სულუს სასულთნოს მემკვიდრეები მალაიზიის წინაღმდეგ – ეპიკური საგა, რომელმაც მთელი საარბიტრაჟო საზოგადოება შეძრა

შესავალი

სულუს სასულთნოს მემკვიდრეების დავა მალაიზიის სახელმწიფოს წინაღმდეგ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კონტრავერსიული და საყურადღებო საარბიტრაჟო  დავაა. ყურადღება ამ დავამ არამარტო მისი ისტორიული მნიშვნელობის, არამედ დავის განმავლობაში განვითარებული პარარელური მოვლენების (მათ შორის საბოლოოდ არბიტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის და მრავალ იურისდიქციაში დავის გაგრძელების)  გამო მიიქცია.

ყველაფერი კი საუკუნების წინ, 1878 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი მთელს მსოფლიოში, ზღვასა და ხმელეთზე ბატონობდა.

1878 წელს,  სულუს სულთანმა, რომელიც იმ დროს დღევანდელი მალაიზის გარკვეულ ტერიტორიას მართავდა (თუმცა მასზე იმ დროს ესპანეთის იურისდიქცია ვრცელდებოდა),  საბაჰის სანაპირო ტერიტორია და რამდენიმე კუნძული იჯარით, უვადოდ გადასცა ალფრედ დენტსა და ბარონ დე ოვერბეკს; იმავე შეთანხმებით, მათ მიენიჭათ უფლება   „მიეღოთ სარგებელი მისი მინერალებიდან, ტყის პროდუქტებიდან და ცხოველებიდან“. აღნიშნულის სანაცვლოდ, ისინი  სულთანს დაჰპირდნენ  წლიური ქირის გადახდას,  თავდაპირველად 5000, შემდეგ კი 5300 პესოს ოდენობით.[i]

მოგვიანებით ალფრედ დენტმა და ბარონ დე ოვერბეკმა დააფუძნეს ბრიტანეთის ჩრდილოეთ ბორნეოს კომპანია (British North Borneo Company)  (შემდგომში “BNBC”),  რომელმაც იჯარით აღებული ტერიტორიის მართვა გადაიბარა.[ii]  1885 წელს კი ესპანეთმა აღიარა სულუს სასულთნოს სუვერენიტეტი და უარყო მისი იურისდიქცია სასულთნოს მიმართ.

მეორე მსოფლიო ომის და მისი შედეგების გათვალისწინებით კი, 1946 წელს, BNBC-მ მისი  ყველა სახელშეკრულებო უფლება ბრიტანეთს გადასცა. ერთი წლის შემდეგ კი ბრიტანეთის მთავრობამ, რომელიც შიშობდა, რომ საბაჰის რეგიონზე მისი ფაქტობრივ კონტროლს შესაძლოა პოლიტიკური დაძაბულობა გამოეწვია, გადაწყვიტა სულუს სულთნის მემკვიდრეები მოეძებნა და გაენახლებინა ქირის გადახდა 1878 წლის შეთანხმების შესაბამისად.[iii]

ამის შემდგომ,  1963 წელს ჩამოყალიბდა მალაიზიის სახელმწიფო, რომლის იურისდიქციაშიც  შევიდა საბაჰის პროვინცია. მალაიზიამ, როგორც უფლებამონაცვლემ,   გააგრძელა სულუს სულთნის მემკვიდრეებისთვის  (რომლებიც იმ დროისათვის უკვე ფილიპინების მოქალაქეებს წარმოადგენდნენ) ქირის გადახდა, თუმცა,  სამხედრო კონფლიქტის გამო 2013 წლიდან მალაიზიამ გადახდების განხორციელება  შეწყვიტა.[iv]

ამის გათვალისწინებით, 2017 წელს, სულუს სასულთნოს მემკვიდრეებმა გადაწყვიტეს საარბიტრაჟო დავის დაწყება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მალაიზიისაგან.

I.საარბიტრაჟო დავის დაწყება და თანმდევი გამოწვევები

1878 წელს, მხარეთა შორის დადებული შეთანხმება  ითვალისწინებთა შემდეგ მუხლს:

„…თუ ჩვენს შორის, ჩვენს მემკვიდრეებსა და მემკვიდრეებს შორის, და ბატონ გუსტავუს ბარონ დე ოვერბეკს ან მის კომპანიას შორის წარმოიშობა რაიმე დავა ან  წამოიჭრება ნებისმიერი სახის უთანხმოება, მაშინ ეს საკითხი განხილვისთვის ან გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა მისი  უდიდებულესობის [აქ იგილისხმება დიდი ბრიტანეთი] გენერალურ კონსულს ბრუნეიში…“.

შეთანხმების გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა, 2017 წლის ოქტომბერში წერილი მიწერეს დიდი ბრიტანეთის შესაბამის წარმომადგენელს და სთხოვეს დაენიშნათ გენერალური კონსული, რომელიც მალაიზიის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე დავას გადაწყვეტდა.[v] მალევე, 2017 ნოემბერში, დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადა გენერალური კონსულის დანიშვნაზე.

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, 1878 წელს დადებული შეთანხმება არ ითვალისწინებდა  ინსტიტუციურ არბიტრაჟს (ე.ი. ბუნებრივია, არ იყო შეთანხმება რომელიმე საარბიტრაჟო ინსტიტუტის საარბიტრაჟო წესებზე), სულუს სალუსთნოს მემკვიდრების ერთადერთი შანსი დაეწყოთ საარბიტრაჟო დავა, იყო მათი შეთანხმების Ad Hoc საარბიტრაჟო შეთანხმებად აღიარება და რომელიმე სასამართლოს მეშვეობით დანიშნულიყო არბიტრი, ვინც შემდგომ განსაზღვრავდა საარბიტრაჟო წარმოების პროცედურულ საკითხებს.

სწორედ ამისთვის, მოსარჩელეებმა მიმართეს ესპანეთის (მადრიდის) სასამართლოს. როგორც მოსარჩელეების, ისე მადრიდის სასამართლოს კომუნიკაციაზე მალაიზიის სახელმწიფო პასუხებს არ წარადგენდა, იმ არგუმენტით რომ საარბიტრაჟო პროცესში მონაწილეობით ლეგიტიმაცია არ მიეცა საარბიტრაჟო პროცესისთვის.

საბოლოოდ,  მადრიდის სასამართლომ, 2019 წლის 19 მარტს მიიღო გადაწყვეტილება,[vi] რის საფუძველზედაც, შემდგომში   არბიტრად დანიშნა ესპანელი არბიტრი -დოქტორი გონზალო სტამპა. დანიშნულმა არბიტრმა კი თავისი პროცედურული დადგენილებით, საარბიტრაჟო განხილვის ადგილად მადრიდი, ესპანეთი განსაზღვრა.

პარარელურად, მალაიზიის სასამართლომ გამოსცა ე.წ. Anti-suit injunction და მოსთხოვა დანიშნულ არბიტრს  მიმდინარე საარბიტრაჟო პროცესის შეყვეტა. ეს გადაწყვეტილება, იურიდიულ დასკვნასთან ერთად მალაიზიის სახელმწიფომ არბიტრსაც გაუზიარა 2020 წლის დასაწყისში. იგი საბოლოოდ არბიტრმა არ გაიზიარა.

ამასთანავე, არბიტრმა მიიღო პროცესის ბიფურკაციის გადაწყვეტილება და შემდგომში, 2020 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ტრიბუნალს ჰქონდა იურისდიქცია განეხილა მიმდინარე დავა (იგი ასევე უგულვებელყოფდა მალაიზიის სასამართლოს გადაწყვეტილებას)  და არბიტრმა მიიჩნია, რომ ასეთი დავა UNIDROIT-ის საერთაშორისო კომერციული სახელშეკრულებო პრინციპების საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო.[vii]

II. ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მადრიდის სამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა და თანმდევი გამოწვევები

მადრიდის სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება (რომლის საფუძველზედაც დოქტორი გონზალო სტამპა დაინიშნა არბიტრად) გაასაჩივრა მალაიიზიის სახელმწიფომ.

საჩივრის საფუძველი სრულიად  პროცედურული იყო. კერძოდ, მალაიიზიის სახელმწიფო დავობდა, რომ დაირღვა მისთვის საარბიტრაჟო მოთხოვნისა და თანმდევი დოკუმენტაციის მიწოდების წესი. კერძოდ, მისთვის აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა ყოფილიყო მიწოდებული სართაშორისო სამართლით დადგენილი წესით, ე.ი. დოკუმენტები უნდა გაეგზავნა ესპანეთის საგარეო სამინისტროს მალაიზიაში მის საელჩოსათვის, რომელსაც შემდგომ ისინი უნდა მიეწოდებინა მალაიზიის საგარეო სამინისტროსთვის. ხოლო, მოცემულ საქმეში, მასალები პირდაპირ ჩაბარდა ესპანეთში მალაიზიის საელჩოს.

