შესავალი
დავიწყოთ ძალიან შორიდან. 1455 წლის 6 ნოემბერი იდგა. გერმანიის ქალაქ მაინცში რაინის მდინარიდან მონაქროლი ქარი ფანჯრების გავლით გუტენბერგის სახელოსნოში აღწევდა და კედლებზე გასაშრობად ჩამოკიდებულ ნაბეჭდ ფურცლებს აშრიალებდა. გუტენბერგმა ნერვიულად აიღო ერთ-ერთი ფურცელი, ფანჯარას მიუახლოვდა, ფურცელი აღმართა და დააკვირდა შავი შრიფტის მშვენიერ ხაზებს, რომლებიც ასე აკურატულად იყო დაწერილი სვეტებად. ამაყობდა თავისი ნამუშვრით, თავისი შესანიშნავი საბეჭდი მანქანით და ბიბლიის იმ ფურცლებით, რომელთა ბეჭდვაც დაასრულა. მანქანა იყო ზუსტად ის, რაც მას უნდოდა, რომ ყოფილიყო – საოცარი გამოგონება, რომელიც კაცობრიობასა და ღმერთს მოემსახურებოდა.[i]
დაისმის შეკითხვა: რა კავშირი აქვს ხელოვნურ ინტელექტსა და არბიტრაჟთან საბეჭდ მანქანას? დასმულ კითხვას პასუხად ეთქმის: იყო დრო, როდესაც საბეჭდი მანქანა „ეშმაკის მანქანად“ მიიჩნეოდა და შუა საუკუნეების ადამიანი მის გამოყენებას ტრადიციული მეთოდებით წერას ამჯობინებდა და შესაძლოა, ამ არჩევანის გამო თავს აღმატებულადაც მიიჩნევდა. თუმცა დროის გასვლასთან ერთად საბეჭდმა მანქანამ დაუმტკიცა კაცობრიობას, რომ ის მართლაც იყო საოცარი გამოგონება. ხელოვნური ინტელექტიც გუტენბერგის საბეჭდი მანქანისეულ გზას გადის.
წინამდებარე ბლოგ-პოსტში მიმოხილული იქნება, თუ როგორია არბიტრაჟისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთმიმართება დღეს, რამდენად დასაშვებია მისი გამოყენება და თუ როგორი მომავალი ელის საარბიტრაჟო წარმოებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. საკუთრივ, შესაძლოა, თუ არა სამართლებრივ რეალობაში გაჩნდეს არბიტრი ხელოვნური ინტელექტი, თუ უმჯობესია, რომ ხელოვნურ ინტელექტს ბუნებრივი ინტელექტი (არბიტრის სახით) ედგას სათავეში. აქვე აღსანიშნავია, რომ წინამდებარე ბლოგ-პოსტში განხილული საკითხი და ერთგვარი დილემა ყველა სისტემასთან მიმართებით რელევანტურია – როგორც ქართულთან, ისე სხვა სახელმწიფოთა სისტემებთან, გამომდინარე განსახილველი საკითხის გლობალური ბუნებიდან.
ძირითადი ნაწილი
დღეს არსებული მდგომარეობით, AI-ის არბიტრაჟში გამოყენების იდეა მიზნად ისახავს პროცესის გაუმჯობესებას როგორც ეფექტურობის, ისე ხარისხის თვალსაზრისით. არბიტრებს შეუძლიათ მისი გამოყენება ისეთი შრომატევადი სამუშაოს შესამცირებლად, როგორიცაა დოკუმენტების განხილვა და მონაცემთა ანალიზი. კერძოდ, AI შეიძლება გამოყენებულ იქნას საქმისათვის რელევანტური პრეცედენტების მოსაძიებლად, არბიტრის შერჩევაში დასახმარებლად, ან თუნდაც საქმეების ან გადაწყვეტილებების შედეგების წინასწარ განჭვრეტისთვის.
მაგალითისთვის, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის, პენსილვანიისა და შეფილდის უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის სისტემას შეეძლო ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებთან დაკავშირებული საქმეების შედეგების პროგნოზირება 79%-მდე სიზუსტით.[ii] თუმცა დაისმის კითხვა – ხელოვნურ ინტელექტს ხომ არ შეუძლია, რომ იმაზე უფრო მეტად გაამარტივოს ადამიანის ცხოვრება, ვიდრე ამას ახლა აკეთებს?! თუკი დღეს ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, რატომ ადამიანი როლს არ გაუცვლის მას და რატომ პირიქით არ იქნება – საკუთრივ, ხელოვნური ინტელექტი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები, ხოლო ადამიანი, როგორც მისი დამხმარე საშუალება.
ამ შეკითხვის რიტორიკულობასა და სიმარტივეს შემდეგი გარემოებების გააზრება განაპირობებს: კომპიუტერებს არ აქვთ გრაფიკი და შეუძლიათ მრავალი დავალების ერთდროულად შესრულება, მათ მხოლოდ ელექტროენერგია და ინტერნეტთან კავშირი ესაჭიროებათ. ხოლო მას შემდეგ, რაც ის საფუძვლიანად მოიკიდებს ფეხს, არბიტრაჟის კომპიუტერული სისტემა იქნება შედარებით იაფი და, შესაბამისად, ხელმისაწვდომი დავის მონაწილეთა უმეტესობისთვის, განურჩევლად მათი ეკონომიკური სტატუსისა. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კომპიუტერებს არ გააჩნიათ პირადი ინტერესები, მათი მისამართით არ წარმოიშვება კითხვის ნიშნები ერთგულებისა და მიუკერძოებლობის საკითხთან დაკავშირებით და, ცხადია, რომ ისინი არ იღებენ ქრთამს.[iii] საპირისპიროდ კი ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ არბიტრთა უმრავლესობას უკვე აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო მიდრეკილება შესავალი სიტყვის დასასრულს (მოწმეების ან მტკიცებულებების გაცნობამდე). რაც იმას ნიშნავს, რომ არბიტრების უმეტესობისთვის მთლიანი საარბიტრაჟო მოსმენა არის მტკიცებულებების გაცხრილვის პროცესი, რომლის დანიშნულებაც თავდაპირველი ჰიპოთეზის ჭეშმარიტების შემოწმებაა.[iv]
თუკი ამდენად უპირატესია AI არბიტრი და თუკი მის დანერგვას შეუძლია გადაჭრას გაუთავებელი დავა გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ობიექტურობაზე; თუკი ამ ტექნიკურად არც თუ ისე რთულად შესასრულებელ დავალებას შეუძლია, რომ კომპეტენციათა შესახებ კითხვის ნიშნები გააქარწყლოს, მაშინ რატომ არ არსებობს აღნიშნული იდეის რეალიზების პრეცედენტები?
რეალურად „ითვლება, რომ ადამიანური ელემენტი უზრუნველყოფს ემპათიასა და ემოციურ სამართლიანობას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას, ხოლო ემოციების არმქონე არბიტრი, რომელსაც არ გააჩნია ემპათია და საკუთარი მოსაზრების გადმოცემის უნარი, ვერ შეძლებს სრულად გაიგოს მხარეების დრამა, მათი განზრახვა და ის მნიშვნელობა, რომელიც წერილობითი ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების ტექსტის მიღმა დევს.“[v]
გარდა იმისა, რომ კომპიუტერი არბიტრების დანერგვის ერთ-ერთი სირთულე არის დიდი მატერიალური რესურსების საჭიროებაც, საარბიტრაჟო ინსტიტუტები ითვალისწინებენ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად მოჰყვება ეთიკური თუ მორალური დილემები. მათთვის ცნობილია, რომ იურიდიული საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური ელემენტის ნაკლებობას. გარდა ამისა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც წამოიჭრება, არის ის, თუ რამდენად კომფორტულად იგრძნობენ თავს მხარეები ავტომატიზებული სისტემის მიერ იმგვარი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც მათ იურიდიულ (და არამხოლოდ) მდგომარეობაზე ახდენს გავლენას.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მხარეები ენდობიან ადამიან არბიტრს, რადგან არბიტრს გააჩნია ემოციური ინტელექტი — ანუ, თანაგრძნობის, ემპათიისა და რაციონალიზაციის უნარი. ძნელია წინასწარ განჭვრეტა, თუ რა დასკვნამდე მივა მანქანა არბიტრი მორალური დილემის შემთხვევაში, რადგან, ამ დროისთვის, ემპათიის ალგორითმულ კოდში თარგმნა შეუძლებელია.[vi]
აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლოა უნდობლობის ხარისხი იმდენად მაღალი იყოს ხელოვნური ინტელექტი არბიტრების მიმართ, რომ მხარეებმა უმრავლეს შემთხვევაში დაიწყონ გზების ძიება, თუ როგორ გააუქმონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. რაც უსათუოდ გამოიწვევს სამართლებრივ ქაოსს და არბიტრაჟის ალტერნატიულობა (საუბარია არბიტრაჟზე, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებაზე) კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
გარდა ამისა, საგულისხმოა ე.წ. „შავი ყუთის“ საკითხიც. „შავი ყუთი“ არის სისტემა, რომელზე დაკვირვებაც შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რას მივაწვდით მას და რა შედეგს მოგვცემს იგი, თუმცა მისი შიდა ოპერაციები უცნობი რჩება დამკვირვებლებისთვის. ამჟამინდელი AI სისტემები ამ პრობლემის წინაშე დგანან და ამ პრობლემის გამო AI სისტემის მიერ დაბრუნებული შედეგის ობიექტურად, თავისუფლად და სამართლიანად შეფასება შეუძლებელია. ეს საკითხი მაშინ ჩნდება, როდესაც მანქანური სწავლება მუშაობს წარსული მონაცემების მეშვეობით. აქედან გამომდინარე კი გაურკვეველია, რა მოხდება მაშინ, როდესაც წარსული მონაცემები თავად არის მიკერძოებული.[vii]
შესაბამისად, თავად ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც კი შეიძლება არსებობდეს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები. გარდა ამისა, იმისათვის, რომ პროგნოზირებადი გადაწყვეტილების მიმღებმა AI სისტემამ გადაწყვეტილება მიიღოს, მასში დიდი რაოდენობით მონაცემების შენახვაა საჭირო – ე.წ. მანქანური სწავლება. მონაცემების რაოდენობასა და ხარისხს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მის ეფექტურობაზე. თუმცა არბიტრაჟის, განსაკუთრებით კი საერთაშორისო და კომერციული არბიტრაჟის მიმართულებით, საკმარისი რაოდენობის მონაცემების მოძიება შეუძლებელია, რადგან არბიტრაჟი, თავისი არსით, კერძო პროცესია და საკითხთა უმრავლესობა კონფიდენციალურია.[viii] რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი სასამართლო გადაწყვეტილებების პროგნოზირება ხელოვნური ინტელექტისათვის მარტივი პროცესია წინარე გადაწყვეტილებათა საჯაროობიდან გამომდინარე, არბიტრაჟის შემთხვევაში ის, ვინც განიზრახავს, რომ არბიტრად „გაწვრთნას“ ხელოვნური ინტელექტი, უდიდეს სირთულეს წააწყდება. ამგვარმა სირთულემ და მიწოდებულ ინფორმაციათა ნაკლულობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს ხელოვნური ინტელექტის მიერ პრაქტიკათა გამოგონება და, შესაბამისად, არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს სასამართლოებისა და ადვოკატების ტვირთი, მისასალმებელია. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი არბიტრების ხელოვნური ინტელექტის ძალისხმევით ჩანაცვლება ე.წ. „პანდორას ყუთს“ გახსნის, რომელთან გამკლავებაც ქვეყნების სამართლებრივი ჩარჩოსთვის ჯერ კიდევ რთულია. მაგალითად, AI არბიტრების მიერ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესაძლოა სადავო გახდეს საჯარო წესრიგის საფუძველზე იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება ფიზიკური პირის მიერ არ არის გამოტანილი, ან შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს AI არბიტრების მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა AI-ის მონაცემებზე დაფუძნებულობის გამო, ან ის, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას არასაკმარისი დასაბუთება აქვს.[ix]
თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარება და დახვეწა იმდენად სწრაფი ტემპით მიიწევს, რომ ნებისმიერ დროს, მათ შორის უახლოეს მომავალშიც კი (შესაძლოა ბლოგ-პოსტის ბოლომდე წაკითხვამდეც კი) ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს და ყველა ის ფაქტორი, რომელიც მუშაობს არბიტრი კომპიუტერის წინააღმდეგ, აღმოიფხვრას. მეორე მხრივ, რაც ნაკლებსავარაუდოა, რომ შეიცვალოს როგორც ახლო, ისე განგრძობად მომავალში, ხელოვნური ინტელექტის უპირატესობები და მისი დადებითი მხარეებია.
გარდა იმისა, რომ არბიტრი ხელოვნური ინტელექტი მხარეთა შორის არსებულ დავას განიხილავს შედარებით უფრო მოკლე დროში, ვიდრე ამას მოახერხებდა თავად არბიტრი, მის მიუკერძოებლობაზე კითხვის ნიშები ნაკლებად იარსებებს და შესაძლოა, რომ ფინანსურადაც გაცილებით ხელსაყრელად შეძლოს ეს ყოველივე. ასევე აუცილებელია განსახილველ საკითხს შევეხოთ საარბიტრაჟო შეთანხმების კონტექსტშიც. ცხადია, საარბიტრაჟო შეთანხმება ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული შეთანხმების იმანენტურ ბუნებაზეც გავამახვილოთ ყურადღება და დავაკვირდეთ, თუ რამდენად გასცემს მისი განხილვა დასმულ შეკითხვებს (AI არბიტრების დასაშვებობის საკითხზე) პასუხებს.
საარბიტრაჟო შეთანხმება ფუნდამენტურად კონტრაქტუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საფუძვლად უდევს პირადი შეთანხმება და გადაწყვეტილება. იურიდიულ ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ არბიტრაჟი უნდა განიხილებოდეს როგორც პირადი მართვის და თვითგამორკვევის ფორმა, რომელსაც მივუდგებით ნებაყოფლობითი შეთანხმების პრიზმიდან და არა ტრადიციული სასამართლო განხილვის კუთხით. მხარეებისთვის არბიტრაჟის პროცესის ჩამოყალიბების დისკრეციის მინიჭების მიზანია მათთვის მორგებული და ეფექტური პროცედურების მიღება. მხარეებს შეუძლიათ აირჩიონ გადაწყვეტილების მიმღები, რომელიც არის დარგის სპეციალისტი, ან უზრუნველყონ პროცესის კონფიდენციალურობა კომერციული საიდუმლოებების ან პირადი ინფორმაციის უფლებების დასაცავად. ეს თვითარჩეული განხილვის პროცესი ხელს უწყობს არაფორმალურობას, ამცირებს ხარჯებს და ზრდის დავის მოგვარების სიჩქარეს. შესაბამისად, თუ ორივე მხარე თანახმაა, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება დაინიშნოს მათ დავაში არბიტრად.[x]
ხელმისაწვდომობა ამ კონტექსტში კიდევ ერთი საინტერესო ასპექტია და მისი განხილვა აუცილებელია. ტექნიკურად შეიძლება არსებობდეს რობოტების მრავალფეროვნება, რაც მოთხოვნა-მიწოდების წესის საფუძველზე გაზრდიდა არჩევნის შესაძლებლობებს. უპირატესობა აქ იმაში მდგომარეობს, რომ რობოტების წარმატებულად ოპერირებისათვის დაპროგრამება შესაძლებელია მარტივად და მოკლე ვადებში. მომხმარებლებს შეიძლება მიეცეთ შესაძლებლობა, აირჩიონ რობოტი არბიტრის ყველაზე მიმზიდველი მახასიათებლები და ატრიბუტები. [xi]
შეჯამება
ამდენად, დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ რეალობაში ხელოვნური ინტელექტი ფოკუსირებულია არბიტრებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში დახმარებაზე. აღნიშნულს მოწმობს ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაციის (AAA) გაშვებული საპილოტე პროგრამაც, რომლის ფარგლებშიდაც ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს მხარეების პოზიციებს, ადგენს კონფლიქტის არსებობის საკითხს, წარმოადგენს საჭირო გადაწყვეტილებათა მოკლე მიმოხილვას, საბოლოოდ კი გამოსცემს გადაწყვეტილებას და წარმოადგენს წერილობით დასაბუთებას. თუმცა, საბოლოოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებულ საარბიტრაჟო გადაწყევტილებას ადამიანი არბიტრი ამოწმებს და აწერს ხელს – სწორედ ამის შემდეგ შედის ძალაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.[xii]
ამგვარად, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა საარბიტრაჟო წარმოებაში ამჟამად შეზღუდულია გარკვეული ფარგლებით და მისი არსებობა მიზნად ისახავს არბიტრების საქმიანობის სიჩქარის, სიზუსტისა და ხარისხის გაუმჯობესებას. ადამიანები არ არიან პროცესიდან გამორიცხულნი, ისინი რჩებიან წინა პლანზე და ხელოვნური ინტელექტი მათ დამხმარე საშუალებად არის ჩამოყალიბებული. სრულად ავტომატიზებული “რობოტი” არბიტრის სისტემა, რომელიც ჩაანაცვლებდა ადამიან არბიტრებს, მოითხოვს სხვადასხვა ძირითად მახასიათებელთა ქონას. კერძოდ, სრული სერვისის ხელოვნური ინტელექტის არბიტრის სისტემა მოითხოვს საქმის მართვის სრულად ავტომატიზებულ პროცესს, რომელიც მოიცავს საქმეების მიღებას, კონფლიქტის შემოწმებას, მრავალი საქმისა და მოსმენის ერთდროულ მართვას ადამიანის ჩართულობის გარეშე. გარდა ამისა, მას დასჭირდება მოცემული საქმის ფაქტობრივი ანალიზის შესრულება, მათ შორის ფაქტების ელექტრონული აღმოჩენა და დოკუმენტების ანალიზი. მას ასევე დასჭირდება მოწმეთა სანდოობის შეფასება დაკითხვის დროს, მაგალითად, სახის ამომცნობი აპლიკაციების გამოყენებით, რომლებსაც შეუძლიათ მოწმის მიკრო-გამომეტყველების დაფიქსირება. ამ ანალიზის საფუძველზე, სისტემას მოუწევს საბოლოო და სავალდებულო გადაწყვეტილების მიღება და შემდგომ უკვე მიღებული გადაწყვეტილების მოტივაციის დასაბუთება.[xiii]
ზემოთჩამოთვლილი ფუნქციების შესრულება ჯერ კიდევ დაუპყრობელი მწვერვალია ხელოვნური ინტელექტისათვის, თუმცა მისი განვითარების ტემპის გათვალისწინებით სავსებით რეალისტურია, თუკი იარსებებს დაშვება, რომ ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება მთლიანი საარბიტრაჟო წარმოების მისთვის გადაბარება. გუტენბერგის მანქანისეული გზის გავლის შემდგომ – რაც გულისხმობს საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების შეცვლას და ნდობის გაჩენას, ხელოვნური ინტელექტი, დიდად სავარაუდოდ, კიდევ უფრო საფუძვლიანად მოიკიდებს ფეხს სამართლებრივ რეალობაშიც. თუმცა რაციონალური მსჯელობა მოითხოვს ითქვას, რომ უმჯობესია განვითარების მიმდინარე სტადიაზე ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივ ინტელექტთან მიმართებით ვერტიკალის სამხრეთ ნახევარსფეროში დარჩეს და ემსახურებოდეს მას დავალებათა გამარტივებითა და პროცესის დაჩქარებით.
რაც შეეხებათ რობოტ არბიტრებს, თუკი ვიტყვით, რომ ეს წარმოუდგენელია, მომავლის ადამიანმა შესაძლოა გულიანად გადაიხარხაროს კიდეც. აღნიშნულისგან თავის ასარიდებლად უპრიანი იქნება თუკი ვიტყვით, რომ სავსებით შესაძლებელია ერთხელაც მხარეებმა ახსნა-განმარტება და მტკიცებულებები AI არბიტრის წინაშე წარადგინონ. ბოლოსდაბოლოს, რამდენიმე ათეული წლის წინათ კაცობრიობისათვის წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ის დანადგარი, რომელშიც წინამდებარე ბლოგ-პოსტი აიკრიფა, ამდენად დიდ ადგილს დაიკავებდა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს – მანქანისეული გზაც გასავლელი აქვს, საზოგადოების ნდობაც მოსაპოვებელი და დასამტკიცებელი, რომ დამოუკიდებლად იმაზე უფრო შედეგიანია, ვიდრე ადამიანის დაქვემდებარებაში.
ავტორი: გიგი ყურაშვილი
[i] Fran Rees, Johannes Gutenberg: Inventor of the Printing Press, Compass Point Books, Minneapolis, Minnesota, pg. 9-10.
[ii] Sean Shih; Eric Chin-Ru Chang. “The Application of AI in Arbitration: How Far Away Are We from AI Arbitrators?.” Contemporary Asia Arbitration Journal (CAA Journal) 17, no. 1 , 2024: pg. 73.
[iii] Paul Bennett Marrow, Mansi Karol, Steven Kuyan, “Artificial Intelligence and Arbitration: The Computer as an Arbitrator – Are We There Yet?”. Dispute Resolution Journal, Volume 74, Number 4, October 2020: pg. 36.
[iv] Jurgis Bartkus. “AI v. Arbitrator: How Can the Exclusion of Evidence Increase the Appointments of the Arbitrators?.” Access to Justice in Eastern Europe 2023, no. 1, 2023: pg. 114.
[v] Abhilasha Vij. “Arbitrator-Robot: Is A(I)DR the Future?.” ASA Bulletin 39, no. 1, 2021: pg. 138.
[vi] Mahnoor Waqar. “The Use of AI in Arbitral Proceedings.” Ohio State Journal on Dispute Resolution 37, no. 3, 2022: pg. 356.
[vii] Kirty Ranjan Rani; Mandira Manshavi. “Artificial Intelligence Arbitrator: A Solution to Arbitral Bias?.” Indian Journal of Integrated Research in Law 2, no. 6, 2022: pg. 6.
[viii] იქვე, pg. 7.
[ix] Ghazal Bhootra; Ishan Puranik. “Arbi(Traitor)?: A Case against AI Arbitrators.” Indian Arbitration Law Review 4, 2022: pg. 44.
[x] Michael J. Broyde; Yiyang Mei. “Don’t Kill the Baby! The Case for AI in Arbitration.” New York University Journal of Law and Business 21, no. 1, 2024: pg. 146.
[xi] Dan Wei; Gustavo Moser. “Human Arbitrators (the Undisputed Champion) v Robots (the Challenger).” Hong Kong Law Journal 50, no. 1, 2020: pg. 233-234.
[xii] American Arbitration Association, AI Arbitrator, A Faster, More Cost-Effective Path to Resolution, https://www.adr.org/ai-arbitrator/.
[xiii] Horst Eidenmuller; Faidon Varesis. “What Is an Arbitration? Artificial Intelligence and the Vanishing Human Arbitrator.” New York University Journal of Law and Business 17, no. 1, 2020: Pg. 61-62.