ფრანგული სასამართლოების საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების მომხრე განწყობა საყოველთაოდ ცნობილია.[i] საფრანგეთის სასამართლოები, ისტორიულად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემოწმების მინიმალისტური სტანდარტით გამოირჩევიან.[ii] თუმცა, უკანასკნელ წლებში ფრანგული სასამართლოების პრაქტიკაში იმ საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შემოწმების ფარგლების გაფართოების ტენდენცია შეინიშნება, რომელიც ფულის გათეთრებისა და კორუფციის საკითხებს ეხება.
დღევანდელ ბლოგ-პოსტში განხილული იქნება ფრანგული სასამართლოების მიერ, საერთაშორისო საჯარო წესრიგთან შესაბამისობის საფუძვლით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების გადასინჯვის ტრანსფორმაციული გზა და ამ ცვლილების რეზონანსი.
I. ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წელს ლატვიელმა ბიზნესმენმა, ვალერი ბელოკონმა შეიძინა ყირგიზული ბანკი — Insan Bank (მოგვიანებით, Manas Bank). ბანკმა ოპერირება დაიწყო 2008 წლის იანვარში. 2010 წლის აპრილში, ყირგიზეთის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ხელისუფლებამ ბანკი ჯერ ხანგრძლივი დროებითი ადმინისტრაციის, საბოლოოდ კი, ლიკვიდაციის რეჟიმში მოაქცია. ასევე, დაიწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება ბანკის მენეჯმენტისა და ბელოკონის მიმართ კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ღონისძიებები, ინვესტორის ვარაუდით, არღვევდა 2008 წლის 22 მაისს ყირგიზეთსა და ლატვიას შორის გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებით დადგენილ ინვესტიციების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ირიბი ექსპროპრიაციის აკრძალვის, განსაზღვრული, არაგონივრული ან/და დისკრიმინაციული ზომების აკრძალვისა და თანასწორი და სამართლიანი მოპყრობის სტანდარტებს. 2011 წელს ბელოკონმა დაიწყო საარბიტრაჟო დავა აღნიშნული სტანდარტების დარღვევის საფუძვლით.[iii]
II. არბიტრაჟი
2014 წლის ოქტომბერში Ad hoc საარბიტრაჟო ტრიბუნალმა UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესებით განიხილა დავა. ტრიბუნალმა, რომლის პრეზიდენტი პროფესორი იან პოლსონი იყო, დააკმაყოფილა ინვესტორის სარჩელი და ყირგიზეთს 15 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ტრიბუნალის შეფასებით, სახელმწიფომ, ფაქტობრივად, მოახდინა ინვესტორის ქონების ირიბი ექსპროპრიაცია და დაუსაბუთებლად ჩამოართვა ქონება, საჯარო ინტერესისა და ფულის გათეთრების მტკიცებულების გარეშე. ტრიბუნალმა უარყო ყირგიზეთს არგუმენტები Manas Bank-ის ფულის გათეთრებასა და სხვა კრიმინალურ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბელოკონის ბიზნეს კავშირები მაქსიმ ბაკიევთან, იმ დროისთვის ყირგიზეთის პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევის შვილთან, იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა იმდენად „მნიშვნელოვანი და დამაჯერერებელი მტკიცებულება“ Manas Bank-ის ფულის გათეთრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით, რომლითაც სარჩელს დაძლევდა. ხოლო შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, ინვესტიციების დაცვის სტანდარტების დარღვევა არ დადგინდებოდა.[iv]
III. ფრანგული სასამართლოების გადაწყვეტილება
ყირგიზეთმა აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საარბიტრაჟო განხილვის ადგილის შესაბამისად, მიმართა პარიზის სააპელაციო სასამართლოს. მოთხოვნის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება ეწინააღმდეგებოდა ფულის გათეთრების აკრძალვის გაერთიანებული ერების 2003 წლის 9 დეკემბრის ანტი-კორუფციულ კონვენციას („მერიდას კონვენცია“). მხარის არგუმენტით, აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება დაარღვევდა საერთაშორისო საჯარო წესრიგის ფრანგულ კონცეპტს, საფრანგეთის სამოქალაქო საპროცესოს კოდექსის 1520 (5) მუხლის მიხედვით, ვინაიდან ბელოკონი უკანონო აქტივობიდან მიიღებდა სარგებელს.[v]
III.I პარიზის სააპელაციო სასამართლო
პარიზის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 21 თებერვალს გააუქმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, როგორც საერთაშორისო საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.[vi] სააპელაციო სასამართლომ შეფასება დაიწყო იმ საკითხით, რომ საფრანგეთის რესპუბლიკა და ყირგიზეთის რესპუბლიკა ფულის გათეთრების, როგორც დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციის მხარეებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, სასამართლოსათვის დაკისრებული მისია არ იყო განესაზღვრა საარბიტრაჟო წარმოების მხარის დამნაშავედ ცნობა/არ ცნობა ფულის გათეთრებაში ადგილობრივი სისხლის სამართლის ნორმების შესაბამისად. არამედ, სასამართლოს ერთადერთი ამოცანა იყო დაედგინა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა ან აღსრულება ხომ არ დააბრკოლებდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიზანს, ვინაიდან პროცესის მხარეს შესაძლებლობა ეძლეოდა მიეღო სარგებელი იმ სახის ქმედებიდან, რაც ეწინააღმდეგებოდა მერიდას კონვენციის დანაწესებს. სწორედ ამიტომ მოსამართლემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვისას უნდა უზრუნველყოს, რომ გადაწყვეტილების აღსრულებით მხარემ არ მიიღოს სარგებელი კრიმინალური აქტივობიდან.[vii] სასამართლომ ხაზი გაუსვა ადგილობრივი სისხლისსამართლებრივი დავის უმნიშვნელობას და მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმის არსებითად განუხილველობა არ იყო რელევანტური. ასევე, დადგინდა ფრანგული საერთაშორისო საჯარო წესრიგის კონცეპტი – ფულის გათეთრების აკრძალვა არის ისეთი პრინციპი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ფრანგული სამართლებრივი სისტემა ვერ იქნება ტოლერანტული, თუნდაც საერთაშორისო კონტექსტში.[viii]
სასამართლოს შეფასება უმნიშვნელოვანესია მტკიცებულებების კუთხით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების შემოწმება, საერთაშორისო საჯარო წესრიგის ჭრილში, არ არის შემოსაზღვრული არც იმ მტკიცებულებებით, რაც არბიტრაჟში იქნა წარდგენილი და არც არბიტრთა აღმოჩენებით, შეფასებებითა და სამართლებრივი დახასიათებებით. სასამართლომ მხოლოდ ერთადერთი რამ უნდა უზრუნველყოს, რომ მტკიცებულების წარდგენა მოხდა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპების დაცვით და რომ თითოეულ მხარეს მიეცა საშუალება წარედგინა თავისი პოზიცია და არ ყოფილა ჩაყენებული არსებითად არათანაბარ მდგომარეობაში.[ix] სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა სერიოზული, ზუსტი და თანმიმდევრული მტკიცებულება, რომ ბელოკონმა, პრივილეგირებული ურთიერთობების წყალობითა და ფულის გათეთრების მიზნით შეიძინა ბანკი.[x] სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა ქვემოთ მითითბული გარემოებების დამოუკიდებლად შეფასების შედეგად:
თუ ტრიბუნალმა ბელოკონის და ბაკიევის კავშირი არასერიოზულად მიიჩნია, სასამართლომ მათ კავშირი პრივილეგირებულად შეაფასა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს ბაკიევი და ბელოკონი იყვნენ საერთო კომპანიის დამფუძნებლები. ბანკის საოპერაციო შენობის ერთ-ერთი სართული უსასყიდლოდ ჰქონდა გადაცემული ბაკიევს, რაც სასამართლოს შეფასებით, კორპორაციული აქტივების არამიზნობრივი გამოყენებას ადასტურებდა. ბაკიევი იყო ბანკის გავლენიანი კლიენტი, რაზეც მეტყველებდა დიდი ოდენობის სესხის მეორე დღესვე დადასტურება. სასამართლოს შეფასებით, ის შთამბეჭდავი წარმატება ამდენად მოკლე დროის განმავლობაში, ასეთი ღარიბი ქვეყნის პირობებში, ვერ აიხსნებოდა ტრადიციული საბანკო პრაქტიკებით. სასამართლომ დარღვევა დაადგინა ბანკის სატენდერო პროცესის და მონიტორინგის განხორციელების ნაწილებშიც.[xi]
სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ შეფასებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ იკვეთებოდა სერიოზული, კონკრეტული და თანმიმდევრული ნიშნები იმისა, რომ ბელოკონმა, გამოიყენა რა ქვეყნის ეკონომიკურ ძალაუფლებასთან პრივილეგირებული ურთიერთობა, Insan ბანკი შეიძინა ფულის გათეთრების მიზნებისთვის. ასეთი გადაწყვეტილების ცნობა ან აღსრულება კი, ბელოკონს აძლევდა შესაძლებლობას მიეღო სარგებელი კრიმინალური საქმიანობიდან. აღნიშნული შესაძლებლობა კი აშკარად, ეფექტურად და კონკრეტულად არღვევდა საერთაშორისო საჯარო წესრიგს.[xii]
III.II საფრანგეთის საკასაციო სასამართლო
ბელოკონმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო გადაწყვეტილების წინააღმდეგ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაამეტა უფლებამოსილებას და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება de novo გადაისინჯა.[xiii] 2022 წლის 23 მარტს საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილება, და მიუთითა, რომ პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიდგომა სწორია. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ფულის გათეთრების აკრძალვა და მის წინააღმდეგ ბრძოლა ფრანგული საერთაშორისო საჯარო წესრიგის ძირითადი კომპონენტია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო გადაწყვეტილების უფრო ფართო ჭრილში გადახედვა და შეეძლო დაყრდნობოდა იმ მტკიცებულებებს, რომელიც არბიტრაჟში არ ყოფილა წარდგენილი.[xiv] ასევე, დაადგინა შედარებით მარტივი და ეფექტური ფორმულა, რომ დარღვევა უნდა იყოს არა „აშკარა, რეალური და კონკრეტული“, არამედ უნდა განხორციელდეს „დამახასიათებელი წესით“. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნები არსებითად არ გადაუსინჯავს, არ შეუფასებია ფაქტები და მხარეთა მიერ წარდგენილი პოზიციათა ვალიდურობა, არამედ განიხილა ახლად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რათა დაედგინა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესაბამისობა საერთაშორისო საჯარო წესრიგის პრინციპებთან.[xv]
IV. ფრანგული მიდგომა ბელოკონამდე
ფრანგული სასამართლო პრაქტიკა, წლების განმავლობაში, საერთაშორისო საჯარო წესრიგის ჭრილში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შემოწმების მსუბუქ სტანდარტს იყენებდა. SA Thales Air Defence v. GIE Euromissile საქმეზე პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ დადგინდა სტანდარტი: „აშკარა, რეალური და კონკრეტული“.[xvi] ასევე,საქმეზე InSté SNF v. Sté Cytec Industries BV საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სანქციისათვის საჭიროა დარღვევა იყოს „აშკარა, რეალური და კონკრეტული“.[xvii]აღნიშნული დავები გამომდინარეობდა კონკურენციის სამართლის საკითხებიდან. თუმცა, მოგვიანებით, იგივე მიდგომა იქნა გაზიარებული იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც კორუფციის საკითხებს მოიცავდა; 2014 წლის 12 თებერვლის საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დავაზე Schneider ზემოაღნიშნული სტანდარტით შეფასდა საქმის გარემოებები, რაც განსხვავდებოდა კორუფციის საკითხებზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების გადასინჯვის ძველი იმ სტანდარტისაგან, რომელიც იძლეოდა სამართლისა და ფაქტების შემოწმებას შესაბამისი საჯარო წესრიგის ჭრილში.[xviii]
ბელოკონის გადაწყვეტილებამდე, მოსამართლეებს ჰქონდათ მცდელობა გაეფართოვებინათ გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები. Indrago-ს საქმე პირველ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, Indrago-ს შემთხვევაშიც, სასამართლომ გამოიყენა ყველასათვის ცნობილი Thales სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო საჯარო წესრიგის დარღვევა ფრანგულ ჭრილში უნდა იყოს: „აშკარა, ეფექტური და კონკრეტული“. აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, საერთაშორისო საჯარო სამართლის საწინააღმდეგოა მხოლოდ ის დარღვევა, რომელიც არის იმდენად თვალსაჩინო და შეურაცხმყოფელი, რომ მისი უგულებელყოფა შეუძლებელია. აღნიშნული სტანდარტი არ მოიცავს სავარაუდო ფაქტების დეტალურ შეფასებას, ან ახალი მტკიცებულებების შეფასებას.
V. ფრანგული მიდგომა ბელოკონის შემდეგ
2021 წლის 25 მაისის პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავაზე Webcor and GML v. Liberville and Gabon გააუქმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რადგან სასამართლოს აზრით, ქრთამის აღება/მიცემის აკრძალვა სახელმწიფო მოხელეებისათვის ისეთი პრინციპია, რომლის დარღვევისათვის ფრანგული სამართლის სისტემა ტოლერანტული ვერ იქნება.[xix]
2022 წლის 5 აპრილის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავაზე Gabon v. Santullo Sericom უკვე გამოყენებულია „ბელოკონის სტანდარტი“. აღნიშნული დავაც მოიცავდა კორუფციის საკითხებს. აღნიშნულ შემთხვევაში, ტრიბუნალმა სწორად გამოიყენა Red Flag ტესტი, თუმცა, რიგი გარემოებები გამოიკვეთა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. პარიზის სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საერთაშორისო საჯარო წესრიგი დაირღვა „დამახასიათებელი ფორმით, საკმარისად „სერიოზული, ზუსტი და ურთიერთდამაკავშირებელი“ ნიშნების ერთობლიობაზე დაყრდნობით, მათ შორის იმ ნიშნებზე, რომლებიც გამოვლინდა საარბიტრაჟო პროცესის დასრულების შემდეგაც.“[xx]
2022 წლის 7 სექტემბერს Sorelec-ის დავაზე საკასაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ სააპელაციო სასამართლო სწორად მოიქცა, როდესაც კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები შეამოწმა, მიუხედავად იმისა, რომ კორუფციის საკითხები საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე წარდგენილი საერთოდ არ ყოფილა. სასამართლომ სწორედ ასეთი ფორმულირებით დაადგინა: „მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ასეთი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე“.[xxi]
VI. გავლენა
ფრანგულმა სასამართლოებმა ბელოკონის გადაწყვეტილებით დაადასტურეს მზაობა, საფუძვლიანად გადახედონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შესაბამისობას საერთაშორისო საჯარო წესრიგთან მიმართებით, როდესაც დავა ეხება კორუფციის და ფულის გათეთრების საკითხებს, რაც მოიცავს არბიტრების წინაშე წარდგენილი საქმის მასალების სრულად გადახედვას, ასევე, ახალი მტკიცებულების დაშვებას. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კონკრეტულად, ფულის გათეთრება საერთაშორისო საჯარო წესრიგის ნაწილია სხვა პრინციპების მსგავსად.
მიდგომის ცვლილება გარკვეულწილად დადებითია, რადგან ინვესტორი, რომელიც უპირატესობას იღებს უკანონო გზით არ უნდა იქნეს წახალისებული და არ უნდა სარგებლობდეს დამატებითი დაცვის ან კომპენსაციის უფლებით. თუმცა, პარალელურად, საფრანგეთის სასამართლოების ახალი პრაქტიკა აჩენს რამდენიმე მნიშვნელოვან არც თუ ისე მკაფიო საკითხს.
პირველი — საჯარო წესრიგის დარღვევის საკითხის დასაშვებობა გადაწყვეტილების გაუქმების ეტაპზე, შესაძლოა, ტრიბუნალებს უბიძგებდეს საკუთარი ინიციატივით sua sponte გამოიკვლიონ კორუფციის ან მსგავსი დარღვევების საკითხები, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ე.წ. „Red Flag“ — გარემოებები, რომლებიც იწვევს გონივრულ ეჭვს. ეს ტენდენცია უკვე შეინიშნება როგორც პრაქტიკაში, ისე თეორიაში და შესაძლოა, გააძლიეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებადობა.
მეორე — საფრანგეთი, ტრადიციულად, არბიტრაჟის ხელშემწყობი იურისდიქცია არის, სადაც სასამართლოს კონტროლი მინიმალურია. ბელოკონის გაადწყვეტილების შემდეგ კი ბუნდოვანი გახდა სად გადის ზღვარი სასამართლოს კონტროლსა და de novo გადასინჯვას შორის. მიუხედავად საკასაციო სასამართლოს განმარტებისა, რომ ფაქტების ხელახალი შეფასება არ მომხდარა, არსებობს აზრი, რომ სააპელაციო სასამართლომ გადააჭარბა თავის მანდატს. განსაკუთრებით საყურადღებოა ისიც, რომ სასამართლო თავს არ იზღუდავს არბიტრაჟში წარდგენილი მტკიცებულებებით, რაც პრაქტიკულად შეიძლება ნიშნავდეს არსებითი გარემოებების ხელახალ გადახედვას. შესაბამისად, იზრდება რისკი, რომ საჯარო წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებები სტრატეგიულად გადაიდოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების ეტაპისთვის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დააზიანებს არბიტრაჟის მიმზიდველობას და საფრანგეთის, როგორც არბიტრაჟისადმი მეგობრული იურისდიქციის, რეპუტაციას.
მესამე — მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტი შეიცვალა „აშკარა, რელური და კონკრეტულიდან” „სერიოზული, ზუსტი და თანმიმდევრულამდე“, ბუნდოვანია, რომელი არაპირდაპირი მტკიცებულებები შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად ბრალეულობის დასადგენად და რას გულისხმობს აღნიშნულის დამდგენი „დამახასიათებელი წესი“.
VII. დასკვნა
ბელოკონის დავა წარმოადგენს ფრანგული სასამართლოების სამართლებრივი ხედვის ცვლილებას, სულ მცირე, იმ დავებთან მიმართებით, რომელიც კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან არის დაკავშირებული. ასეთი მიდგომა ცხადყოფს სასამართლოს სურვილს და მზაობას, შეებრძოლოს კორუფციას და ფულის გათეთრებას, თუნდაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვა მოიცავდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების მატრიქსში სიღრმისეულ კვლევას.
პრაქტიკოსებისთვის, მხარეებისათვის, განსაკუთრებით კი არბიტრებისათვის, გზავნილი ნათელია — საერთაშორისო საჯარო წესრიგი აღარ არის პასიური და სტატიკური სტანდარტი — არამედ, დინამიური და აღსრულებადი პრინციპი, რომელიც გამოსაყენებელია საარბიტრაჟო პროცესის ერთიანობის განხილვისას.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ არბიტრებისათვის აღნიშნული ცვლილება საკმაოდ ყურადსაღები უნდა იყოს, რადგან მორალურობის ის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი საერთაშორიო არბიტრაჟში, რომელსაც არბიტრაჟის მომხმარებლები და, ზოგადად, ადამიანები უსაფუძვლოდ და ამორალურად მიიჩნევენ არის იმის დაშვება, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალი შესაძლებლობას ქმნის კორუმპირებულმა მხარემ მიიღოს სარგებელი საკუთარი კორუფციული ქმედების შედეგად. ანტი-კორუფციული საქმიანობა არის იმ სფეროს მაგალითი, რომელშიც საერთაშორისო არბიტრაჟი ლიდერი არის და უნდა იყოს. განხილული სასამართლო კონტროლი კი, შეიძლება ამჟამად ბუნდოვანებას ქმნის, თუმცა, საბოლოო ჯამში, საარბიტრაჟო პროცესის მთლიანობის, ლეგიტიმურობისა და არბიტრაჟის, როგორც დავის გადაწყვეტის ინსტიტუტის, სანდოობისთვის დადებითად გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.
ავტორი: ნინო გაფრინდაშვილი
[i] პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება No. 2002/19606.
[ii] საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს (პირველი სამოქალაქო პალატა) 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება No. 10-17.076.
[iii] ვალერი ბელოკონი ყირგიზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (UNCITRAL), 2014 წლის 24 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება No. AA518.
[iv] იქვე.
[v] პარიზის სააპელაციო სასამართლოს (პირველი დეპარტამენტი – პირველი პალატა) 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება No. 15/01650.
[vi] იქვე. გვ. 16.
[vii] იქვე. გვ. 8-9.
[viii] იქვე, გვ 8.
[ix] იქვე. გვ. 10.
[x] იქვე. გვ. 11.
[xi] იქვე. გვ. 11-12.
[xii] იქვე. გვ. 15.
[xiii] საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს (პირველი სამოქალაქო პალატა) 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება No. 17-17.981, ¶ 5.
[xiv] იქვე. ¶ 9.
[xv] იქვე. ¶ 10.
[xvi] პარიზის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება No. 2002/19606.
[xvii] საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება No. 06-15.320.
[xviii] საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს (პირველი სამოქალაქო პალატა) 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება No. 10-17.076, გვ. 2.
[xix] პარიზის სააპელაციო სასამართლოს (მეხუთე დეპარტამენტი – მეთექვსმეტე პალატა) 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება No. 18/18708, ¶50.
[xx] პარიზის სააპელაციო სასამართლოს (მეხუთე დეპარტამენტი – მეთექვსმეტე პალატა) 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება No. 20/03242, ¶79.
[xxi] საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს (პირველი სამოქალაქო პალატა) 2022 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება No. 20-22.119, ¶12-13.