უცხოური  საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებისას, De Minimis პრინციპის საფუძველზე სასამართლოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება

მკითხველისათვის, წინა ბლოგ-პოსტების გათვალისწინებით, ალბათ უკვე ცნობილია, რომ საქართველო წარმოადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის (შემდგომში „ნიუ-იორკის კონვენცია“) ხელშემკვრელ სახელმწიფოს და ეს კონვენცია ინკორპორირებულია არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონში (შემდგომში „აშკ“).

აშკ-ს 45-ე მუხლი, ნიუ-იორკის კონვენციის V მუხლის მსგავსად,   ჩამოთვლის  რამდენიმე ამომწურავ საფუძველს, რომელთა არსებობს შემთხვევაშიდაც, კომპეტენტური სასამართლო (რომელსაც საქართველოში წარმოადგენს უზენაესი სასამართლო) „უფლებამოსილია“ უარი უთხრას დაინტერესებულ მხარეს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა აღსრულებაზე.

აღიარებულია, რომ ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია „საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება []…და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივება“[i]. ზემოაღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, კონვენციის, როგორც შემოქმედთა, ისე სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მიჩნეულია, რომ ნიუ-იორკის კონვენცია ეფუძნება აღსრულების მომხრე განწყობას.[ii] აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ „თუკი არსებობს განმარტების რამდენიმე განსხვავებული შესაძლებლობა, სასამართლომ უნდა აირჩიოს განმარტების ის ფორმა, რომელიც ემხრობა ცნობასა და აღსრულებას“.[iii]

შესაბამისად, სიტყვა „შეიძლება“-ს გამოყენება აშკ-ის 45.1. მუხლში (ცნობა-აღსრულებას „შეიძლება“ უარი ეთქვას) შემთხვევითი არ არის; იგი იმეორებს ნიუ-იორკის კონვენციის V მუხლის ინგლისურენოვან ვერსიის მოცემულობას, რომელიც ასევე უთითებს “may”-ს, შეიძლება (და არა „უნდა“ -shall”-ს).ამის გათვალისწინებით, მიიჩნევა, რომ  მითითება „უფლებამოსილებაზე“ („შეიძლება უარი ეთქვას ცნობა-აღსრულებას“) საშუალებას აძლევს სასამართლოს, ცნოს და აღასრულოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მაშინაც კი, თუ არსებობს ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის კანონით დადგენილი ფორმალური საფუძველი“.[iv]

სასამართლოებს, სხვადასხვა გადაწყვეტილებით, დაუდგენიათ, რომ „მიუხედავად უარის თქმის საფუძვლის არსებობისა, მათ უფლება ჰქონდათ, აღესრულებინათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ეს ძირითადად ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც საარბიტრაჟო წარმოებისას ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო საპროცესო დარღვევებს – de minimis შემთხვევა – ან როდესაც მოპასუხემ არ წამოაყენა უარის თქმის საფუძვლები“[v]; ე.ი. დაკარგა შედავების უფლება.

შესაბამისად, წინამდებარე ბლოგ-პოსტში, განხილული იქნება: (I) De Minimis პრინციპის განმარტება და სტანდარტი  და (II) De minimis პრინციპის საფუძველზე სასამართლოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მაგალითები.

  1. De Minimis პრინციპის განმარტება და გამოსაყენებელი სტანდარტი

უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების კონტექსტში, De Minimis  პრინციპი  გულისხმობს იმას, რომ თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება მცირედ და არაარსებითად შეიზღუდა, ისე, რომ გავლენა არ იქონია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედეგზე, მაინც შესაძლებელია, ის კვალიფიცირდეს იმდენად უმნიშვნელოდ (‘’De Minimis’’), რომ სასამართლომ არ ჩათვალოს საკმარისად ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლად; შესაბამისად, ამ შემთხვევაში სასამართლო ცნობს და აღსასრულებლად მიაქცევს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.[vi]

რაც შეეხება უშუალოდ იმ სტანდარტს, რითაც უნდა შეფასდეს ის, სასამართლომ უნდა გამოიყენოს, თუ არა დისკრეცია იმ შემთხვევაში, თუ ფორმალური საფუძველი არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმისა,  ონტარიოს სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ ამდაგვარი დისკრეციის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს: „(ა) დარღვევის მნიშვნელობა; (ბ) დარღვევის სავარაუდო გავლენა საარბიტრაჟო წარმოების შედეგსა და სამართლიანად წარმართვაზე; (გ) სავარაუდო ზიანი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საარბიტრაჟო წარმოების ხელახლა ჩატარებით, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გაუქმდება; (დ) გარკვეულ შემთხვევებში, მხარეთა ქმედებები მას შემდეგ, რაც შეიტყობენ პროცესუალური დარღვევის შესახებ“.[vii]

შესაბამისად, De Minimis პრინციპიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის აშკ-ის 45 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის ფორმალურად არსებობაც კი, შეიძლება არ იყოს საკმარისი და მიზანშეწონილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის სათქმელად, თუ არ შეფასდა დარღვევის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სიმძიმე და ის სავარაუდო შედეგი, რაც შეეძლო მას გამოეწვია საარბიტრაჟო პროცესისა და გადაწყვეტილების მიმართ.

II. De minimis პრინციპის საფუძველზე სასამართლოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მაგალითები.

კონვენციის V.1.(d) მუხლის მიხედვით (რომელსაც იზიარებს აშკ-ს 45.1.დ მუხლი), შეიძლება უარი ეთქვას დაინტერესებულ მხარეს უცხოური სარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე, თუ საარბიტრაჟო პროცედურა მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურის დარღვევით ჩატარდა.

ამ მხრივ, არაერთ სასამართლოს განუხილავს მოწინააღმდეგე მხარეთა პრეტენზიები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის კონვენციის V.1.d მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის თაობაზე და მიუხედავად ფორმალურად ამ საფუძვლის არსებობისა (ე.ი. შესაძლოა მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურა ფორმალურად, უმნიშვნელოდ დარღვეულიყო), სწორედ De Minimis პრინციპის გათვალისწინებით დაუდგენია, რომ ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა.

მაგალითად, ბაიერნის რეგიონულმა უმაღლესმა სასამართლომ განიხილა საქმე, სადაც მხარე დავობდა, რომ დაირღვა მხარეთა მიერ განსაზღვრული პროცედურა.[viii] კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით, არბიტრაჟს გადაწყვეტილება 15 თვეში უნდა მიეღო, თუმცა საქმის გარემოებების მიხედვით დგინდება, რომ სირიაში ფორმირებულმა არბიტრაჟმა გადაწყვეტილება მიიღო დაახლოებით 5 თვის დაგვიანებით (ე.ი დაახლოებით 20 თვეში).

მოწინააღმდეგე მხარე დავობდა, რომ ამით დაირღვა მხარეთა შეთანხმება და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა აღსრულება არ უნდა განხორციელებულიყო. სასამართლომ უპირველესად განამარტა, რომ ამ ვადის გასვლა მოწინააღმდეგე მხარეს თავის დროზე არც გაუპროტესტებია. თუმცა, რომც გაეპროტესტებინა, ზღვარი უნდა გაივლოს მატერიალურ გადახვევას (დეფექტს, რომელსაც შესაძლოა ზეგავლენა ექონია მხარის სამართლიანი განხილვის უფლებაზე) და არამატერიალურს შორის. სასამართლომ მიიჩნია, რომ მეორე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ არბიტრი ამ ვადის დაცვის შემთხვევაში, განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა; ე.ი. ვერ დადასტურდა, რომ არსებობდა ამ შეთანხმებიდან მატერიალური გადახვევა და 5 თვიანი დაგვიანება ჩაითვალა როგორც “De minimis”.[ix]

მსგავსად,  კელნის უმაღლესმა რეგიონულმა სასამართლომ განიხილა საქმე, სადაც მოწინააღმდეგე მხარის შედავება შეეხებოდა იმას, რომ მოლდოვის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის წესების საფუძველზე ჩატარებულ არბიტრაჟში საარბიტრაჟო პროცედურა ჩატარდა მოლდოვურ ენაზე (ნაცვლად მხარეთა მიერ შეთანხმებულ ინგლისურისა) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაც მოლდოვურ ენაზე იქნა გამოტანილ.[x] თუმცა, კელნის უმაღლესმა რეგიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ერთი მხრივ, მხარეს არ გაუხდია სადავოდ ზემოაღნიშნული; მეორე, იგი გამოძახებულ იქნა განხილვაზე და არ გამოცხადებულა (თუმცა, გამოძახებით მას მიეცა შესაძლებლობა წარმოდგენილიყო განხილვაზე); მესამე, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარმოაჩინა, თუ რამდენად განსხვავებული შედეგი დადგებოდა ინგლისურ ენაზე საარბიტრაჟო პროცედურის წარმართვისას (ე.ი რითი შეიზღუდა მისი სამართლიანი განხილვის უფლება, რა ზეგავლენა იქონია ამ ფაქტმა მასზე). შესაბამისად, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები.

დასკვნა: გამომდინარე იქედან, რომ ნიუ-იორკის კონვენცია ეფუძნება არბიტრაჟის მომხრე განწყობას, კონვენციის V მუხლის საფუძველზე სასამართლოებს მიუჩნევიათ, რომ მათ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ფორმალურად არსებობდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი (მაგ. ფორმალურად დარღვეულია მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურა), სასამართლოები უფლებამოსილნი არიან, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დადგინონ, ასეთი დარღვევა არსებითი იყო, თუ არა, შეილახა, თუ არა მხარის სამართლიანი განხილვის უფლება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაინც ცნონ და აღასრულონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, როდესაც დარღვევა სახეზეა, ის, თუ ასეთი დარღვევა რამდენად არსებითია, სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებითაა შესაფასებელი.


[i] იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის  გადაწყვეტილება,   საქმე № ა-1493-შ-39-2020;  ასევე, იხ.კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოს სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის განმარტებაზე: ცნობარი მოსამართლეებისათვის გვ. 18.

[ii] კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოს სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის განმარტებაზე: ცნობარი მოსამართლეებისათვის გვ. 108.

[iii] იხ.კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოს სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის განმარტებაზე: ცნობარი მოსამართლეებისათვის გვ. 18.

[iv] Albert Jan van den Berg, “Should the Setting Aside of the Arbitral Award be Abolished?” ICSID Review Foreign Investment Law Journal, Vol. 29, Is. 2, (2014), გვ. 6; იხ. ლიანა ქარცივაძე, თეონა ჟიჟიაშვილი, თამარ მორჩილაძე. გიორგი კეკენაძე, გზამკვლევი არბიტრაჟში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთათვის, 2019 წ. გვ. 116.

[v] იხ.კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოს სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის განმარტებაზე: ცნობარი მოსამართლეებისათვის გვ. 112.

[vi] გზამკვლევი არბიტრაჟში საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებისათვის (2018), გვ. 117

[vii] ონტარიოს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Joseph Popack, United Burlington Retail Portfolio Inc. and United Northeastern Retail Portfolio Inc. v. Moshe Lipszyc and Sara Lipszyc, 2016 ONCA 135; იხ. გზამკვლევი არბიტრაჟში საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებისათვის (2018), გვ. 118.

[viii] ბაიერნის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს 2004 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Trading Company v. Bayerischen Motoren Werke AG, Bayerisches Oberstes Landesgericht [BayObLG], Germany, 4 Z Sch 05/04; ასევე, იხ. UNCITRAL-ის სამდივნოს გზამკვლევი ნიუ იორკის Guide კონვენციაში უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, 2016, გვ. 200, პარ. 43.

[ix] ბაიერნის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს 2004 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Trading Company v. Bayerischen Motoren Werke AG, Bayerisches Oberstes Landesgericht [BayObLG], Germany, 4 Z Sch 05/04; ასევე, იხ. UNCITRAL-ის სამდივნოს გზამკვლევი ნიუ იორკის Guide კონვენციაში უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, 2016, გვ. 200, პარ. 43.

[x] კელნის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე 19 Sch 12/13 გამოქვეყნებულია: SchiedsVZ 2014, p 203

Leave a Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *