პროფესორ ემანუელ გაილარდისადმი მიძღვნილი  გამოსამშვიდებელი სიტყვა, რომელიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდა

2021 წლის 1 აპრილს, ცნობილი პროფესორისა და საარბიტრაჟო პრაქტიკოსის, ემანუელ გაიალარდის გარდაცვალებამ მთელი საერთაშორისო საარბიტრაჟო საზოგადოება დაამწუხრა. მის გარდაცვალებას, რა თქმა უნდა, გამოეხმაურა მრავალი გამოჩენილი საარბიტრაჟო პრაქტიკოსი, საარბიტრაჟო ისნტიტუტი და სხვა ცნობილი ორგანიზაცია, თუ იურისტი, მათ შორის სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი და ასევე გამოჩენილი არბიტრი – თომას ქლეი, რომელმაც ვრცელი გამოსამშვიდობელი სიტყვა მიუძღვნა ემანუელ გაილარდს.[i]

ეს კონკრეტული გამოსამშვიდებელი სიტყვა, ალბათ წლების შემდგომ არ მიიქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ არა ის ფაქტი, რომ სწორედ თომას ქლეის მიერ  გამოსამშვიდობელ სიტყვაში მოხსენიებული გარემოებების საფუძველზე, ჯერ პარიზის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება[ii], შემდგომ, 2024 წლის  19 ივნისს, საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ ძალაში დატოვა პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.[iii]

მოცემულ ბლოგპოსტში, მიმოხილულ იქნება (i) ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო  საქმის[iv]  გარემოებები მოკლედ; (ii) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დავის პროცედურული ისტორია და (iii) სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა თომას ქლეის მიკერძოებასთან დაკავშირებით.

I. Douala International Terminal (DIT) v. Port Autonome de Douala (ICC Case No. 24211) საქმის მოკლე მიმოხილვა

მოცემულ საქმეში [Douala International Terminal (DIT) v. Port Autonome de Douala, ICC Case No. 24211] ,ძირითადი დავა წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხელოვნურად დაადგინა ტენდერის პირობები კამერუნის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა პორტმა,  Port Autonome de Douala (შემდგომში „პორტი“), პორტის  წინა კონცესიონერის,  Douala International Terminal (შემდგომში „DIT”) ტენდერში მონაწილეობის გამოსარიცხად.

კერძოდ,  საქმის გარემოებების მიხედვით,  2004 წლის 28 ივნისს, საკონსულტაციო პროცედურისა და ინტერესის გამოხატვის პროცედურის დასრულების  შემდეგ, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 15 წლის ვადით დუალას პორტის მოდერნიზებული საკონტეინერო ტერმინალის მართვისა და ექსპლუატაციის კონცესიაზე.

ხელშეკრულების მოქმედებისას, მხარეებს შორის წარმოიშვა დავა კონცესიის ტერიტორიაზე კონტეინერებისა და საქონლის განთავსების შედეგად მიღებული შემოსავლების განაწილებასთან დაკავშირებით.

2018 წელს, პორტმა  გამოაცხადა ახალი, საჯარო ტენდერი კონცესიისათვის. თუმცა,  DIT-ის მტკიცებით,  პორტმა  შექმნა ისეთი პირობები, რომ გამორიცხულიყო მისი  ტენდერში მონაწილეობა. ამასთანავე, პორტმა მოსთხოვა DIT-ს ხელშეკრულების დარღვევისათვის 24 მილიარდი CFA ფრანკი (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი). პარარელურად, DIT-მ შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი და მოითხოვა ტრიბუნალის მიერ იმის დადგენა, რომ პორტმა დაარღვია კონცესიის ხელშეკრულება, რადგან განზრახ განსაზღვრა ტენდერის პირობების DIT-ის მონაწილეობის გამოსარიცხად. მოცემულ დავაში, DIT-ს, თავის იურიდიულ ფირმით წარმოადგენდა პროფესორი ემანუელ გაილარდი.

2019 წლის დასაწყისში,  ICC-ის საარბიტრაჟო წესების საფუძველზე შეიქმნა 3 წევრიანი საარბიტრაჟო ტრიბუნალი; კერძოდ, DIT-მა დანიშნა ბატონი Hugo Barbier, პორტმა დანიშნა ბატონი  Achille André Ngwanza, ხოლო 2019 წლის 14 აპრილს, მხარეების მიერ არჩეულმა არბიტრებმა საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარედ აირჩიეს პროფესორი თომას ქლეი.

ამასთანავე, თომასმა განახორციელა შემდეგი დეკლარაცია:

„ვადასტურებ, რომ სრულიად დამოუკიდებელი ვარ მხარეებისგან, მათი მიერ უკვე არჩეული წარმომადგენლებისაგან და აღნიშნულ საქმეში არსებული  თანაარბიტრებისგან.  მხარეთა მიერ სრული ინფორმაციის მიწოდებისათვის, მე უბრალოდ ვაცხადებ, რომ ამჟამად ვარ თანაარბიტრი ICC-ის არბიტრაჟში, სადაც  დანიშნული ვარ კამერუნის სახელმწიფოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ. ამ არბიტრაჟის საგანი, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის დაკავშირებული  წინამდებარე საქმესთან. იმისათვის, რომ ვიყო კიდევ უფრო გამჭვირვალე და გადავიდეთ იმაზე, რაც ზოგადად მოსალოდნელია დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, მსურს გაგიზიაროთ შემდეგი დამატებითი გარემოებები:  ამჟამად ვარ  თანაარბიტრი ICC-ის  სატელეკომუნიკაციო არბიტრაჟში აფრიკაში, სადაც დავინიშნე იმ მხარის მიერ,  რომელსაც წარმოადგენს კომპანია McDermott Will & Emery, რომელშიც პროფესორი ჰუგო ბარბიერი [თანა-არბიტრი არსებულ საქმეში] არის იურიდიული  მრჩეველი [off counsel]. ჩვენ ვართ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედგენის ფაზაში; - ბოლო ოცი წლის განმავლობაში მე ორჯერ დავინიშნე თანა-არბიტრად Shearman & Sterling -ის მიერ წარმოდგენილი მხარეების მიერ, 2008 წელს და 2015 წელს (ამ შემთხვევაში პარტნიორის მიერ, რომელმაც  ახლა დატოვა ფირმა), იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდა წინამდებარე საქმეზე. ორივე შემთხვევაში საქმე შეწყდა მორიგებით  არბიტრაჟის დროს. 2000 წლის განმავლობაში მე ვიყავი France Telecom-ის თანაწარმომადგენელი (co-counsel), რომელიც ეწინააღმდეგებოდა Intelcam-ს (კამერუნული სატელეკომუნიკაციო კომპანია) ICC-ის არბიტრაჟში. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება  გაიცა 2001 წლის 9 იანვარს, 18 წელზე მეტი ხნის წინ და მას შემდეგ მე არასოდეს მიმუშავია France Telecom-ში. ამჟამად ვამუშავებ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს საარბიტრაჟო სამართლის შესახებ, რომელშიც ამ საქმეში მონაწილე ორი თანაარბიტრი მონაწილეობს. არცერთი ეს გარემმოება აშკარად არ არის ისეთი ხასიათის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს არც ჩემი სრული დამოუკიდებლობა და არც ჩემი სრული მიუკერძოებლობა, მაგრამ, სრული გამჭვირვალობისა და მხარეთა სრული ინფორმაციის ინტერესებიდან გამომდინარე, მსურდა მათი გაცხადება.“

თუმცა, მხარეებს თომას ქლეის აცილება, იმ ეტაპისთვის არ მოუთხოვიათ.

ტრიბუნალმა,  თომას ქლეის თავმჯდომარეობით, 2020 წლის 10 ნოემბერს,  მიიღო  ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და  დაადგინა, რომ პორტის  გადაწყვეტილება DIT-ის ტენდერიდან გამორიცხვის შესახებ, წარმოადგენდა ხელშეკრულების დარღვევას; ასევე, DIT-ს პორტისათვის არ მართებდა რაიმე საფასურის გადახდა; პირიქით, პორტს უნდა აენაზღაურებინა ზიანი DIT-სათვის.

II.საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დავის პროცედურული ისტორია

ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების (2020 წლის 10 ნოემბერი) შემდგომ, პორტმა, 2020 წლის 14 დეკემბერს, მიმართა პარიზის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა   ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების  გაუქმება.

ამის შემდგომ, 2021 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა პროფესორი ემანუელ გაიალარდი, რასაც მოყვა პროფესორ თომას ქლეის მიერ გამოსამშვიდებელი სიტყვის გამოქვეყნება. აღნიშნულ სიტყვაში, პროფესორი ქლეი, არამარტო აღწერდა გაილარდის ღვაწლს, არამედ იგი საუბრობდა მათ პერსონალურ ურთიერთობაზედაც. კერძოდ, სიტყვაში აღნიშნული იყო შემდეგი:

“მას სამ კვირაში, სხვა ფერებში [ამპლუაში] შევხდებოდი, იგი გამოვიდოდა პროცესზე როგორც მხარის წარმომადგენელი და მე როგორც არბიტრი, და მე ველოდი მის დანასავით ბასრი არგუმენტების მოსმენას, რომელთა სიზუსტე და თვალსაწიერის სიდიდე, ზემოქმედებდა ჩემზე იმაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერი ხრიკი.  2002 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც იგი იყო მომხსენებელი ჩემს თეზისზე, ჩვენ გავხდით მეგობრები და ჩვენ გაგვაერთიანა საერთაშორისო არბიტრაჟისადმი ლტოლვამ და მისმა არსმა. უცხოეთში ჩვენი ვიზიტების შემდგომ, კერძოდ კოლუმბიასა და ბრაზილიაში ვიზიტების შემდგომ, ჩვენმა მეგობრობამ უფრო პერსონალური ხასიათი მიიღო, რადგან ემანუელი საბოლოოდ გაიხსნა, მაშინ როდესაც ამას იგი იშვიათად აკეთებდა. ჩემი მხრივ, მე მასთან კონსულტაციას გავდიოდი ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე. იგი იყო მხიარული, გულუხვი, საოცარი, მზრუნველი და ამასთანავე მოკრძალებული პიროვნება. იგი ინარჩუნებდა ახალგაზრდულ იერს, და მისდევდა ჯანსაღ და ათლეტურ ცხოვრების წესს, რაც ვერ იწინასარმეტყველებდა ასეთ სასტიკ დასასრულს. მე ვფიქრობ მის ორივე ვაჟიშვილზე, რომელთანაც ის ასე მჭიდროდ იყო დაკავშირებული. მე ვფიქრობ მის კოლეგებსა და თანაშმრომლებზე.  მე ვფიქრობ მათზე, ვისი ინსპირაციაც ის იყო ან ვინც მან გაზარდა. მე ვფიქრობ შეუვსებელ ხვრელზე, რაც მან დატოვა უკან. იგი იყო ოსტატი,  მენტორი,  და სანიმუშო პიროვნება. მე მას პატივს სცემდი და მიყვარდა იგი“

პარარელურად, ვინაიდან საარბიტრაჟო პროცესი გაგრძელდა იმავე საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე სხვა საკითხებზედაც, 2021 წლის 20 აპრილს, პორტმა  წარუდგინა ICC-ის სამდივნოს  შედავება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარისადმი და მოითხოვა მისი აცილება.

2021 წლის 5 მაისს, პროფესორმა თომას ქლეიმ წერილი მისწერა ICC-ს სამდივნოს და აღნიშნა, რომ იგი 2019 წლის შემდგომ არ შეხვედრია პროფესორ ემანუელ გაილარდს და უარყოფთა მასთან მჭიდრო პერსონალური/მეგობრული კავშირის არსებობას.  პორტის შედავება უარყოფილ იქნა 2021 წლის 12 მაისს.

 პორტმა მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალის შემადგენლობა არ იყო სათანადო ფორმით დაკომპლექტებული (საფრანგეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1520-ე მუხლი). კერძოდ, პორტი უთითებდა რამდენიმე გარემოებაზე:

ა) პროფესორ თომას ქლეისა და პროფესორ ემანუელ გაილარდს (რომელიც წარმოადგენდა Shearman & Sterling-ის პარტნიორს, და მის მიმართაც გაიცა პერსონალური რწმუნებულება მხარის მიერ)  შორის არსებობდა მჭიდრო, პერსონალური ურთიერთობა, რაც არ გაუმჟღავნებია თომას ქლეის; კერძოდ, პორტმა მხოლოდ წერილის გამოქვეყნების შემდგომ შეიტყო თომას ქლეისა და ემანუელ გაილარდს შორის პერსონალური, მეგობრული ურთიერთობის არსებობის შესახებ, რასაც ვერ შეიტყობდა, რომ არა გაზიარებული წერილი;

ბ) ასევე, არსებობდა პროფესიული და პერსონალური კავშირი პროფესორ თომას ქლეისა და საქმეში მეორე თანა-არბიტრ, Hugo Barbier-ის და ასევე მის ცოლს შორის; კერძოდ, პორტმა განაცხადა, რომ მან შეიტყო, რომ ეს ორი არბიტრი იყვნენ 2015 წელს დაცული კერძო სამართლის სადოქტორო დისერტაციების  ჟიურის წევრი; ასევე, ბარბიერის ცოლი იყო Shearman & Sterling გუნდში ემანუელ გეილართან ერთად და   ბარბიერის ცოლის  სადოქტორო დისერტაციის დაცვის კომისიას  თავმჯდომარეობდა ბატონი თომას ქლეი; ასევე,  ბ-ნი ბარბიეს მეუღლე არის ლექტორი პარიზის I უნივერსიტეტის ფაკულტეტში, სადაც ბატონი ქლეი ასევე წარმოადგენს პროფესორს.

თავის მხრივ, DIT უთითებდა, რომ:

ა) პორტს დაკარგული ჰქონდა შედავების უფლება, რადგან ის გარემოებები, რაზედაც თვისობრივად დავობს პორტი (მაგ, დაცვის კომისიაში ყოფნა, კონფერენციებში მონაწილეობა კოლუმბიასა და ბრაზილიაში ა.შ. ე.ი. მსგავსი პროფესიურლი/აკადემიური კავშირები), ცნობილი იყო მხარისადმი და მას დროულად შედავება არ განუხორციელებია;

ბ) პორტის მიერ მითითებული გარემოებები ისეთი ხასიათისაა, რომელიც არც საჭიროებდა გამჟღავნებას (პროფესიული კავშირები, აკადემიური კავშირები ა.შ.); და ნებისმიერ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს, რომ გახდეს თომას ქლეის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი;  და ეს ასეც რომ არ ყოფილიყო, გამოსამშვიდობებელი სიტყვა თავისი ბუნების გათვალისწინებით, იყო გაზვიადებული; ამასთანავე,  თომას ქლეის წერილის მიხედვით, იგი 2019 წლის შემდეგ არც შეხვედრია აწგარდაცვლილ პროფესორს.

გ) ბატონ ბარბიეს ცოლის ნაშრომის დაცვა საჯარო ინფორმაციაა (საჯაროდ ხელმისაწვდომია) და მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა სცოდნოდა მის შესახებ;

დ) უდავოა, რომ არ არსებობდა რაიმე ფინანსური დაინტერესება/კავშირი,  Shearman & Sterling-ს, პროფესორ ემანუელ გაილარდს და პროფესორ თომას ქლეის შორის.

III.სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა თომას ქლეის მიკერძოებასთან დაკავშირებით.

თავდაპირველად, პარიზის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პორტს დაკარგული არ ჰქონდა შედავების უფლება, რადგან მხოლოდ პროფესორ ემანუელ გაილარდის გარდაცვალების შემდგომ გახდა ცნობილი ის გარემოებები, რაზედაც მხარე ამყარებდა შედავებას.

რაც შეეხება საარბიტრაჟო გადაწყევტილების გაუქმების საფუძველს  და იმ გარემოებას, თუ რამდენად მიკერძოებულად შესაძლოა ჩათვლილიყო თომას ქლეი, სააპელაციო სასამართლომ, თავდაპირველად  ყურადღება გაამახვილა გამოსაყენებელ სტანდარტზე, მათ შორის მხარეთა მიერ შეთანხმებული ICC-ს საარბიტრაჟო წესებზე.

კერძოდ, გამჟღავნების საკანონმდებლო საფუძველთან ერთად (საფრანგეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექის 1456-ე მუხლი, რომელიც არბიტრს, მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში ეჭვის შემტან გარემოებების გამჟღავნებას ავალდებულებს)  სასამართლომ მოიხმო ICC-ის წესების (2017 წლის ვერსია) მე-11 მუხლი, რომლის მიხედვითაც, საარბიტრაჟო პროცესის განმავლობაში, არბიტრმა უნდა შეინარჩუნოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.  სასამართლომ შემდგომ ყურადღება გაამახვილა ICC-ს მიერ, მხარეებისა და არბიტრებისადმი, საარბიტრაჟო პროცესის წარმართვის მიმართ გაცემულ რეკომენდაციებზე (Note of 1st of January 2019 to the parties and arbitral tribunals on the conduct of arbitration under the ICC Rules of Arbitration) და აღნიშნა, რომ მოცემული რეკომენდაციების მიხედვით, „მჭიდრო პერსონალური კავშირი“ ისეთი გარეეომებაა, რაც ექვემდებარება არბიტრის მიერ გამჟღავნებას. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმავე რეკომენდაციების მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ყოველგვარი ეჭვი გამჟღავნების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

ზემაოღნიშნულის სტანდარტის განხილვის შემდგომ, სასამართლომ დაიწყო პორტის მიერ მოყვანილი გარემოებების განხილვა.

ა) კერძოდ, იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ პროფესორი თომას ქლეი და ერთ-ერთ თანა-არბიტრი, ბარბიე, წარმოადგენდნენ ნაშრომების დაცვის კომისიის წევრებს ერთობლივად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს არ წარმოდგენს ისეთ გარემოებას, რომელიც არბიტრის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს წარმოშობს, და მათი გამჟღავნების ვალდებულებაც არ არსებობდა; იმავე გაიზიარა სასამართლომ პროფესორ ემანუელ გაილარდსა და თომას ქლეის მხოლოდ აკადემიურ კავშირებს შორის;

ბ) ბატონ ბარბიეს მეუღლის Shearman & Sterling-თან 2014 წლამდე არსებულ კავშირთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს გარემოება არ იყო შემხებლობაში პროფესორ თომას ქლეის მიუკერძოებლობის შეფასებასთან;

გ) რაც შეეხება პროფესორ ემანუელ გაილარდსა და თომას ქლეის შორის მჭიდრო პერსონალურ კავშირს, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მართალია, გამოსამშვიდებელ სიტყვას ახასიათებს გარკვეულწილად გაზვიადების ხარისხი, თუმცა, გამოსამშვიდებელ სიტყვაში მოხსენიებული გარემოებები, როგორიცაა:

  • „მე მასთან კონსულტაციას გავდიოდი ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე“,
  • „“მას სამ კვირაში, სხვა ფერებში [ამპლუაში] შევხდებოდი, იგი გამოვიდოდა პროცესზე როგორც მხარის წარმომადგენელი და მე როგორც არბიტრი, და მე ველოდი მის დანასავით ბასრი არგუმენტების მოსმენას, რომელთა სიზუსტე და თვალსაწიერის სიდიდე, ზემოქმედებდა ჩემზე იმაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერი ხრიკი“;
  •  „ჩვენმა მეგობრობამ უფრო პერსონალური ხასიათი მიიღო, რადგან ემანუელი საბოლოოდ გაიხსნა, მაშინ როდესაც ამას იშვიათად აკეთებდა“ და სხვა.

ობიექტური შეფასების მეთოდით, აჩენდა და წარმოშობდა მხარეების თვალში პროფესორ თომას ქლეის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, რადგან კონკრეტული ეჭვი ჩნდებოდა თომას ქლეისა და ემანუელ გაილარდის პერსონალური კავშირის „სიმჭიდროვის“ შესახებ. ამის საფუძველზე, პარიზის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ იყო სათანადოდ ფორმირებული და მიღებული ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო.

პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

საკასაციო სასამართლომ, თავდაპირველად, არბიტრის შეცილების ვადის გაშვების თაობაზე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად მართებულად იმსჯელა, რადგან მხარემ შედავება მას შემდეგ განახორციელა, რაც შეიტყო შესაბამისი გარემოებები გამოსამშვიდებელი სიტყვის გამოქვეყნებით. საკასაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს სხვა არგუმენტებიც, მათ შორის ობიექტური ტესტის გამოყენებასა და იმაში, რომ გამოსამშვიდობელ სიტყვაში ნახსენები პერსონალურ ურთიერთობაზე მიმანიშნებელი გარემოებები, წარმოშობდა არბიტრის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.  

დაკსვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა შეფასება მიეცემა საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას , მიღებული შედეგი კიდევ უფრო ამყარებს იმ პრინციპს, რომ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სჯობს არბიტრმა გაუზიაროს მხარეს გარემოებები.


[i].იხ. სრული სიტყვა: https://globalarbitrationreview.com/article/clays-eulogy-in-full.

[ii] იხ. პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის გადაწყევტილების ინგლისური თარგმანი საქმეზე  20/18330: https://jusmundi.com/en/document/decision/en-douala-international-terminal-dit-v-port-autonome-de-douala-judgment-of-the-paris-court-of-appeal-tuesday-10th-january-2023

[iii]იხ. საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების appeal no. 23-10.972 ინგლისური თარგმანი: https://arbitrationintranslation.com/2024-06-19

[iv] იხ. Douala International Terminal (DIT) v. Port Autonome de Douala (ICC Case No. 24211)


Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *