AI-ს არაგულისხმიერი გამოყენებისთვის კვებეკის სასამართლომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გააუქმა

ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური პროგრესი იურიდიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად თანამედროვე არბიტრაჟში ფართოდ გამოიყენება საშუალებები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზეა (AI) დაფუძნებული. ყოველივე ამის ფონზე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ სასამართლო პრაქტიკა ამ მიმართულებით დღითიდღე ვითარდება.

ამის ერთ-ერთი მაგალითია კვებეკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2026 წლის 22 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წერისას AI-ს გამოყენებასთან დაკავშირებით.

საქმეში ARIHQ v. Santé Québec, 2026 QCCS 1360,[i] მოსამართლე მარტინ ფ. შიჰანმა გააუქმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ არბიტრი დაეყრდნო არარსებულ სამართლებრივ წყაროებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული.

ეს არის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საერთო სამართლის ქვეყნებში, რომელიც არბიტრების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და მის სამართ₾ებრივ შედეგებს განიხილავს.

I. დავის ფაქტობრივი გარემოებები

თავდაპირველი დავა რომელიც არბიტრაჟის განხილვის საგანი გახდა წარმოიშვა L’Association des ressources intermédiaires d’hébergement du Québec (შემდგომში „ARIHQ“) და Centre de Santé Osman-ს (შემდგომში „Osman“) (ერთ მხარეს) და Centre-Sud de l’Île-de-Montréal (შემდგომში „CCSMTL“)  (ამჟამად Santé Québec-ს) (მეორე მხარეს) შორის.

დავის საფუძველი კვებეკის ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ხელშეკრულებები გახდა. შეთანხმებები, რომელიც მხარეებმა გააფორმეს, დავის გადაწყვეტის დეტალურ მექანიზმს ითვალისწინებდა, მათ შორის იყო დათქმა, რომ არბიტრაჟის დაწყებამდე მხარეს უნდა წარედგინა წერილობითი „შეუთანხმებლობის შეტყობინება“ იმ მოვლენიდან 90 დღის განმავლობაში, რომელმაც დავა წარმოშვა, ან იმ დღიდან, როდესაც მხარემ ამ მოვლენის შესახებ შეიტყო. შეთანხმება პირდაპირ განსაზღვრავდა ამ ვადას, როგორც სავალდებულოს.

უშუალოდ დავა ეხებოდა Osman-ისთვის 2019 წლის აგვისტოდან 2022 წლის ივლისამდე პერიოდში სავარაუდოდ გადასახდელ ანაზღაურებას, რომელიც 1.2 მილიონ დოლარს აღემატებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ CCSMTLმ Osman-ის მოთხოვნა თანხის რეტროაქტიულად მიღების შესახებ 2021 წლის ბოლოს უარყო, ARIHQ-მ ფორმალური (და ხელშეკრულებით გათვალიწინებული) „შეუთანხმებლობის შეტყობინება“ მხოლოდ 2024 წლის აგვისტოს, თითქმის სამი წლის შემდეგ, წარადგინა. შესაბამისად, CCSMTLამტკიცებდა, რომ მოთხოვნა შეთანხმებით დადგენილი ვადის დარღვევით იყო წარდგენილი.

საქმე გადაეცა არბიტრ მიშელ ა. ჟანიოს, რომელმაც დააკმაყოფილა CCSMTL-ის წინასწარი შუამდგომლობა და დავა ვადის გასვლის საფუძვლით უარყო.

II. რა არგუმენტებით მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ARIHQ-მ და Osman-მა კვებეკის უზენაეს სასამართლოს მიმართეს მისი გაუქმების მოთხოვნით.

გაუქმების მოთხოვნა ემყარებოდა ორ ძირითად არგუმენტს:

  1. ისინი ამტკიცებდნენ, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს, რადგან ფაქტობრივად აღიარებდა ხელშეკრულებით დადგენილ ხანდაზმულობის ვადას, რომელიც უფრო მოკლე იყო, ვიდრე კვებეკის სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სამწლიანი ვადა. ისინი ეყრდნობოდნენ კვებეკის სამოქალაქო კოდექსის 2884-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მხარეებს არ შეუძლიათ კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების ხელშეკრულებით შეცვლა.
  2. მეორე არგუმენტი კი ეხებოდა საარბიტრაჟო პროცედურის დარღვევას. განმცხადებლების თქმით, გადაწყვეტილება შეიცავდა არარსებულ სასამართლო პრაქტიკასა და დოქტრინალურ წყაროებს რაც მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილების ტექსტი AI-ს გამოყენებით იყო მომზადებული სათანადო შემოწმების გარეშე.

მათი აზრით, ეს წარმოადგენდა სერიოზულ პროცედურულ დარღვევას, რომელიც აზიანებდა საარბიტრაჟო პროცესის მიმართ ნდობას და ამ საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებას ამართლებდა.

III. CCSMTLის პოზიცია დაყენებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით

CCSMTL ორივე არგუმენტს შეეწინააღმდეგა.საჯარო წესრიგთან დაკავშირებით , CCSMTL ამტკიცებდა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვადები არ წარმოადგენდა ხანდაზმულობის ვადებს, არამედ იყო სახელშეკრულებო შეტყობინების მოთხოვნები ან პროცედურული წინაპირობები, რომლებიც დავის გადაწყვეტის მექანიზმზე წვდომას არეგულირებდა. მათი განცხადებით, ასეთი პირობები თავისუფლად იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ და მსგავსი მექანიზმები ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება კოლექტიურ თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივ რეჟიმში.

CCSMTL-მა ასევე აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებისას სასამართლოს არ აქვს უფლება ხელახლა განიხილოს არბიტრის სამართლებრივი ინტერპრეტაცია. მათი აზრით, თუნდაც არბიტრს შეცდომა დაეშვა კვებეკის სამოქალაქო კოდექსის 2884-ე მუხლის განმარტებისას, ეს მაინც არ იქნებოდა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

AI-ის გამოყენებასთან დაკავშირებით CCSMTL ამტკიცებდა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ არის პირდაპირ მითითებული, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი კვებეკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. გარდა ამისა, მათი თქმით, წარმოდგენილი არ იყო ექსერტის მოსაზრება რომელიც დაადასტურებდა, რომ AI რეალურად გამოიყენეს.

IV. სასამართლოს შეფასება

სასამართლომ თავდაპირველად განიხილა საჯარო წესრიგითან გადაწყვეტილების შესაბამისობის  საკითხი და ეს არგუმენტი არ მიიჩნია საფუძვლიანად.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კვებეკის საარბიტრაჟო სამართალი სასამართლოს მხრიდან ჩარევის ძალიან შეზღუდულ საფუძვლებს ითვალისწინებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა არ წარმოადგენს აპელაციას და სასამართლო ვერ შეაფასებს, სწორად განმარტა თუ არა არბიტრმა სამართალი. სასამართლოს ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც შედეგი ფუნდამენტურად შეუთავსებელია საჯარო წესრიგთან. სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთ ვითარებას ადგილი არ ჰქონია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს მსჯელობა იმაზე, თუ რითი განსხვავდება ხანდაზმულობა სახელშეკრულებო შეტყობინების მოთხოვნისგან. სასამართლო დაეყრდნო  კვებეკის სააპელაციო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის წარსადგენად დადგენილი შეტყობინების ვადა თავისთავად არ წარმოადგენს კანონით დადგენილი ხანდაზმულობის შეცვლის მცდელობას.

შესაბამისად, სასამართლომ საჯარო წესრიგზე დაფუძნებული შედავება  სრულად უარყო. თუმცა, სასამართლომ განსხვავებული დასკვნა გააკეთა პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით.

სასამართლოს მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ არბიტრის მიერ მოხმობილი არაერთი სამართლებრივი წყარო საერთოდ არ არსებობდა. მათ შორის იყო თითქოსდა არსებული სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, დოქტრინალური ნაშრომები და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები. რიგ შემთხვევებში, წყაროდ გამოყენებული გადაწყვეტილებების ნომრები სრულიად სხვა საქმეებს ეხებოდა.

როგორც სასამართლო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დასაბუთებისას, არბიტრმა მიუთითა ფრედერიკ ბაშანის სტატია “Prescription et déchéance : frontières mouvantes et enjeux pratiques” (Développements récents en droit des contrats, Barreau du Québec, 2016). თუმცა, აღმოჩნდა რომ ეს სტატია არ არსებობს.

ასევე არ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებები, რომლებსაც არბიტრი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების 84-88 და 90-ე პარაგრაფებში დაეყრდნო:

  1. City of Montreal v. Montreal Blue Collar Workers Union (CUPE, Local 301) ,2005 QCCA 591
  2. Groleau and Groupe Pages Jaunes Cie ,2011 QCCS 5386
  3. Tremblay v. Commission scolaire de la Jonquière , 2002 CanLII 24357 (QCCA)

მოსამართლე შიჰანმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფიქტიური წყაროები წარმოადგენს არბიტრის მსჯელობის ბირთვს: ერთადერთ დიქტრინუალურ, თუ სასამართლო პრაქტიკის წყაროებს რომლებსაც არბიტრი გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო. საბოლოო შედეგის გადაუმოწმებლობით კი არბიტრმა, პრაქტიუკლად დელეგირებით გადასცა საკუთარი უფლებამოსილება AI-ს.

შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე შიჰანმა გააუქმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნა:

“ეს დასკვნა არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს შეცდომით მითითებულ წყაროებს ან იყენებს AI-ს მიერ შექმნილ ტექსტს აუცილებლად უნდა გაუქმდეს. მაგალითად, შესაძლებელია არსებობდეს შემთხვევები, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მინიმალურია ან ეხება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხს.”

მოსამართლემ აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებში, გადამწყვეტია დარღვევა შეფასდეს საარბიტრაჟო პროცესის კონტექსტის გათვალისწინებით.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის არსებითი ბუნებიდან გამომდინარე, მოსამართლე შიჰანმა მიიჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება უარყოფით გავლენას იქონიებდა მხარეთა ნდობაზე არა მხოლოდ კონკრეტული შედეგის, არამედ მთლიანად საარბიტრაჟო პროცესის მიმართ.

გადაწყვეტილებაში სასამართლომ ვრცლად ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რისკებზე მართლმსაჯულებაში. სასამართლომ აღიარა, რომ AI შეიძლება სასარგებლო იყოს დოკუმენტების დამუშავების, შეჯამების, ტექსტის რედაქტირების და კვლევის პროცესში, თუმცა ასევე ჩამოთვალა მნიშვნელოვანი საფრთხეები:

  1. ე.წ. „ჰალუცინაციები“: AI-ს მიერ არარსებული, თუმცა დამაჯერებელი წყაროების შექმა. მსგავსი არარსებული წყაროები შესაძლოა იყოს რთულად ამოსაცნობი და მათი სიყალბე მხოლოდ გულდასმით შემოწმების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს.
  2. დისკრეციისა და ადამიანური ღირებულებების ნაკლებობა: სასამართლო სისტემის ზოგიერთი გადაწყვეტილება მოითხოვს დისკრეციის გამოყენებას. კომპიუტერული პროგრამები კი მოქმედებენ წინასწარ განსაზღვრული ლოგიკის საფუძველზე, რაც შეუთავსებელია გადაწყვეტილების მიმღების დისკრეციულ ვალდებულებებთან. სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირად უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების ღირებულებებს, მხარეთა სუბიექტურ მახასიათებლებსა და სხვა გარემოებებს (კონტექსტის გათვალისწინებით), ხოლო AI ხელსაწყოებს, როგორც წესი, არ შუძლიათ ადამიანური ღირებულებების სრულფასოვანი გათვალისწინება.
  3. მიკერძოებულობა: AI ფუნქციონირებს სტატისტიკაზე დაყრდნობით. შესაბამისად, მეტად სავარაუდოა რომ AI ხელსაწყოები დაპროგრამდნენ მიკერძოებულად პროგრამისტების წინასწარი განწყობების გათვალისწინებით, ან თავად “ისწავლონ” მიკერძოება იმ მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებზეც იწვრთნებიან.
  4. კონფიდენციალურობის ნაკლებობა: ღია AI-სთვის მიწოდებული ინფორმაცია ემატება საერთო სისტემის მონაცემთა ბაზას და შემდგომში შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა მომხმარებელთა მოთხოვნებზე პასუხის გაცემისას. შესაბამისად, სენსიტიური კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებამ AI ინსტრუმენტისთვის შესაძლოა დაარღვიოს ადვოკატის ვალდებულება, შეინარჩუნოს კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ხოლო, როდესაც AI ხელსაწყო გამოიყენება გადაწყვეტილების მიმღების მიერ, ეს შეიძლება არღვევდეს საარბიტრაჟო დავის საიდუმლოების დაცვის ვალდებულებასაც.
  5. საზოგადოებრივი ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ: მართლმსაჯულების სისტემა მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც საზოგადოებას მისი სჯერა. AI-ს გამოყენებამ პროცედურებში, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენდეს საბოლოო გადაწყვეტილებებზე, შეიძლება გააჩინოს ცინიზმი იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. მართლმსაჯულება მოითხოვს, რომ გადაწყვეტილებები აღიქმებოდეს სამართლიანად, ჰუმანურად და დასაბუთებულად. თუ საზოგადოება იფიქრებს, რომ გადაწყვეტილება მიიღო არა ადამიანმა, არამედ „მანქანამ“, ნდობა შეიძლება შეირყეს.

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეებს, რომლებიც არბიტრაჟს ირჩევენ, აქვთ მოლოდინი, რომ დავას პირადად არჩეული არბიტრი გადაწყვეტს. ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება თავისთავად აკრძალული არ არის, მაგრამ არბიტრმა არ შეიძლება უარი თქვას საკუთარი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად ფორმირებაზე ან გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია მესამე პირსა თუ კომპიუტერულ სისტემას გადააბაროს.

სასამართლომ ასევე მიუთითა კანადის სასამართლო საბჭოს რეკომენდაციებზე, რომლის თანახმადაც მოსამართლეები თავად არიან სრულად პასუხისმგებელნი თავიანთ გადაწყვეტილებებზე და არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღების ფუნქციის AI-სთვის გადაცემა.

სასამართლოს შეფასებით, საარბიტრაჟო პროცესის მთლიანობა სერიოზულად დაზიანდა, რადგან არარსებული წყაროები არბიტრის მსჯელობის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა. შესაბამისად, მხარეებს საფუძვლიანი ეჭვი შეიძლებოდა გასჩენოდათ, რომ საქმე სათანადო სამართლებრივი ანალიზის გარეშე გადაწყდა.

შედეგად, კვებეკის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და მხარეებს დაავალა 60 დღის ვადაში ახალი არბიტრი შეერჩიათ.

V. გადაწყვეტილების მნიშვნელობა

ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან პრეცედენტად იქცევა კანადაში AI-ის გამოყენების დასაშვები ფარგლების განსაზღვრისთვის. საყურადღებოა, რომ სასამართლომ არ აკრძალა AI-ის გამოყენება მთლიანად, თუმცა მკაფიოდ გაავლო ზღვარი ტექნოლოგიურ დახმარებასა და დაუშვებელ დელეგირებას შორის. გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილების მიმღები პირი ყოველთვის თავად რჩება პასუხისმგებელი სამართლებრივი წყაროების სიზუსტის გადამოწმებასა და დამოუკიდებელი სამართლებრივი ანალიზის განხორციელებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საარბიტრაჟო დავაში მონაწილე თითოეული მხარისათვის:

  • არბიტრებმა AI ხელსაწყოები შეიძლება გამოიყენონ როგორც დამხმარე საშუალება, მაგრამ ის არ და ვერ ჩაანაცვლებს გადაწყვეტილების მიმღებს. არბიტრები ვალდებული არიან დახარჯონ მნიშვნელოვნი დრო იმ არარსებული ინფორმაციის გადამოწმებაზე, რომელსაც AI-ს მიერ გენერირებული ცრუ წყაროები ეყრდნობა.
  • AI-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობა აქვთ მხარეებსაც. აუცილებელია მხარეებმა ციტირებული წყაროები გულმოდგინედ გადაამოწმონ.
  • იურისტებისთვის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თანამედროვე პრაქტიკაში გარდაუვალია, მაგრამ შედეგის გაკონტროლება მათთვის აუცილებელი პროფესიული ვალდებულებაა.

რა საკვირველია, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ქმნის სრულიად ახალ სასამართლო პრაქტიკას, პირიქით, მოსამართლე იყენებს უკვე არსებულ პრინციპებს და მას ახალ, თანამედროვე კონტექსტს არგებს.

მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების უკან იდგნენ რეალური ადამიანები რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ მათ მიერ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე, განსაკუთრებით იმ გარემოებაში, როდესაც ისინი მხარეებმა სწორედ ამ მიზეზით აირჩიეს.

თეონა ფაცაცია,

იურისტი,

LK Law LLP, London

[1] ARIHQ v. Santé Québec 2026 QCCS 1360 https://citoyens.soquij.qc.ca/php/decision.php?ID=5B90AAD41A54AEB822A1ADE2CFAF44AD

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *