დავის გადამწყვეტი ორგანოს მიერ AI-ს გამოყენების მიმართ არსებობს როგორც მორალური წინააღმდეგობა (რამდენად მორალურია დავის გადაწყვეტის უფლებამოსილების ამა, თუ იმ ფორმით დელეგირება AI-ზე), ისე მის გამოყენებას თან ახლავს კონფიდენციალობის დაცვის რისკებიც (იმის გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო წარმოება კონფიდენციალურია, ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გარემოებაა). ასევე, ისმის კითხვა, ხომ არ დაარღვევს AI-ს გამოყენება საარბიტრაჟო პროცესში მხარის სამართლიანი განხილვის უფლებასაც?
აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში გაჩნდა საარბიტრაჟო პროცესში AI-ს გამოყენების მიმართ მარეგულირებელი წესების არსებობა. პირველად, ჯერ კიდევ 2024 წელს, სილიკონის ველის მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრმა (“SVAMC”) შეიმუშავა არბიტრაჟში AI-ს გამოყენების მიმართ გაიდლაინები,[v] რასაც რამდენიმე თვის წინ, მოყვა CIARB-ის მიერ ასევე, ახალი გაიდლაინების შემუშავება.[vi] ორივე გაიდლაინები იძლევა შესაძლებლობას, რომ მხარეებმა ეს გაიდლაინები, შეთანხმების ძალით გახადონ საარბიტრაჟო პროცესის მარეგულირებელ წესად. ასეთ შემთხვევაში, საარბიტრაჟო პროცესის მონაწილე პირები, ვალდებულნი იქნებიან დაიცვან ისინი.
წინამდებარე ბლოგპოსტში, მიმოხილულ იქნება SVAMC-ის გაიდლაინები. რაც შეეხება CIARB-ის გაიდლაინებს, მას შემდგომი ბლოგპოსტი დაეთმობა.
II.SVAMC-ის გაიდლაინები საარბიტრაჟო წარმოებისას AI-ს გამოყენების მიმართ
გაიდლაინების შემუშავებას წინ უძღოდა SVAMC-ის მიერ საჯარო კონსულტაციების გავლა. ამის შემდგომ, საბოლოო სახე გაიდლანებმა 2024 წლის 30 აპრილს მიიღო.
გაიდლაინები დაყოფილია სამ ნაწილად: ნაწილი პირველი: – მიმართულია საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილე ყველა პირთათვის; ნაწილი მეორე: – მიემართება მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს; და ნაწილი მესამე: – მიემართება უშუალოდ არბიტრებს.
მთლიანობაში, გაიდლაინები ითვალისწინებს 7 (შვიდ) ძირითად სახელმძღვანელო პრინციპს:
- AI გამოყენების, შეზღუდვებისა და რისკების გაცნობიერება;
- კონფიდენციალურობის დაცვა;
- ინფორმაციის გამჟღავნება;
- AI-ის გამოყენებისას კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერი გადამოწმების ვალდებულება
- პროცესისა და მტკიცებულებების სამართლიანობის (integrity) პატივისცემა
- გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობის გადაცემის აკრძალვა
- სამართლიანი განხილვის (Due Process) პრინციპის პატივისცემა
თითოეული მათგანი მოკლედ განხილულ იქნება ქვემოთ:
- პრინციპი N1 (AI გამოყენების, შეზღუდვებისა და რისკების გაცნობიერება): – მოუწოდებს საარბიტრაჟო პროცესის ყველა მონაწილეს, გააცნობიერონ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებასთან ასოცირებული შეზღუდვები და რისკები, რაც გულისხმობს AI-ს გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვების, მიკერძოებებისა და რისკების გონივრული ძალისხმების ფარგლებში გაცნობას და გაგებას.
- პრინციპი N2 (კონფიდენციალურობის დაცვა): – ფოკუსირებულია კონფიდენციალურობის დაცვაზე და ადგენს, რომ: საერთაშორისო არბიტრაჟის ყველა მონაწილე პასუხისმგებელია, რომ AI ინსტრუმენტების გამოყენება შეესაბამებოდეს მათი იურიდიული ვალდებულებების დაცვას კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მიმართებით; საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეებმა უნდა განახორციელონ მასალების რედაქტირება ან ანონიმიზაცია, სანამ მათ AI ინსტრუმენტს წარუდგენენ
- პრინციპი N3 (ინფორმაციის გამჟღავნება): – მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ არის სავალდებულო AI ინსტრუმენტების გამოყენების გამჟღავნება საარბიტრაჟო პროცესში, გადაწყვეტილება გამჟღავნებაზე უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით;
- პრინციპი N 4 (AI-ის გამოყენებისას კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერი გადამოწმების ვალდებულება): – ავალდებულებს მხარეთა წარმომადგენლებს, დაიცვან პროფესიული ეთიკის ნორმები და კომპეტენტურობის სტანდარტები. ასევე, ეს სახელმძღვანელო პრინციპი მოითხოვს, რომ მხარეებმა გადაამოწმონ AI-ის მიერ დაგენერირებული შედეგების სიზუსტე. შესაბამისად, სწორედ მხარეები და მათი წარმომადგენლები არიან პასუხისმგებელნი AI-ის მიერ წარმოქმნილ შეცდომებზე ან უზუსტობებზე.
- პრინციპი N 5 (პროცესისა და მტკიცებულებების სამართლიანობის –integrity პატივისცემა): ადგენს, რომ მხარეებმა, მათმა წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, არ გამოიყენონ AI ისე, რომ ზიანი მიაყენოს არბიტრაჟის სამართლიან განხილვას ან ხელი შეუშალოს პროცესის წარმართვას; არ გამოიყენონ AI მტკიცებულებების გასაყალბებლად, მათი ნამდვილობის შესაზღუდად ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის ან მოწინააღმდეგე მხარის შეცდომაში შესაყვანად;
- პრინციპი N 6 ( გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობის გადაცემის აკრძალვა): – კრძალავს, რომ არბიტრმა თავისი გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა გადააკისროს AI-ს. არბიტრებმა უნდა გამოიყენონ AI მხოლოდ დამხმარე საშუალებად და არ უნდა ჩაანაცვლონ საკუთარი დამოუკიდებელი ანალიზი ფაქტებზე, სამართალზე და მტკიცებულებებზე. მაგალითად, AI შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ გაკეთდეს ჩანაწერის ტრანსკრიპტი. თუმცა, AI-ს ვერ იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ არბიტრმა მიიღოს გადაწყვეტილებები ან დასკვნები სამართლებრივ თუ ფაქტობრივ გარემოებებზე.
- პრინციპი N 7 ( სამართლიანი განხილვის (Due Process) პრინციპის პატივისცემა): – ადგენს, რომ არბიტრი არ უნდა დაეყრდნოს AI-ის მიერ გენერირებულ ინფორმაციას, რომელიც არ არის პროცესის მასალებში წარმოდგენილი, ისე რომ ამის შესახებ მხარეებს წინასწარ არ აცნობოს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ AI ინსტრუმენტი ვერ ასახელებს დამოუკიდებლად შემოწმებად წყაროებს, არბიტრმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ასეთი წყაროები რეალურად არსებობს ან სწორად არის აღწერილი AI-ის მიერ.
ბოლოს, მხარეებისათვის გაიდლაინი ითვალისწინებს სტანდარტულ დათქმასაც, რაზედაც შეთანხმებით მხარეები არბიტრებს აკისრებენ ვალდებულებას, SVAMC-ის საარბიტრაჟო წესებით საარბიტრაჟო დავის განხილვისას გამოიყენონ და იხელმძღვანელონ ამ გაიდლაინებით.
დასკვნა
უდავოა, რომ ნელ-ნელა, საზოგადოების ნებისმიერი წევრი, ამა თუ იმ ფორმით იწყებს AI-ს გამოყენებას მის ყოველდღიურობაში. თუმცა, საარბიტრაჟო წარმოებისას AI-ს გამოყენებისას, არაერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ, მოსალოდნელია, რომ სამომავლოდ, ისევე როგორც სამართალწარმოებისას, საარბიტრაჟო წარმოებისასაც ხშირად გამოყენებადი იქნება AI. თუმცა, როგორც გაიდლაინები აჩვენებს, მისი გამოყენების რისკები და ფარგლები, თავიდანვე გააზრებული უნდა იყოს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილე ყველა მხარის მიერ, განსაკუთრებით არბიტრთა მიერ.
ბოლოს, სავსებით მოსალოდნელია, რომ სამომავლოდ მხარეებმა, წინასწარ შეათანხმონ საარბიტრაჟო წარმოებაში AI-ს გამოყენების წესები (სხვადასხვა soft law-ს, გაიდლაინების საარბიტრაჟო შეთანხმებაში ინკორპორირებით) ან/და, თავად არბიტრებმაც, თავიანთი უფლებამოსილების ფარგებში განუსაზღვრონ მხარეებს AI-ს გამოყენების სტანდარტებიც, რათა თავიდან აიცილონ მათ მიერ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების რისკი. როგორც ზემოთ აღინიშნა, სავსებით შესაძლებელია, რომ AI-ს გაუმჟღავნებელი და საზიანო გამოყენებით, რისკის ქვეშ დადგეს თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და მხარემ მოითხოვოს მისი გაუქმებაც, თუ ჩათვლის რომ ამით დაირღვა მისი სამართლიანი განხილვის უფლება.
აქედან გამომდინარე, დროა საარბიტრაჟო პროცესში მონაწილე მხარეებმა, საარბიტრაჟო დათქმის შეთანხმებისას, უკვე იფიქრონ, ხომ არ არის იმის საჭიროებაც, რომ მათ პროაქტიულად განსაზღვრონ, თუ რა სტანდარტები უნდა გავრცელდეს საარბიტრაჟო პროცესში AI-ს გამოყენებაზე.
[i] იხ.OECD-ს განმარტება: https://www.oecd.org/content/dam/oecd/en/publications/reports/2024/03/explanatory-memorandum-on-the-updated-oecd-definition-of-an-ai-system_3c815e51/623da898-en.pdf
[ii] იხ. https://www.forbes.com/sites/sap/2025/07/21/the-next-industrial-revolution-ai-agents-at-the-heart-of-transformation/
[iii] საკომუნიკაციო საშუალება Zoom-ს, დანერგილი აქვს AI ასისტენტი: https://www.zoom.com/en/products/ai-assistant/
[iv] მაგ., იხ.: https://www.ropesgray.com/-/media/ropes-post-pilot/microsites/ai/pdfs/2025/bunce-v-visual-tech-innovations-inc-2025-us-dist.pdf?rev=3ad3750355944001baf122bdff5c85b4&hash=11C5D2E2E6E8810554A4779EBF4EAA2C
[v] იხ. https://svamc.org/wp-content/uploads/SVAMC-AI-Guidelines-First-Edition.pdf
[vi] იხ.CIARB-ის გაიდლაინები: https://www.ciarb.org/media/m5dl3pha/ciarb-guideline-on-the-use-of-ai-in-arbitration-2025-_final_march-2025.pdf