აღნიშნული საფუძველზე დაყრდნობით, მალაიზიის სახელმწიფო ითხოვდა გონზალო სტამპას დანიშვნისა და მისი შემდგომი ქმედების ბათილობას.  ეს არგუმენტაცია ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა (თუმცა, ერთ-ერთმა მოსამართლემ დაწერა განსხვავებული აზრი, რითაც არ დაეთანხმა უმრავლესობას) და 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, გააუქმა როგორც გონზალო სტამპის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, ისი მისი შემდგომი ქმედებები.[viii]

ამის მიუხედავად, არბიტრს საარბიტრაჟო განხილვა არ შეუჩერებია. იმის გათვალისწინებით რომ საარბიტრაჟო მოსარჩელეებმა იურისდიქციაზე და გამოსაყენებელ სამართალზე არბიტრის 2020 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების მიმართ პარიზის სასამართლოდან  exequatur-ის მოპოვება მოახერხეს,  არბიტრის  N42-ე პროცედურული დადგენილებით, შეიცვალა საარბიტრაჟო განხილვის ადგილი და ასეთად, პარიზი (საფრანგეთი) განსაზღვრა.[ix]

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელეების წარმომადგენლებს არ შეუჩერებიათ სამართლებრივი დავა ესპანეთში. მათ არაერთი საჩივარი შეიტანეს, მათ შორის კონსტიტუციური სარჩელიც. ყველა მათგანი მათთვის უშედეგოდ დასრულდა და ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც 2023 წლის იანვარში მოსარჩელეთა კონსტიტუციური სარჩელი დაუშვებლად ცნო.[x]

III. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და მისი ცნობა-აღსრულების წარუმატებელი მცდელობები

2022 წლის 22 თებერვალს, გონზალო სტამპამ გამოიტანა საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლითაც მან მოსარჩელეების საარბიტრაჟო მოთხოვნები დააკმაყოფილა.[xi] კერძოდ, არბიტრის გადაწყვეტილებით მალაიზიის სახელმწიფოს 14.92 მილიარდი აშშ დოლარის (ქირა 2013 წლიდან 2047 წლამდე), პლუს პროცენტებისა და 2 მილიონ დოლარზე მეტი საარბიტრაჟო ხარჯის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა.

ზემოაღნიშნულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა მალაიზიის სახელმწიფოს მხრიდან, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა საფრანგეთშივე; ასევე, იგი შეეწინააღმდეგა გადაწყვეტილების ცნობა აღსრულების მოთხოვნებსაც არამარტო საფრანგეთში, არამედ სხვა იურისდიქციებში, სადაც მოსარჩელეები ცდილობდნენ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას (მაგ. ნიდერლანდებში).[xii] მოსარჩელეებმა, არაერთი სამართლებრივი დავა დაიწყეს უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებითაც (ქონებების დაყადაღების შესახებ ლუქსემბურგში, აშშ-ში და საფრანგეთშიდაც).

რაც შეეხება საფრანგეთს, საფრანგეთში მოსარჩელეებმა ყველა სამართლებრივი რესურსი ამოწურეს და საბოლოოდ, საგა დასრულდა საფრანგეთის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც მოსარჩელეებს საბოლოოდ უარი ეთქვათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე.[xiii]

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, როგორც მკითხველისათვის ცნობილია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება (საარბიტრაჟო განხილვის ადგილის ქვეყნის სასამართლოს მიერ), ავტომატურად არ ხდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აღუსრულებელს სხვა იურისდიქციებში. სწორედ ამიტომ, საარბიტრაჟო მოსარჩელეები შეეცადნენ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას სხვა იურისდიქციაშიდაც. მათ მიმართეს ნიდერლანდების სამეფოსაც (ჰააგას სააპელაციო სასამართლოს), რომელმაც ასევე უარი განაცხადა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე, რაც საბოლოოდ ძალაში დატოვა ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომაც მისი 2024 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით.[xiv]

ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ, მათ შორის ისიც შეამოწმა, რამდენად უნდა გაეზიარებინა მას ერთი მხრივ ესპანეთში წარმართული სასამართლო პროცესები (ის რომ გონზალო სტამპას დანიშვნის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი), ისე საფრანგეთშიც წარმართული პროცესები.  მოსარჩელეები დავობდნენ, რომ ესპანეთის სასამართლომ უგულვებელყო მათი სამართლიანი განხილვის უფლება, ამიტომ, მისი გადაწყვეტილება ნიდერლანდებს არ უნდა გაეთვალისწინებინა. აღნიშნული არგუმენტი, ისევე როგორც სხვა არგუმენტები, სასამართლომ არ გაიზიარა და გადაწყვეტილებებში დაეყრდნო ესპანეთში და საფრანგეთში წარმართულ პროცესებსაც.

შესაბამისად, როგორც საფრანგეთში, ისევე ნიდერლანდებში, მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტიელბის ცნობა-აღსრულება.

IV. წარუმატებელი საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა  ICSID-ში

2024 წლის 15 აგვისტოს, საარბიტრაჟო მოსარჩელეებმა ICSID-შიდაც შეიტანეს საარბიტრაჟო მოთხოვნა ესპანეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისინი ესპანეთისაგან  ითხოვდნენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მათთვის მიკუთვნებულ სრულ ოდენობის, შესაბამის პროცენტებთან ერთად (იმ დროისათვის დაახლოებით 18 მილიარდ აშშ დოლარს) ანაზღაურებას.[xv]

მოსარჩელეების მითითებით, დაირღვა ფილიპინებსა და ესპანეთს შორის, 1993 წელს დადებული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების (შემდგომში „BIT“) მოთხოვნები; კერძოდ, დაირღვა სამართლიანი და თანასწორობის მოპყრობის უფლება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, სრული დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებები, რაც გათვალისწინებული იყო იმავე BIT-ის მე-3 მუხლით.[xvi]

 საბოლოოდ, ტრიბუნალმა 2025 წლის 6 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რითაც ICSID-ის საარბიტრაჟო წესების 41-ე მუხლის საფუძველზე, დაუშვებლად ცნო მოსარჩელეთა მოთხოვნები. კერძოდ, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გაიზიარა  ესპანეთის სახელმწიფოს არგუმენტები, რომ არც წარმომადგენლობითი ხარჯები და არც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უფლება არ წარმოადგენდა „ინვესტიციას“  ესპანეთსა და ფილიპინებს შორის დადებული BIT-ის მიზნებისათვის.

V. გონზალო სტამპას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა

2022 წელს, მალაიზიის სახელმწიფოს მიმართვის საფუძველზე,  ესპანეთის პროკურორებმა დაიწყეს სისხლისსამართლებრივი დევნა დოქტორ გონზალო სტამპას წინააღმდეგ; მას წაუყენეს ბრალი ორ ქმედებაში: 1) მას  დასდეს ბრალი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში  (desobediencia) და 2) ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში (intrusismo).[xvii]

 2023 წლის დეკემბერში, ესპანეთის  პირველი ინსტანციის სასამართლომ არბიტრი  დამნაშავედ ცნო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში,  ხოლო გაამართლა ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში. ეს განაჩენი გასაჩივრებულ იქნა, თუმცა უშედეგოდ.  

სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის მაისში მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა და საბოლოოდ, 2025 წლის 8 ოქტომბერს, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ,  გონზალო სტამპას ექვსი თვის ვადით პატიმრობა და არბიტრად დანიშვნის 1 წლიანი აკრძალვა მიესაჯა სასჯელის სახით.

დასკვნა

სულუს სასულთნოს მემკვიდრეების დავა, მრავალმხრივ საყურადრებო და არაორდინალურია.  თუმცა, მიუხედავად არაერთი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, ის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული. მოსარჩელეები, არაერთ იურისდიქციაში ცდილობენ სხვადასხვა პროცედურის წარმართვას.  მიუხედავად ამისა, იმის დაშვება, რომ ისინი საბოლოოდ წარმატებით შეძლებენ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, წინაისტორიის გათვალისწინებით,  ჯერ რთულია და ალბათ, მოსარჩელეებს ეს ძალიან გაუჭირდებათ.

ამასთანავე,  მოცემულმა დავამ და მისმა შედეგებმა  უკვე აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში არბიტრები ფართო ავტონომიით სარგებლობენ, და ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი ავტონომიის ფარგლები მზარდია, მაინც  საყურადღებოა პარარელური დავების არსებობისას, არბიტრთა მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება.


[i] იხ. https://queritius.com/the-iconic-case-of-the-heirs-of-the-sultan-of-sulu-vs-malaysia/ განახლებულია: 15.03.2026

[ii] იმავე

[iii] იმავე

[iv] იმავე

[v] იხ. 2020 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება:  https://jusmundi.com/en/document/decision/en-nurhima-kiram-fornan-fuad-a-kiram-sheramar-t-kiram-permaisuli-kiram-guerzon-taj-mahal-kiram-tarsum-nuqui-ahmad-narzad-kiram-sampang-jenny-ka-sampang-and-widz-raunda-kiram-sampang-v-malaysia-award-on-jurisdiction-monday-25th-may-2020#decision_20259  განახლებულია: 15.03.2026

[vi] იხ. მადრიდის სასამართლოს 2019 წლის 19 მარტისს გადაწყვეტილება: https://jusmundi.com/en/document/decision/es-nurhima-kiram-fornan-fuad-a-kiram-sheramar-t-kiram-permaisuli-kiram-guerzon-taj-mahal-kiram-tarsum-nuqui-ahmad-narzad-kiram-sampang-jenny-ka-sampang-and-widz-raunda-kiram-sampang-v-malaysia-sentencia-del-tribunal-superior-de-justicia-de-madrid-nr-11-2019-friday-29th-march-2019#decision_20262  განახლებულია: 15.03.2026

[vii] იმავე

[viii] იხ. ესპანეთის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება: https://jusmundi.com/en/document/decision/es-nurhima-kiram-fornan-fuad-a-kiram-sheramar-t-kiram-permaisuli-kiram-guerzon-taj-mahal-kiram-tarsum-nuqui-ahmad-narzad-kiram-sampang-jenny-ka-sampang-and-widz-raunda-kiram-sampang-v-malaysia-sentencia-del-tribunal-superior-de-justicia-de-madrid-tuesday-29th-june-2021#decision_20263  განახლებულია: 15.03.2026

[ix] იხ. https://legalblogs.wolterskluwer.com/arbitration-blog/carry-on-regardless-the-sulu-case-arbitrator-authority-and-principles-of-recognition/  განახლებულია: 15.03.2026

[x] იხ. https://www.malaysia-sulucase.gov.my/timeline  განახლებულია: 15.03.2026

[xi] იხ. 2022 წლის 22 თებერვლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება: https://jusmundi.com/en/document/decision/en-nurhima-kiram-fornan-fuad-a-kiram-sheramar-t-kiram-permaisuli-kiram-guerzon-taj-mahal-kiram-tarsum-nuqui-ahmad-narzad-kiram-sampang-jenny-ka-sampang-and-widz-raunda-kiram-sampang-v-malaysia-final-award-monday-28th-february-2022#decision_20674  განახლებულია: 15.03.2026

[xii] იხ.

[xiii] იხ. 2024 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება https://jusmundi.com/en/document/decision/fr-nurhima-kiram-fornan-fuad-a-kiram-sheramar-t-kiram-permaisuli-kiram-guerzon-taj-mahal-kiram-tarsum-nuqui-ahmad-narzad-kiram-sampang-jenny-ka-sampang-and-widz-raunda-kiram-sampang-v-malaysia-arret-de-la-cour-de-cassation-premiere-chambre-civile-23-17-615-wednesday-6th-november-2024#decision_69911  განახლებულია: 15.03.2026

[xiv] იხ. ნიდერლნადების უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 6 სექტმებრის გადაწყვეტილება: https://jusmundi.com/en/document/decision/en-nurhima-kiram-fornan-fuad-a-kiram-sheramar-t-kiram-permaisuli-kiram-guerzon-taj-mahal-kiram-tarsum-nuqui-ahmad-narzad-kiram-sampang-jenny-ka-sampang-and-widz-raunda-kiram-sampang-v-malaysia-judgment-of-the-supreme-court-of-the-netherlands-friday-6th-september-2024#decision_67964  განახლებულია: 15.03.2026

[xv] იხ. https://www.italaw.com/sites/default/files/case-documents/italaw1827237.pdf  განახლებულია: 15.03.2026

[xvi] იხ. ICSID-ის ტრიბუნალის გადაწყვეტილება საქმეზე  NURHIMA KIRAM FORNAN AND OTHERS  v. THE KINGDOM OF SPAIN (ICSID Case No. ARB/24/45)  https://www.italaw.com/sites/default/files/case-documents/italaw1827237.pdf  განახლებულია: 15.03.2026

[xvii] იხ. ICSID-ის ტრიბუნალის გადაწყვეტილება საქმეზე  NURHIMA KIRAM FORNAN AND OTHERS  v. THE KINGDOM OF SPAIN (ICSID Case No. ARB/24/45)  https://www.italaw.com/sites/default/files/case-documents/italaw1827237.pdf  განახლებულია: 15.03.2026

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *